რა ხდება მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის კულუარებში?

რა ხდება მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის კულუარებში?

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი რეგიონებში საარჩევნო ტურნეს განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ აჭარაში იმყოფებოდა თავის გულშემატკივრებთან ერთად. კი, ბატონო, ეს ბუნებრივი პროცესია, საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნოდ მაინც უნდა იაროს რეგიონებში (ვინ იცის, კიდევ როდის მოუწევს მივარდნილ სოფლებში ჩასვლა და დაპირებების გაცემა), მაგრამ, როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ამის წარმოჩენა სურს ზოგიერთს:

"არმაზ ახვლედიანს ველაპარაკე და შტაბებში არსებულ პრობლემებზე ვუთხარი, გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ შიდა სამზარეულო ძალიან არის არეული და უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი იზრდება-მეთქი. მესმის, რასაც მეუბნები, აუცილებლად მივხედავო. ხულოში დაგვხვდა ცუდი მდგომარეობა, შტაბში პროვოკატორები კარგად მუშაობენ... სუფრა დაგვახვედრეს და ეგონათ, მათთან სიტუაციის გარკვევას არ მოვინდომებდით, მაგრამ ერთი "ბაკალი" შამპანურის შემდეგ, მურმანმა, მე საქმისთვის მოვედიო და უნდა ვისაუბროთო... ასე აღმოვაჩინეთ იქ არსებული პრობლემები. თუ მოინდომებს ყველა რეგიონის და ქალაქის კოორდინატორი, ყველა მოაგვარებს საქმეს. ხულოში შტაბის უფროსს გული მოსვლია ვიღაცებზე, უფროსობა რატომ არ მომილოცეთო? მე ვუთხარი: უკაცრავად, მაგრამ რისი უფროსი ხარ და რა თანამდებობა გიკავია, საიდან ასეთი ამბიცია-მეთქი? აებლუკა ენა... ერთი თვე ნდობა გამოგიცხადეს, მილოცვების მისაღებად არ უნდა გეცალოს-მეთქი. სერიოზულ კამათში მოვხვდი, განაწყენებული ხალხი ბოლო ხმაზე ურჩევდა საქმეს... თან ხულოელები ისეთი ხალხია, მტრისას!"

ისე, რა წესია, ამის დედა ვატირე, ადამიანი შტაბის უფროსად დანიშნეს და არ უნდა მიულოცოთ? იცით, თქვენ, რას ნიშნავს დღეს შტაბის უფროსობა? თუ არ იცით, მე გეტყვით: ესე იგი, თუ ტუზი დაგეცა და ზემოდან გითხრეს, უფროსი ხარო, მორჩა, შეგიძლია თავისუფლად დაასაქმო შენი ნათესავ-მეგობრები, ცოლეურები, სიდედრის ახლობლები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, შენ თავისუფლად მიხედო საკუთარ თავს... შეგიძლია, არ დაარიგო ხელფასები, იარო რესტორნებში... მოკლედ, რა მთავარია, თბილისიდან უნდა ჩაიყვანო "ცნობილი სახეები", და აბლატაო, ადგილობრივების დაკიდება შეიძლება:

"ცუდი ფორმით მიმდინარეობს გიორგის შეხვედრები. ბიძინას ფაქტორი რომ არა, ალბათ, არც გაჩერდებოდა ხალხი. ნათია გოგოჭური (მსახიობ ზაზა კოლელიშვილის ცოლი. - გ.ზ.) გამოდის და მსახიობების ჩამოთვლას იწყებს, ვინც მასთან ერთად არიან. ხალხი იმას კითხულობდა, ეს ქალი ვინ არისო, არათუ ის გამოცხადებულები იცოდნენ, ვინ იყვნენ... ასეთ რეგიონებში რომ მიდიხარ, იქაური ადამიანი უნდა გამოიყვანო და ათქმევინო სიტყვა. ავთო ბერიძეს (აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. - გ.ზ.) არ უშვებდნენ გიორგისთან ერთად ტრიბუნაზე და ზაზა კოლელიშვილი კიდევ იქ იდგა. ვინ ხართო? - ჰკითხა ნათია გოგოჭურმა. ავთომ უპასუხა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარო. უი, არ ვიცოდით, მობრძანდითო".

ჰა, ჰა, ჰა... ნათია გოგოჭურმა ვერ იცნო ავთო ბერიძე, აჭარის სიამაყე და "ვიპ-პერსონა"! ხალხო, ჯერ ერთმანეთი გაიცანით და რაიონებში მერე იარეთ, სირცხვილია! ვერ გავიგე, რას დაგყავთ ეს მსახიობები, რეჟისორები და კულტურის მოღვაწეები, თუკი ვერავინ სცნობთ? სავაშ ბალდარი დაიქირავეთ, თქვე ოხრებო, ხულოში მაგ კაცზე აბოდებენ...

ზაზა კოლელიშვილს რომ ჰკითხო, პოლიტიკაში არასოდეს ერევა... როცა ჟურნალისტები ურეკავენ, გაფშიკავს ხოლმე ფეხებს, მარტო კინოზე მელაპარაკეთო. რა უნდა ახლა მაგას "მარგველას" სცენაზე?! აჭარის მეორე სიამაყეს, მურმან დუმბაძეს უთქვამს, მე არც სცენაზე ავალ და არც სიტყვით გამოვალ, აქ სიტუაციას გოგოჭური განაგებს, ჩემს ნათქვამს რა ფასი ექნებაო? აი, რას ამბობს "ალიას" ინკოგნიტო წყარო, რომელიც თავად მონაწილეობდა ამ შეხვედრებში:

"რაღაც ვერ აწყობს შალვა რამიშვილი მის შეხვედრებს, როგორც საჭიროა. ვერ ითვალისწინებს, რომ რეგიონში სხვაგვარად უნდა წარიმართოს. არადა, გავგიჟდი, სადაც შევდიოდით, მურმანისკენ გამორბოდა ხალხი, ესალმებოდნენ და ესიყვარულებოდნენ, მერე მიდიოდნენ გიორგისკენ. ამიტომ იყო საჭირო ამ ხალხის გამოყენება. აი, შუახევში იცი, რა გვითხრეს? "ოცნების" და "ნაცების" შტაბებს ვერ განასხვავებო... შეხვედრასაც ეტყობოდა, იქ რა მდგომარეობაა და ეს თვითონ არმაზმაც დაინახა... არმაზი არაფრის შეცვლას არ აპირებს, როგორც ვატყობ, რადგან ეს პრობლემები, კარგა ხანია იცის. არ ცვლის და თვითონ მურმანი შეცვლის, რადგან ბიძინას წარმომადგენელია. მე ხომ ვუთხარი და გავაფრთხილე? ახლა მურმანი მიხედავს. ქობულეთში შეცვლის ახალი შტაბის უფროსს, როგორც გავიგე, ბათუმსაც მოუწევს. ანუ ამას აქვს მაგისი უფლება, როგორც რეგიონის მთავარ კორდინატორს და ვერც საყვედურს ეტყვის არმაზი".

არმაზმა იცის, არმაზი ფიქრობს, არმაზს დააცადეთ... თუმცა არაფერს არ აკეთებს, თუ არმაზი არ გააკეთებს, მაშინ მურმანი მიხედავს საქმეს. ვაი, ჩვენს პატრონს! სანამ ახლა მურმანი მიხედავს "ნაციონალებით" გადატენილ შტაბებს, ვირი ხეზე ავა...

"მიშას დიდი ძალაუფლება ჰქონდა არჩევნებამდე და ყველგან რომ თავისი ხალხი შეაგზავნა, ეს ფაქტია. წაგების მერე ეს ხალხი გაიყურსა და არ გაშიფრულა, შედეგად დღეს ყველა დონეზე უამრავი შემოგზავნილია... ეს ხალხი ერთი მხრივ "ოცნებას" სახელს უტეხავს და მეორე მხრივ - აქტიურად იბლოკებიან "ოცნების" მხარდამჭერები. ჰო, ზურაბ ცინცქილაძეზე გეტყვი კიდევ: ეს მსახიობი კაცი, საპარლამენტო არჩევნებამდე, მიშას გულითადი მხარდამჭერი იყო. ახლა ვითომ "ოცნების" გვერდით დგას, სინამდვილეში კი ჩვენებს ებრძვის, ანუ რევოლუციონერობა უნდა აჭარაში. ახლა იჩემებს აქაურობას... ვფიქრობთ, ეს სცენარიც მაგის დადგმულია, მსახიობებით და წამყვანი გოგოჭურით. ცუდად უყურებდა ჩვენებს. საერთოდ, როცა მაღალმთიან რაიონებში მიდის პრეზიდენტობის კანდიდატი, იქაური თემის უფროსს უნდა ჰქონდეს გამოსვლის საშუალება, ვისაც ავტორიტეტი აქვს იქ და ხალხი ვისაც მოუსმენს. ხულოში კი ჰყავდათ ხალხი, მაგრამ გაფანტულები იყვნენ და რიცხობრივად არ ჩანდნენ, რადგან მშრალად მიდის შეხვედრები".

გაიგონეთ? მშრალად მიდის შეხვედრებიო, მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს რევოლუციონერობა მოუნდაო, თავის კოლეგები ჩამოჰყავს და ხულოელები მხრებს იჩეჩავენ, ესენი ვინ არიანო? მოკლედ, იმნაირი ვარიანტია, "ნაცისტებს" რომ აწყობთ...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა