"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება

"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება

"საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პიოტრ სმოლარის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თბილისს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ შიშობს, რომ მისი მეზობლის მოტივი სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებაა.

"რუსეთი ამას საქართველოს "ისტერიულ პროპაგანდას" უწოდებს. მაგრამ რუსეთი თანდათანობით იპყრობს საქართველოს ტერიტორიებს. მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მცდელობისა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ისწრაფვის, საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი მაინც მოძრაობს", - წერს პიოტრ სმოლარი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებით რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს დემარკაციის ზოლთან. მისივე თქმით, სოფელ დიცის მცხოვრებნი გასულ თვეს ამის გამო ატეხილი მოულოდნელი სროლის მომსწრენიც კი გახდნენ. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირის მონიტორინგის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მათ მწირ შესაძლებლობებს არანაირი წონა არ გააჩნიათ და არც საზღვრის მეორე მხარეს განვითარებულ მოვლენებში აქვთ ჩარევის უფლება.

პიოტრ სმოლარი ასევე წერს, რომ სეპარატისტული რეგიონი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ახლა რუსეთის ფინანსური და სამხედრო კონტროლქვეშაა. რუსეთის კი საერთოდ არ აქვს იმის განწყობა, რომ დათმობაზე წავიდეს საქართველოსთან მიმართებაში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ამ თვის ბოლოს არის დანიშნული. ამ არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მმართველობის ათწლიანი ერა სრულდება.

"რა თქმა უნდა, მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება შუერთდეს ევრაზიულ საბაჟო კავშირს, რომელშიც ბელორუსი და ყაზახეთი არიან გაწევრიანებული. ამ ზეწოლის მიღმა კი რეგიონალური არასტაბილურობის საფრთხე იმალება, თუ თბილისი ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისკენ სწრაფვას გააგრძელებს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"გარდიანის" სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ თვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები. თუმცა, როგორც პიოტრ სმოლარი აღნიშნავს, ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო შექმნილი დაძაბულობის შემცირებას ცდილობდა.

"ივანიშვილის განცხადებით, სრულ ნორმალიზაციას შესაძლოა 5-7 წელი დასჭირდეს და ხშირად იმეორებს, რომ თბილისს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ რეგიონებზე კონტროლის დაბრუნება ძალის გამოუყენებლობის გარეშე. ის იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს ორივე ანკლავზე გამარჯვების მოპოვებას", - წერს პიოტრ სმოლარი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მოსკოვის მიმართ მორჩილებისთვის აკრიტიკებს, მაგრამ ივანიშვილს მტკიცე პასუხი აქვს სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი 2014 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

"ყველაფერი რაც ახლა ხდება, მათ შორის მავთულხლართების გაბმა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. სრულიად რუსეთის ყურადღება იქითკენაა მიპყრობილი, რომ თამაშებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს და დავეხმაროთ მათ", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომელმაც მავთულხლართებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი უპასუხა "რა უნდა ვქნათ, ომს ხომ ვერ დავიწყებთ?"

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მეტად რადიკალური პოზიცია აქვს და ციტირებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ძველი იმპერიაა და დაკარგული საზღვრების დაბრუნებას ცდილობს და მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული მეგობრული განცხადებებისა, რუსი სამხედროები განაგრძობენ წინასვლას და ხალხს მავთულხლართებით ყოფენ.

"სააკაშვილის გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა კი მის სიტყვას რუსოფობიული უწოდა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა პროფესიულ ჩარევას მოითხოვს", - ნათქვამია "გარდიანის" სტატიაში.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა