ქართველი საარჩევნო ურნასთან დგება და ხმას ნაგავივით იშორებს

ქართველი საარჩევნო ურნასთან დგება და ხმას ნაგავივით იშორებს

რიტორიკაში კი წერია, რომ ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმა, მაგრამ ამჯერად, დასკვნით დავიწყებ - ქართველები ხმას ისე "უპრაგონოდ", ანგარიშმიუცემლად ვიძლევით, როგორც სლავი კალთამადლიანი ქალები იძლევიან! არ მკითხოთ ახლა, რას! - კომბოსტოს! რა ვქნა, სხვა დასკვნამდე ვერ მივედი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ "გადავაანალიზე", "გადმოვაანალიზე"...

13 წლის ვიყავი, საქართველოში პირველად რომ ჩატარდა არჩევნები. მართლა არჩევნები, თორემ არჩევნები საბჭოთა კავშირშიც იყო - თუ იმას არჩევნები ერქვა. საბჭოთა ქვეყანაში ფიქცია იყო საბჭოების არჩევა, ყველა დონეზე. ალბათ სწორედ იქიდან იღებს სათავეს ეს აგდებული დამოკიდებულებაც საკუთარი ხმის მიმართ. იმ 1990 წელს, მახსოვს, როგორ მიაწყდა ხალხი საარჩევნო უბნებს ერთი იმედით - დაემარცხებინათ რაღაც ცუდი და დაეწყოთ ახალი ცხოვრება, თუმცა ნუ ვიტყვით, რომ ყველას სურდა კომუნისტების დამარცხება. როგორც იმ დღიდან თითქმის 20 წლის შემდეგ მიხეილი იტყოდა - ნურას უკაცრავად! იმ არჩევნებზე კომუნისტებმა 44 დეპუტატი გაიყვანეს პროპორციული წესით და 17 დეპუტატი - მაჟორიტარად. ეგეც თქვენი პარადოქსი - ირჩევდნენ იმ პარტიას, იმ სისტემას, იმ საბჭოთა კავშირს, რომელმაც, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ორლესული ნიჩბებით გოგო-ბიჭები აუჩეხა! დიახ, საბჭოთა კავშირს, დიახ, რუსეთს! არ მითხრათ ახლა, დამოუკიდებელი საქართველო უნდოდათ, ოღონდ კომუნისტურიო და, საერთოდ, რა ამოძრავებდა ამომრჩეველს მაშინ? ვინც კომუნისტებს აძლევდა ხმას, ალბათ, პირადი კეთილდღეობა, არსებული, მისთვის კომფორტული მდგომარეობის შენარჩუნება, თბილი სავარძლის გადარჩენა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად იდგა ეს თბილი სავარძელი - რომელიმე რაიკომში, ცეკაში თუ სადმე "ცეხში", სადაც მაყუთი იჭრებოდა და, ალბათ, სიახლის შიშიც ამოძრავებდათ - შეჩვეული ჭირი ერჩიათ ახალს. მაშინ "მრგვალი მაგიდის" პროპორციული სიით 81 დეპუტატი გავიდა, მაჟორიტარულით - 43 და უმრავლესობაც მოიპოვა. რა ამოძრავებდა მაშინ მრგვალების ელექტორატს, მხოლოდ კომუნისტების დამარცხების სურვილი? ახალ ქვეყანაზე, დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნება? მოდი, აქვე ვიტყვი, მაშინ სხვანაირი ოცნება ვიცოდით, სხვა იმედები გვქონდა, დღევანდელ ოლიგარქიულ იმედ-ოცნებებში ნუ აურევთ! ზვიად გამსახურდიას ქარიზმა? ხიბლი, რომელიც უდავოდ ჰქონდა? თუ ფროიდისტული ტენდენციებიც დომინირებდა არჩევნებში, როგორც მერე არაერთხელ ითქვა, ზვიადი ქალებს კაცად მოსწონდათო?! ხომ ლამის ფოლკლორად იქცა - "როიალზეც უკრავს? მაგას ვენაცვალე!"

უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან ხუთ თვეში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძვლეზეც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხალხმა ერთსულოვნად მოითხოვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, სწორედ ეს ერთსულოვნება იყო პარადოქსული. ხუთი თვის წინ ვინც ხმა მისცა კომპარტიას, ახლა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას, რა მოხდა? დავიჯეროთ, ასე ერთბაშად სავლე-პავლე დაემართა ყველას? რანაირად შეეცვალათ პოლიტიკური გემოვნება? აქ ხომ საუბარი არ იყო ნიუანსურ საკითხებზე? კომუნისტებსა და მათ ელექტორატს უნდოდა იმ სისტემის, იმ "დერჟავას" შენარჩუნება და ასე, უცებ, ქვეყნის დამოუკიდებლობა მოუნდათ? მოდი, დავიჯეროთ, რომ გონება გაუნათდათ და ისევ ამ ნათელი გონებით, ორი თვის თავზე, პირველ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, ისევ ერთსულოვნად ხმა მისცეს ზვიად გამსახურდიას. კი, მაგრამ, რა მოხდა 1991 წლის ზაფხულში ასეთი? ისევ რომ შესძულდათ და ქუჩაში გამოცვივდნენ? ზვიადმაც სახლები დაანგრია თაბუკაშვილზე? ზვიადმაც "გარაჟები" დაუნგრია? თუ ქვეყნის დამოუკიდებლობა მოუნდათ, ხომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა, ხომ მიდიოდა ამ გზაზე? ააა, დემოკრატია მოუნდათ ხომ უცებ? რომელი დემოკრატია, რომლისკენაც, აგერ უკვე 20 წელია, მივიწევთ და ვერ მიგვიღწევია? ზვიადს 2 თვეში უნდა მიეღწია? პოლაროიდია მამაძაღლი?! რაიმე ახსნა მოეძებნება განწყობის ასე სწრაფ ცვლას? თან ისეთ ცვლას, ხელში ავტომატს რომ აგაღებინებს და ძმათამკვლელ ომამდე მიგიყვანს?

თუ ზვიადის პიროვნულმა ხიბლმა დაახვია თავბრუ, რა მოხდა - როიალზე აღარ უკრავდა თუ ბოდლერი აღარ იცოდა? ცხადია, ეს პროცესები რუსეთიდან იყო მართული და ადგილზე კიდევ ნომენკლატურული შურისძიება დახვდა. კომუნისტებმა ელვის სისწრაფით აუღეს "აბაროტი" და დაბრუნდნენ უკან, ხელისუფლებაში. არც არსად წასულან, ნუ, ახლა ცოტა კოსმეტიკა დასჭირდათ - თუ ადრე ათეისტობდნენ (ასე სჭირდებოდა პარტიას), ახლა ღრმადმორწმუნენი გახდნენ და ა.შ. და რა მოხდა შემდეგ? შევარდნაძის ჩამოყვანა ქვეყნის აყვავების იმედით. 1992 წლის არჩევნებზე 24-მა პარტიამ გადალახა ბარიერი და რა მივიღეთ - ცირკი, რომელსაც სახელად "პარლამენტი" ერქვა. დავკარგეთ აფხაზეთი და ამას სულ არ შეუშლია ხელი იმაში, რომ 1995 წელს, დიდი ტრამპა-ცუმპით, აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე. 1992 წელს ჩამოვიდა - ქვეყანას აგვიყვავებსო, 1995 წელს გასული იყო სრული სამი წელიწადი - არათუ აყვავება, კვირტიც კი არსად ჩანდა და მაინც აირჩიეს - ვაცადოთო. მუხლისჩოქა კი არ დაუდგნენ, არ ევედრნენ - ნუ წახვალ, შენი კვნესა-მეო?!, კარგი, მაშინ იმედი ჰქონდათ, რომ დაუბრუნებდა აფხაზეთს, მაგრამ 1995-დან 2000-მდე ვერ დაინახეს, რომ არც აფხაზეთი დააბრუნა და არც ქვეყანა ააყვავა? 1995 წელს 1 589 900-მა ადამიანმა მისცა ხმა, 2000 წელს - 1 870 311-მა. 280 ათას კაცს პირიქით იმედი გასჩენია. "მალადეეც!"

ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა 2 565 362-მა ადამიანმა, ედუარდ შევარდნაძეს - 1 589 909-მა ადამიანმა. მილიონიანი სხვაობა სახეზეა, მაგრამ მილიონნახევარმა რა თვისებების გამო მისცა ან ზვიადს, ან შევარდნაძეს ხმა? რა საერთო თვისება იპოვა ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ლიდერში? როიალზე შევარდნაძე არ უკრავდა, დისიდენტური წარსული არ ჰქონდა, კომუნისტი იყო, კოლხურ კოშკში კი არა, მამათში გაატარა ბალღობა - კლასიკოსის ვაჟი ის არ იყო, არც დიდი განათლებით გამოირჩეოდა - უბედურებას "უბედურობას" ეძახდა, გაერო-ს "გეეროს", არც ზვიადის გარეგნობა ჰქონდა - თუ ამ გარეგნობით ურევდა თავგზას მასებს ზვიადი. კარგი, ქალებს თაგვზას უბნევს ეს ლიბიდო - ხან ზვიადს აწონებს, ხან ედუარდს, ხან მათგან კიდევ უფრო განსხვავებულ მიხეილ სააკაშვილს, ხანაც ვაკელ ლევან გაჩეჩილაძეს და ხანაც ბიძინა ივანიშვილს. კარგი, ქალებს ფროიდი არ ასვენებს და კაცებს ვინღა არ ასვენებს - კარლ გუსტავ იუნგი?

ცალკე თემაა, მასებზე მანიპულირება, ათასგვარი საარჩევნო ტექნოლოგია, ხრიკები და გაყალბების მეთოდები, მაგრამ რაღაც ახსნა ხომ უნდა მოუძებნოს თავად ადამიანმა თავის საქციელს, როცა ურნასთან მარტო რჩება? თუ ურნა ურნაა და ქართველი ურნასთან დგება და ხმას ნაგავივით იშორებს? რა ნიშნით ვიწონებთ ან ვიწუნებთ? საარჩევნო პროგრამები, ბუკლეტები რომ სულ ტყუილად იბეჭდება და მათ არავინ კითხულობს, ხომ ფაქტია, საარჩევნო დაპირებებს ვუსმენთ ზეპირად? იმ დაპირებების შესრულებას ვაკონტროლებთ მერე? ან შესრულებას ვუფასებთ ვინმეს, ან არშესრულებისთვის ვთხოვთ პასუხს? ხმას ხან ერთ "მეშოკ" ფქვილზე ვცვლიდით, ხან იმაზე, თუ ვინ დაგვპირდებოდა ჩვენ ქუჩაზე ასფალტის დაგებას. რა გვამოძრავებდა? ლოგიკა "ყვავს კაკალი გააგდებინე"? - არც უამისობაა, მაგრამ აქაც აცა-ბაცად მივუყვებით გზას - იმას, ვინც მთელი ქვეყანა მოაასფალტა, ტვინი ამოვჭამეთ - ასფალტი ვჭამოთო და სხვა ავირჩიეთ!

- და მაინც? რა გვამოძრავებს, რა არის ამოსავალი წერტილი? - პოლიტიკოსის საგარეო ორიენტაცია, ეს გადაწონის ხოლმე სხვა ყველაფერს? რიგ, ინდივიდუალურ შემთხვევებში იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ეს რომ ტენდენცია არაა, ეგეც ფაქტია. მოკლე მეხსიერების ერი ვართ და იმ პერიოდში რაც ხდება, ის ახდენს გავლენას, როგორ ეს ციხის კადრების დროს მოხდა? კი, მაგრამ 7 ნოემბრის მერე არ იყო, რომ 53-მა პროცენტმა მისცა ხმა სააკაშვილს? მით უმეტეს, ყველა რადიკალური ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, სწორედ 2008 წლამდე იყო? მაგ არჩევნებზე არ იყო, 25%-მა რომ ხმა მისცა ლევან გაჩეჩილაძეს? რა მოტივით? - გაჩეჩილაძემდე ქვეყანას სამი პრეზიდენტი ჰყავდა - სამივე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ცხადია, სხვადასხვა ტიპის, მაგრამ რა ტიპის იყო ლევან გაჩეჩილაძე? არხეინი თბილისელი, წარმოსადეგი კაცი, როგორც იტყვიან, ნაღდი ქალაქელი. კი, მაგრამ უსტაბაშს ირჩევდით თუ ქვეყნის პრეზიდენტს? ან შალვას რა ნიშნით აძლევდა ხალხი ხმას? და ბოლოს, ბიძინას რა ნიშნითაც მისცეს, გავიგეთ - წამყვანი მისი მილიარდები იყო, თუმცა სრულიად გაუგებარია, ბიძინას ფული აქვს, თქვენ რა? ერთი ანეკდოტი მახსენდება, მოლას ეუბნებიან, მოლა, მოლა, მოხარშული ინდაური მოაქვთო. მერე მე რაო. თქვენთან მოაქვთო და მერე შენ რაო?!

ბიძინას "ოცნებას" ხმა მისცეს კიდევ ერთი მომენტის გამო - მიშას ზიზღით, ოღონდ მიშა მოეშორებინათ - მიშას ჯიბრით. საერთოდ, შურისძიების მოტივი ყოველთვის წამყვანი იყო ქართულ პოლიტიკაში, არჩევნებზე. ოღონდ კომუნისტები მოგვეშორებინა, ყველამ ხმა "მრგვალებს" მისცა, ოღონდ ზვიადი მოგვეშორებინა - ყველა სხვას, ოღონდ შევარდნაძე მოგვეშორებინა - სააკაშვილს, ოღონდ სააკაშვილი მოგვეშორებინა - ივანიშვილს.

მოკლედ, ხმას ვიძლევით ჯინაზე, ჯიბრზე, ხმას ვიშორებთ თავიდან, ვაგდებთ როგორც ნაგავი ან ვარიგებთ ანგარიშმიუცემლად - როგორც სლავი ქალი ერთ ადგილს. არ მკითხოთ, რომელს - კომბოსტოს!

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა