როგორ გაეხვია კახი კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მახეში და სად დაიბარა სააკაშვილი "რაზბორკაზე"

როგორ გაეხვია კახი კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მახეში და სად დაიბარა სააკაშვილი "რაზბორკაზე"

"28 ოქტომბერი ჩემთვისაც უჩვეულოდ გათენდება, შეიძლება წამივიდეს ხმა და მიშას ხმაზე ვეღარ ვილაპარაკო", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი. მისი თქმით, ის მიშას არა მხოლოდ საუბარში ბაძავს, არამედ მის ხმაზე საუბრისას მასავით აზროვნებს.

- ქართლოს, მალე არჩევნები მოდის და მიშა მიდის, უსამსახუროდ დარჩენა გემუქრება, პრეზიდენტის პაროდისტი აღარ გერქმევა…

- სამსახურის გარეშე დარჩენაზე არც არასდროს მიფიქრია, სამსახურზე რომ მეფიქრა, უფრო ადრე გამოვჩნდებოდი. ახლაც შემთხვევით გამოვჩნდი, სოციალურ ქსელში ძმაკაცმა ჩემს დაუკითხავად დადო ჩემი პაროდია და ასე მიპოვეს. ასე რომ, თუ მიშას ხმას გამოვიყენებდი სამსახურებრივი დატვირთვისთვის, გამოვჩნდებოდი 2006 წელს, ან 2013 წლის თებერვალში.

-როდესმე გააკეთებ სხვის პაროდიას?

- გამორიცხე, მიმსგავსება რომ გააკეთო, გულიდან უნდა მოდიოდეს. მიშა რომ დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყოს, მაინც ამ ადამიანის პაროდიას გავაკეთებდი. 28 ოქტომბერი ჩემთვისაც უჩვეულოდ გათენდება, შეიძლება წამივიდეს ხმა და მიშას ხმაზე ვეღარ ვილაპარაკო, არ ვიცი (იცინის).

- მიშას გამო, ხმას მისცემ არჩევნებში "ნაციონალებს"?

- არც 2004 წლის 4 იანვარს, როცა სააკაშვილი მოვიდა პრეზიდენტად, არც 2008 წლის 5 იანვარს, არც 2008 წლის 21 მაისს და არც 2012 წლის პირველ ოქტომბერს – არცერთ არჩევნებზე არ ვყოფილვარ. ზოგადად არჩევნებზე არ დავდივარ.

-პირველად მიშას როდის გააჯავრე, რა დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ?

- პირველად 2005 წელს გავაჯავრე. უარყოფითი დამოკიდებულება რომ მქონდეს, ვერ მივუდგებოდი. არც დავაკვირდებოდი. პაროდია არის, როდესაც ხმას ამსგავსებ, მაგრამ როდესაც პაროდიის დროს მისნაირად აზროვნებ, ეს სულ სხვა რაღაცაა.

- გახმაურდა კიდეც ს ამბავი, რომ ანაკლიაში შეხვდი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საიდანაც მისი თხოვნით, მინისტრებიც გააბით ხაფანგში.

- კი, რამდენიმე მინისტრს და გენერალურ პროკურორს დავურეკე. საინტერესო იყო კახი კალაძის რეაქცია, ბოლომდე მედგრად მელაპარაკებოდა, სხვებისგან განსხვავებით. შეხვედრაც კი დამითქვა. ყველას ძალიან ჯიგრულად დავურეკე და დაიჯერეს. კახი პოლემიკაში შემოვიდა. ვიპაექრეთ კიდეც, ბოლომდე შემოვიდა პოლემიკაში, შეხვედრა დავუთქვი კიდეც და მიპასუხა მზად ვარ მიშა, სად შეგხვდეო. ენერგეტიკაზე ვესაუბრე, ვუთხარი, ბოლო დროს ურთიერთობა გაგვიფუჭდა და ხომ იცი, ეს რისი ბრალია-მეთქი - ზურაბ ნოღაიდელთან რომ დაიჭირე ურთიერთობა-თქო. ვუთხარი ახლა შუღლის დრო არ არის, კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ-თქო. არა მიშა, რომელ კონსტრუქციულ ურთიერთობაზეა საუბარი, რა ხდებაო, ხომ იცი, რომ შენ უნდა წახვიდეო. მერე რომ გაიგო, რომ მე ვიყავი, ბევრი იცინა.

- რა ვითარებაში გთხოვა ღარიბაშვილმა მინისტრებთან დარეკვა?

- მოულოდნელად გავიცანი ანაკლიაში და საპრეზიდენტო ზარები სწორედ ანაკლიიდან განვახორციელე.

- საუბრის დასაწყისში მითხარი, რომ მიშას არა მხოლოდ საუბარში ბაძავ, არამედ გრძნობ კიდეც. რას ნიშნავს, შეგიძლია ამიხსნა?

- კი, დამისვი რაიმე კრიტიკული კითხვა და ისეთ ბურუსში გაგახვევ…

- კი, ბატონო. "ბატონო პრეზიდენტო, არაერთხელ გითქვამთ, რომ კრიმინალები ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ! თქვენმა ამ პოლიტიკამ და იმ კადრებმა, რაც გავრცელდა გასული წლის სექტემბერში, გამოიწვია ის, რომ თქვენ ხართ ოპოზიციაში, არ ნანობთ ამ ნაბიჯებს და ამდენი ხალხის გამწარებას"?

- მე გეტყვით ახლა, საზოგადოების გაზრდა ხდება რთულ პერიოდში, 90-იანების ბოლოს იყო წყვეტა, რაღაცნაირად გავწყდით, იმიტომ რომ, აზრის გამოთქმის არანაირი საშუალება არ იყო, იმიტომ რომ, შევარდნაძე იყო გამოკეტილი კაბინეტში და მხოლოდ და მხოლოდ დაკავებული იყო იმის დათვლით, რამდენი ბუზი შეფრინდებოდა მის კაბინეტში, შევარდნაძეს ჭირივით ეზიზღებოდა გარეთ გახედვაც კი. ამ ეპოქიდან ჩვენ წამოვედით, - ბევრი რაღაცები გაკეთდა ბევრი რაღაცები ვერ მოვასწარით. რაც შეეხება ციხეს, ძალიან ბევრი რთული რეფორმები გავიარეთ ციხეში. ციხე ისეთი რეფორმაა, რომ ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება კრიტიკა. თუმცა მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა არის ლაზიკის პორტის შეჩერება. ამის გაჩერება ნიშნავს, რომ პირდაპირ ჩვენივე ხელით აპარატს ვთიშავთ, შეერთებული ვართ აპარატზე და ექიმს ვეუბნებით – მე კარგად ვარ. პრემიერი გამოდის და ამბობს, ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს. ანაკლია და ლაზიკა არის ერთი და იგივე ადგილას. იმიტომ ამბობს ანაკლიას, რომ ლაზიკა ვთქვი მე, მე რომ მეთქვა ანაკლიის პორტს ავაშენებ-თქო, პრემიერი იტყოდა, უნდა გავაკეთოთ ლაზიკაო. ესაა – ჯიბრაობით იღუპება ხალხი, მე ნუ მეჯიბრებით და იძახით სააკაშვილის ხუშტურებიო. ხუშტურა შეიძლება იყოს პირად ინტერესებზე დაფუძნებული, ხო? ეს არის ქვეყნის ინტერესები. ჭაობში იყო წლების წინ ანაკლია და ზოგადად საერთოდ არ არსებობდა ეს რეგიონი. დღეს რომ ჩახვიდეთ, ძაღლიც მოწყენილია. ანაკლია აღარ კეთდება, ლამპიონები ქრება. მე მინდა აქედან მოვუწოდო კახისაც, რომ თითოეული ჩამქრალი "ლამპოჩკა" არის თითოეული წყლული ჩვენს ორგანიზმში. მე მოვითხოვ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, 20 დღეღა დამრჩა, ვთხოვ მიხედოს ყველა იმ რეგიონს, სადაც ქრება შუქი, იმიტომ რომ სიკვდილი რა არის, ახლავე გეტყვით, რა იყო შევარდნაძის დროს. რუსეთი გვეძახოდა. ახლა ევროპისკენ რომ მივდივართ, ევროპა არის განათებული ტრასა. შევარდნაძის დროს იყო სიბნელე, ჩიხში იყო საქართველო შესული. ახლა რუსეთს არ აწყობს საქართველო გავიდეს ტრასაზე. გვეუბნება, მოდი ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებები და აგერ ჩიხში მოვილაპარაკოთ ჩვენთვისო. ჩიხში რუსეთი ყოველთვის დაგაჩმორებს, ტალახში ჩაგაყოფინებს თავს. სინათლე გვექაჩება და ეს მთავრობა სიბნელისკენ მიდის. მე მინდა, რომ სინათლისკენ სვლაში შევუწყო ხელი. გაქვთ კიდევ კითხვები?

- მართლა დამავიწყდა, რა გკითხეთ "ბატონო პრეზიდენტო".

- ხომ გითხარი, ეგრევე ჩაგითრევ. ახლა რომ იჯდეს და ციხის კადრებზე რომ იფიქროს მიშამ, ეგრევე გაგახვევს (იცინის) ეს არის პაროდია? შენ როგორ ფიქრობ?

- არა, ეს აშკარად უფრო მეტია, მეგონა სააკაშვილთან ვიჯექი ინტერვიუზე.

- როცა პრეზიდენტზე ვსაუბრობ, პასუხისმგებლობა მე მეკისრება.

თამაზ გიორგაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა