გოგა ხაჩიძე: "სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში დავბრუნდებით!"

გოგა ხაჩიძე: "სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში დავბრუნდებით!"

"ქართული ოცნების" ერთწლიან მმართველობას კატასტროფულს უწოდებს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ერთიან პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან. რას ელოდება კოჰაბიტაციის დასრულების შემთხვევაში და რატომ არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის მიერ განვითარებული სამოქალაქო სექტორის, "ვერსიას" გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ესაუბრა.

- ქვეყანაში ყველა მიმართულებით კატასტროფულად ცუდი მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად თუ სოციალურად, სრულ სტაგნაციაში ვიმყოფებით. ამ ერთი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად ყველა შეცდომის დაშვება მოასწრო, რასაც ჩვენ ცხრა წელი მოვანდომეთ. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად განადგურება ვერ მოახერხა, რაც მხოლოდ პარტიის დამსახურება არ არის – ეს ქართული დემოკრატიის მიღწევაა.

- გამოდის, აღიარებთ, რომ კოალიციის მმართველობის პირობებში, ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება, რაც ცხრა წლის განმავლობაში თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით, 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ?

- არა, დავაზუსტებ - ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა მხოლოდ ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რადგან მოქალაქეებს ესმით, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი ყოფნა დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. კლასიკური გაგებით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და უცნაური შუშის სასახლიდან მთავრობის მართვას აპირებს. მას მიაჩნია, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების საშუალებით, რომლებსაც ხან ფულით, ხანაც სხვა მეთოდებით აკონტროლებს, სახელმწიფოს მართვას მარტივად შეძლებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სრულად ვერ აკონტროლებს, "ნაციონალური მოძრაობაა", ამიტომაც ქვეყნის დღევანდელ პირებს ჩვენი პოლიტიკიდან განდევნა სურთ.

- თქვენი ბრალდებები უსაფუძვლოდ ჟღერს, თუ დავით უსუფაშვილის სიტყვებს გავიხსენებთ: "ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანაა". საზოგადოების განწყობის მიუხედავად, მსგავს დამოკიდებულებას პრემიერი ხშირად საჯაროდ აფიქსირებს.

- ეს მხოლოდ სიტყვებია, რეალურად კი, ხელისუფლების მხრიდან საპირისპირო ქმედებებს ვუყურებთ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა თვალსაჩინო იყო - დაკავებებისა და დაჭერების სერიებიც ვნახეთ, ჩემს სახლშიც კი ეძებდნენ რაღაცას, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. ყველაფერს გავუძელით, მათ შორის, თანაგუნდელების ღალატსაც - ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთთან საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. ასე რომ, ქვეყნის მართვაში მონაწილეობას აბსოლუტურად კორექტულად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით მივიღებთ.

- ხელისუფლება დაპირებების შეუსრულებლობის არგუმენტად ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციას ასახელებს, 27 ოქტომბერს კი ამ პროცესის დასრულებას აანონსებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში რა მოლოდინი გაქვთ?

- გასაგებია, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო ლოზუნგად კოჰაბიტაციის დასრულება აირჩია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც კი ხვდებიან, რომ სწორედ კოჰაბიტაციის დამთავრების შემდეგ წავა "ქართული ოცნების" საქმე უფრო და უფრო უარესად. ხელისუფლება კოჰაბიტაციისა და ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი რომ არა, სისულელეების კასკადს ბევრად მასშტაბურად შემოგვთავაზებდა. ჯერჯერობით, კოალიციის ლიდერები სისულელეების მხოლოდ მცირე ნაწილს გვთავაზობენ. მარტივ კითხვას ვსვამ: საპარლამენტო არჩევნების შემდგე, რა პოზიტიური შედეგები გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით, ქვეყანას, რომელიც 8-9%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავდა, 0,0%-იანი მაჩვენებელი აქვს, ბიუჯეტში გარღვევაა, პოლიტიკურად ქვეყანა გახლეჩილია... ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, მან არ იცის, რა მექანიზმებით უნდა მართოს ქვეყანა. უბრალოდ, წლების წინ, მას გაუმართლა და 90-იანი წლების რუსეთში რვა მილიარდის შოვნა კარგად გამოუვიდა. ახლა კი, როცა ქვეყანა კრიზისის ზღვარზეა, ადამიანი, რომლის გამოც ნაციონალები არჩევნებში დავმარცხდით, პოლიტიკიდან მიდის და ხალხიც გაურკვევლობაშია.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოება მისი პირველივე განცხადებიდან ინფორმირებული იყო. რა არის ცუდი იმაში, თუ პრემიერს მესიად ყოფნისა და მასზე დამოკიდებული მთავრობის ყოლის სურვილი არ აქვს, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა?

- ბიძინა ივანიშვილის გამოკლებით, კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც მხოლოდ 5-6% იყო. დღესაც ასეა... საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ფულს ენდო, მაგრამ რა განმარტებაც არ უნდა შემოგვთავაზოს და მისი გადაწყვეტილება როგორც უნდა შეფუთოს, ფაქტია, პრემიერი პასუხისმგებლობას გაურბის. წარმოიდგინეთ, 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილს რომ ეთქვა, ქვეყანას შევარდნაძე ხომ მოვაშორე, ახლა მეც სამოქალაქო სექტორში გადავალ და სანაცვლოდ, კარგ გუნდს გიტოვებთო, უპასუხისმგებლობა არ იქნებდა?! ბიძინა ივანიშვილის გეგმა მარტივი გასაშიფრია, როგორც 90-იანი წლების რუსეთში, პოლიტიკას ოლიგარქები მართავდნენ, ასეთივე პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ საქართველოში ეს მიდგომა არ გამოუვა.

- მისი განმარტებით, პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ პროცესში სამოქალაქო სექტორიდან ჩაერთვება და მთავრობას საზოგადოებასთან ერთად გააკონტროლებს.

- ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო სექტორი რა მექანიზმით უნდა განავითაროს?! მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ყველა მისი შეხვედრა ექსპერტებთან და მედიასთან მხოლოდ სიცილის მომგვრელია. ადამიანს პრობლემა აქვს ყველასთან, ვინც მის აზრებს ცალსახად და პროტესტის გარეშე არ იზიარებს. ასეთი ადამიანი ვის განავითარებს? პრემიერი გარეთ გასვლასა და ხალხთან შეხვედრასაც კი ერიდება. მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ კოლბის სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეძლებს და დიდი არაფერი გამოუვა. იმედი მაქვს, პროცესი დემოკრატიის ფარგლებში გაგრძელდება, მაგრამ ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება. ჩემი პროგნოზით, 2014 დიდი პოლიტიკური ქაოსის წელი იქნება. წარმოიდგინეთ, ეს მთავრობა ბიძინა ივანიშვილთან ერთადაა უკომპასო მდგომარეობაში და მის გარეშე საერთოდ რა იქნება? აბსოლუტური დეზორიენტაცია! კაცმა არ იცის, კოალიციაში ვინ რას მოისურვებს და გააკეთებს. მმართველი გუნდი კომპასის გარეშე დარჩენილ გემს დაემსგავსება, რომელიც გზას ვერც ვარსკვლავების დახმარებით გაიგნებს.

- 19 აპრილს ახალ ეროვნულ მოძრაობაზე საუბრობდით, თუმცა ამ მიმართულებით პოლიტიკურ განცხადებებს აღარ აკეთებთ. რამდენიმე დღის წინ პარტიის ყრილობაზე საზოგადოებას ახალი, გულებიანი დროშა წარუდგინეთ. თქვენს პარტიას თუ აქვს პოლიტიკური გზა ჩამოყალიბებული?

- ნაციონალური მოძრაობა ერთიანი პარტიაა, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან საერთო ღირებულებები აკავშირებს. კარგია, რომ ჩვენგან ბევრი "ოცნებაში" გადახტა ან საერთოდ, უგზოუკვლოდ დაიკარგა. თვითწმენდისა და ფილტრაციის პროცესმა პარტია გააძლიერა. ახლა ახალგაზრდების და ახალი სახეების დროა.

- პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩეული მიხეილ სააკაშვილია ახალი სახე თუ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე?

- ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისა და საქმისთვის საჭიროა. მიხეილ სააკაშვილი დღეს პარტიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასე რომ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის პოლიტიკიდან წავა. პირიქით, მისი ლიდერობით, უახლოეს მომავალში, ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა