მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ სურს, დარჩეს არა უბრალოდ პოლიტიკაში, არამედ იმუშაოს პოლიტიკური ცნობიერებისა და განათლების სტანდარტების ამაღლებაზე. ამას გარდა, სააკაშვილი ყვარლის სახლში გეგმავს მეღვინეობის ცენტრის გახსნას. ეს არის ის, რასაც სააკაშვილი ოფიციალურად ამბობს, მაგრამ რას აპირებს სინამდვილეში?
როგორც "ალიას" ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, სააკაშვილი ნოემბრის ბოლოს საქართველოს დატოვებას გეგმავს და ამერიკაში აპირებს გაქცევას. წყარო აცხადებს: "სააკაშვილი ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ის ხელშეუხებელი დარჩებოდა, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მას საფრთხეს უქმნის. არ იცის, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, რა პოლიტიკური ნება გაჩნდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე. ბიძინა ივანიშვილი პირად გარემოცვასთან საუბრობს, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღადგენს. ამას კი 27 ოქტომბრის შემდგომ უნდა ველოდოთ. ამიტომ სააკაშვილმა ქვეყნიდან გაქცევის გეგმა შეიმუშავა. მისი ქვეყნიდან გასვლის მიზეზი კი ვილნიუსის სამიტი იქნება, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ისევ სააკაშვილი ჩავა". - ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება. ამ დროს კი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება. თუ რატომ, ამას "ალიასთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს. "საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდგომ, რომელიც კენჭისყრით დასრულდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 დღის განმავლობაში მოამზადებს და გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ოქმს, სადაც დასახელდება გამარჯვებული კანდიდატი. გამარჯვებული პიროვნება ოქმის გამოქვეყნებიდან მესამე კვირა დღეს საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს, რომლის ტექსტიც პირდაპირ არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში. ფიცის დადების მომენტიდან მოქმედ პრეზიდენტს, ანუ ბატონ მიხეილ სააკაშვილს უწყდება უფლებამოსილება, ხოლო ახალი პრეზიდენტი მისი ოჯახით შედის პრეზიდენტის სასახლეში. რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20-დღიან ვადას, ბუნებრივია, მას შეუძლია 20 დღეზე ადრე ვადაში გამოაქვეყნოს ოქმი, თუმცა ამას პროცედურები უნდა. არჩევნების შემდგომ უნდა ჩატარდეს კომისიის სხდომა, ყველა უბნიდან უნდა იქნეს მიღებული დამტკიცებული შედეგები, რაც დროს მოითხოვს. ამიტომ არის 20 დღე საჭირო, თუმცა ზუსტად რამდენ დღეში მოხდება, არ ვიცით". - აცხადებს დემეტრაშვილი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს თავად წარდგეს ვილნიუსის სამიტზე, უნდა ველოდოთ, რომ "ნაციონალები" კონკრეტულ უბნებზე შედეგებს გაასაჩივრებენ, რაც თავისთავად დროს წაიღებს, ამით კი მხოლოდ სააკაშვილი დარჩება მოგებული. მოკლედ, უხეში გათვლებით, ცესკომ ერთი კვირაც რომ მოანდომოს საარჩევნო შედეგების გამოცხადებას, პლუს ამას სამი კვირა ინაუგურაციამდე, 28 ნოემბერს მაინც სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი და მას მოუწევს ჩასვლა ვილნიუსის სამიტზე. წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამიტზე წარმოსათქმელ ტექსტს უკვე ამზადებს.
ის, რომ სააკაშვილს გაქცევის გეგმა ჰქონდა, ამას მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე "ალიასთან" ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდა.
"ალიას" პეტრე მამრაძე ესაუბრება:
- როგორც წყარომ გვითხრა, ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის სტატუსით ისევ მიხეილ სააკაშვილს უწევს წასვლა, საიდანაც ის შეერთებულ შტატებში გადასვლას და იქ დარჩენას აპირებსო. გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- მე ეს ერთი თვის წინ ვიცოდი, მაგრამ ერთი ინფორმაცია ნამდვილად მაქვს, რაც ამყარებს თქვენს და ჩემს ინფორმაციას. თუ გახსოვთ, სააკაშვილმა როდესაც 27 ოქტომბერს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, შემდგომ შეცვალა და გადაიტანა 30 ოქტომბრისთვის. ამის შემდგომ მოხდა სერიოზული გამოხმაურება ამ თემაზე და ისევ გადაიტანა 27 ოქტომბერს. მაშინ უთხრეს სააკაშვილს, რომ ვილნიუსის სამიტზე მაინც ესწრება შენი ჩასვლა, ამიტომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა 30 ოქტომბერი იქნება თუ 27-იო. თუ გახსოვთ, მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვამბობდი, სააკაშვილი ამუშავებს გაქცევის გეგმას და თუ დაპატიმრების საფრთხე იგრძნო, რაიმე მიზეზით აუცილებლად გავა ქვეყნიდან-მეთქი. როგორც ჩანს, მიუვიდა ხმები, რომ სავსეა პროკურატურა მისი დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებულებებით, მხოლოდ ბრალდებებით კი არა. ამიტომ ის აუცილებლად ეცდება, რომ ქვეყნიდან გავიდეს. მისი ფსიქიკის ადამიანისთვის, შეუძლებელია იმის ატანა, რომ მოსალოდნელ საფრთხეებს ადგილზე დახვდეს. მომდის ხმები და ისედაც დარწმუნებული ვარ, რომ, თუკი სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე წავა, იქიდან თბილისში არ დაბრუნდება. იქიდან დააკვირდება მოვლენებს და თუ ექნება გარანტიები, რომ არ დააპატიმრებენ, მაშინ შეიძლება ჩამოვიდეს და გააკეთოს ის საქმე, რაც დააანონსა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა იმ პარტიებმა, ვინც ივანიშვილის გარეშე ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ და რომლებიც აშკარად ერიდებიან სააკაშვილისა და მისი გუნდის დანაშაულებრივი ქმედებების შეფასებას, დაიწყონ კამპანია, რომ არ შეიძლება სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან დასავლეთი განაწყენდება, მათ გარეშე კი ძალიან გაგვიჭირდება.
- სააკაშვილი სამიტისთვის ტექსტს უკვე ამზადებს თურმე.
- სააკაშვილის ფსიქიკიდან და მისი განდიდების მანიიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ რომ გამოვიდეს პრეზიდენტის სტატუსით სადმე, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სააკაშვილს ვილნიუსის სამიტი ძალიან სჭირდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ წარდგეს.
- რატომ აირჩია სააკაშვილმა შეერთებული შტატები? როგორც მითხრეს, აშშ-ში მაღალი რანგის პირები მას აღარც კი ახსენებენ და არც საინფორმაციო გამოშვებები და ბეჭდური პრესა აქცევს ყურადღებას. მხოლოდ რიგით კონგრესმენებს ახსოვთ ის.
- იცით, რა? სააკაშვილს აქვს წასასვლელი იგივე ამერიკაში. თქვენ თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯორჯ ბუში უკვე მიდიოდა პოსტიდან, კონდოლიზა რაისმა თქვა, ჯორჯ ბუში შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, სადაც სააკაშვილს მოვიწვევთ და წაიკითხავს ლექციებსო. ამას გარდა, არიან ცალკეული სენატორები, რომლებზეც თვითონ ამერიკელი პოლიტოლოგები წერენ, რომ ყველა ლიდერს დაუჭერენ მხარს, არ აქვს მნიშვნელობა რა დარღვევები ექნებათ, ოღონდაც რუსეთთან ბრძოლაში მოკავშირეები იყვნენ ამერიკისო. ამას წერენ მაკკეინზეც. გარდა ამისა, ამ რიგით კონგრესმენებს მოჭრილი აქვთ გზა, რადგან წლების განმავლობაში სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა კი რა უნდა თქვან? რომ პირსისხლიანი რეჟიმის დამცველები იყვნენ? ეს მათ სახელს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. ამიტომ ურჩევნიათ, ეს ხაზი გააგრძელონ. ასეთი კონტაქტები სააკაშვილს ნამდვილად აქვს.
- თქვენ რამდენიმე ათეული წელია იცნობთ სააკაშვილს. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა მდგომარეობაში ჩავარდება, თუკი მას ბრალს წაუყენებენ?
- წარმოდგენილი როგორ არ მაქვს. ახლოს ვიცნობ ამ ადამიანს. ის არის ფსიქოპატი, რომელმაც გორში, მიწაზე ხოხვითა და ჰალსტუხის ღეჭვით დაამტკიცა ეს. ნამდვილად წარმომიდგენია, მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ ბრალწაყენებული, არამედ ციხეშიც. მისი ადგილი სწორედ ვირის აბანოშია. ეს არის იმ ფსიქიკის ადამიანი, რომელიც მაშინვე გატყდება. მას არ გააჩნია მოთმინების უნარი და ნებისყოფა. ამ დროს შეიძლება ისეთი რაღაცები გაიხსენოს და მოყვეს, რომ ეს ტომებს ეყოფა. იმდენი საქმე დაგროვდა პროკურატურაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე ჯებირი აღუდგეს დოკუმენტურად დასაბუთებულ სააკაშვილის დანაშაულებს. ამიტომაც შეიმუშავა გაქცევის გეგმა, თუ გამოუვიდა.
შორენა გოგოლაძე