რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა

რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა

"რამე ცუდს ხომ არ დაწერთ?! ბიძინა რომ გამინაწყენდეს, არ მინდა..." - ასე იწყებს ლაპარაკს სოფელ ჭორვილას ერთ-ერთი მკვიდრი დარეჯან დვალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლიდან ერთ კილომეტრში, ერთ პატარა კედლებდაბზარულ სახლში ცხოვრობს. ყავარჯნებზე დაყრდნობილი საკუთარ სოციალურ გასაჭირზე გველაპარაკება, ამბობს, რომ მის ოჯახში არავინ მუშაობს და ძალიან უჭირთ. სახლშიც თაგვები დარბიან და ჭერი ენგრევათ, რომ თანასოფლელი მილიარდერის პრემიერობამ არაფერი შეცვალა, თუმცა მას, როგორც ყველა ჭორვილელს, ისევ ივანიშვილის იმედი აქვს.

მართალია, პოლიტიკიდან წასვლა პრემიერს ბევრმა არ მოუწონა, მათ შორის მასთან დაპირისპირებულმა "ნაციონალებმაც", მაგრამ ჭორვილაში ამ საკითხზე სულ სხვა მოსაზრება აქვთ. ეს არცაა გასაკვირი - გაპრემიერების მერე ივანიშვილმა ბევრს მოუხსნა 200 ლარიანი დახმარება, ზოგს - 300 ლარიანიც, ასევე შეჩერდა სახლების მშენებლობაც და სხვა დახმარებებიც იმ მიზეზით, რომ ეს მოსყიდვაში არ ჩათვლოდა. ახლა კი იმედი აქვთ, რომ გადადგომის მერე ეს სიკეთე კვლავ აღუდგებათ.

ამბობენ, რომ 800-მდე ამომრჩევლიდან შარშან ოქტომბერში 57-ს ხმა "ნაციონალებისთვის" მიუცია, რასაც პრემიერის აღშფოთება გამოუწვევია. "ბიძინა გაგიჟებულა, ეს რომ გაუგია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნაციონალებს" მისცა ხმა, დაადგინეთო", - გვეუბნება ჭორვილას მკვიდრი.

სოფელ ჭორვილაში, რომელიც საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის პრემიერ-მინისტრის მამულია, არჩევნების შემდეგ გარეგნულად არაფერი შეცვლილა. საჩხერის რაიონიდან 6 კილომეტრით მოშორებულ სოფელში გზა ისევ ისეთი, ალაგ-ალაგ ათხრილი და ორმოებიანია. როგორც კი სოფელში შედიხარ, იქ ყველაფერი ძალიან ლამაზი და კოხტაა, ევროპის პატარა პროვინციული დასახლების მსგავსად - წითელი და მწვანესახურავიანი სახლები, ყველა სახლში სატელიტური ანტენები, ერთ ფერში შეღებილი ღობეები, მოასფალტებული გზები, ლამპიონები და მწვანე მეტალის ნაგვის ურნები; აქვე არის გარემონტებული სკოლა, სპორტული დარბაზი, "ფილარმონიის" მსგავსი საბანკეტო დარბაზი, სადაც ქორწილსა თუ ქელეხს ყველა უფასოდ იხდის.

ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მილიარდერის გაპრემიერებამდე იყო. თანასოფლელების უმრავლესობისათვის ბიზნესმენი ისევ კეთილი პატრონია, სამართლიანი და ფიცხი. სუფრაზე მის სადღეგრძელოს ისევ სვამენ, თუმცა ამბობენ, რომ "პატრონის" გაპოლიტიკოსებამ და მთავრობაში გადასვლამ სოფელი მაინც დააზარალა - ძველებურად ვეღარ გვეხმარება, კანონი უკრძალავს, მოსყიდვაში ეთვლებაო, შემოგვჩივლეს.

სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზემო და ქვემო უბნებად. ზემო უბანში ივანიშვილის მიერ გალამაზებული და ნაპატრონებია. ქვემოში - ალაგ-ალაგ არის ახალი სახლები, რომელსაც თვალს უმალვე მოჰკრავ ახალი წითელ-მწვანე სახურავის გამო. ყველა ივანიშვილის მიერაა აშენებული. სოფლის მცხოვრებთა ის ერთეული ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა, სწორედ ამ ქვემო უბანში ცხოვრობს. უკმაყოფილონი არიან, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას ერიდებიან. იმედი აქვთ, რომ მათი დახმარების დროც მოვა.

"ივანაშვილი ახლა ჩინოვნიკია და დახმარების უფლება არ აქვს, მოსყიდვაში ეთვლებაო, - ასე ამბობენ. ალბათ, ამიტომაც მიდის პრემიერობიდან, რომ თავის სოფელს, ხალხს დაეხმაროს. აქ, ჭორვილაში ყველას ასე სჯერა", - ამბობს დარეჯან დვალი.

მასპინძელი ყავარჯნებზე დაყრდნობილი მელაპარაკება. სახლშიც მეპატიჟება, თან ფქვილისაგან დასვრილ ხელებს იწმენდს და ახლად გამომცხვარ პურს მთავაზობს.

ეზოში 83 წლის მოხუცი ქალი ზის. რომ გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი და საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცის, ქვეყნის მმართველის თანასოფლელების ამბები და წინასაარჩევნო განწყობა მაინტერესებდა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ვარო, - გამოაცხადა.

"არავის არ მივცემ ხმას! გამამტყუნეთ... რაზე მივცე ხმა, არც ძველი მთავრობა დამეხმარა და არც ახალი?! ასე, უპატრონოდ ვართ მიტოვებული... 83 წლის ქალი ვარ, წლებია, მიწისძვრისგან დანგრეული სახლი მაქვს, თხლიშინით ჩამომდის წყალი, მითხრეს, ივანაშვილი აგიშენებს, დაწყებულია მშენებლობა და აგერ მიტოვებულია. კაცისშვილი არ მოსულა ჩემთან, არადა, მითხრეს, სიაში პირველი წერიხარო. სახლის პატრონმა სამამულო ომს შესწირა თავი, იქ დარჩა, თორემ იმას არავის დახმარება არ დასჭირდებოდა. გაბრაზებული ვარ. შვიდ თავ წამალს ვსვამ და ამით ვბორჯიალობ კიდევ. 4 ვაჟკაცი რომ უმუშევარი და უკაპეიკოდ გეყოლება, როგორ უნდა იყო?! ან ჩემმა პენსიამ რამდენი უნდა შეინახოს?!" - რძლისაგან განსხვავებით ივანიშვილის გაბრაზების არ ეშინია და საყვედურს ხმამაღლა ამბობს მერი დვალი.

რძალ-დედამთილი ყვება, რომ ივანაშვილმა (აქ პრემიერს ყველა ივანაშვილით მოიხსენიებს), სახლები მის უბანში ააშენა, ყველას ლამაზი სახურავებით გადაუხურა და ღობეებიც ერთ ფერში შეუღება. დაბლა უბნისკენ კი ეს დახმარება არ წამოსულა.

დარეჯან დვალი: "200 ლარს ურიგებდა თავის მეზობლებს, ჩვენ ეს არ გვქონია, მაგრამ გაზი და დენი 3 წელი გვქონდა უფასოდ, მარტო ჭორვილას კი არა, მთელ რაიონს. უფასო საავადმყოფოც გაგვიკეთა. ფეხი მტკიოდა, ოჯახს ვერაფრით ვეხმარებოდი და ახლა პროტეზი ჩავისვი... ჩემთვის სახლი არ აუშენებია, ამას თქვენც ხომ ხედავთ?! აქეთ დაბლა სახლი არავისთვის გაუკეთებია. ზედა მხარეს, თავის უბანში მართლა ყველაფერი კარგად გააკეთა და ქალაქივით გახადა. ველოდებით, იქნებ სახლები ჩვენც გაგვიკეთოს. სამ ოთახში 7 სული ვცხოვრობთ. სახლი დაბზარულია. თაგვები შედი-გამოდიან. იატაკი დამტვრეულია. კი მერიდება, მაგრამ რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ხომ ხედავთ და ამას თუ დაწერთ, კარგი იქნება. აგერ ჩემს დედამთილს მიწისძვრისგან დანგრეული სახლი აქვს, წყალი ჩადის. უნდა აეშენებინათ და მიატოვეს. 31 წლის უცოლო ბიჭი ჰყავს და დანგრეული სახლის გამო ცოლი რომ ვერ მოჰყავს, ამას დარდობს ჩემი დედამთილიც. სამი მაზლიშვილი მყავს. ორს ცოლ-შვილი ჰყავს და ყველა სამ ოთახშია შეყუჟული. მათი სახლი რომ ნახოთ, თქვენც გაგიკვირდებათ, მათ რომ სოციალური დახმარება არ აქვთ", - ამბობს დარეჯან დვალი და მთხოვს, ის ოჯახი აუცილებლად ვნახო.

მისი მაზლიშვილის სახლშიც მივდივარ. იქაც სოფლის პატარა სახლი დგას, სულ 3 და ისიც პატარა ოთახია. ამ სამ ოთახში კი 9 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 4 ბავშვი.

"რამდენი ვიწვალე, სოციალური რომ დაგვნიშნოდა. სულ ასე წყალწაღებულნი ვიყავით და თავი რომ გაგვეტანა, ჩემი 2 შვილი ერაყში წავიდა. 7 წელიწადს ჯარში მსახურობდნენ. ორივე ცოლ-შვილიანია. ამ სამ ოთახში სამი ოჯახი ვცხოვრობთ. 3 ოთახში 9 სული. ადრე დახმარება გვქონდა. სამი თვის დახმარება ბანკიდან გამოვიტანე, შეშა რომ მეყიდა. შარშან ზაფხულში კი დახმარება შეგვიჩერეს. ბიჭებმა ერაყიდან ჩამოტანილი ფულით რაღაც საბჭოთა მანქანა იყიდეს, ძლივს დადის ისეთი და ამიტომ დახმარების სიიდან ამოგვშალეს", - ყვება ნატო დვალი.

მისი მეუღლე მამია დვალი მეუბნება, რომ სანამ ივანიშვილი გაპოლიტიკოსდებოდა, სოფელს ეხმარებოდა, ნელ-ნელა ყველას სახლებს უშენებდა; მთელ საჩხერეშიც რაღაცებს აშენებდა და ხალხი დასაქმებული იყო, მაგრამ ვინ დააცალა, პოლიტიკაში აღმოჩნდაო.

"დასაქმებულები ვიყავით. ასეთი გაჭირვება არ იყო. ვიცით, რომ ობლებს და გაჭირვებულებს ეხმარებოდა, მაგრამ მე რომ მიჭირს, ამას ვინ გააგებინებდა?! ბიძინასთან მე ვინ მიმიშვებს?! დედაჩემი და ჩემი ცოლი გადაარჩინა, უფასო საავადმყოფო რომ არსებობს მაგით და მადლობის მეტი რა მეთქმის?! მე მაგას ფულის შოვნაში არ დავხმარებივარ და რა უფლება მაქვს, მოვთხოვო?! ასეა თუ ისე, ჩემი სოფლელია და მაინც მის იმედად ვართ. ახლა არჩევნებს მივჩერებივართ, ბიძინაც მიდისო და ვნახოთ. ალბათ მერე უფრო დაგვეხმარება. აბა, მიშა მაჭავარიანს არავისთვის არაფერი გაუკეთებია, მარტო საკუთარი სახლი აიშენა", - ამბობს მამია დვალი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს, მიხეილ მაჭავარიანს ჭორვილაში მშობლების სამსართულიანი სახლი აქვს. მის სამეზობლოშიც არის ახლად აშენებული და წითელსახურავიანი კოხტა სახლები. მეზობლებს გვეუბნებიან, რომ თვით მაჭავარიანის ნათესავებსაც კი ივანიშვილმა აუშენა სახლი.

"ივანიშვილი დენის, გაზის ფულს გვიხდიდა წლების განმავლობაში, კარმები გვაჩუქა, გაზი გვაჩუქა, ყველაფერს სიკეთეს გვიკეთებს. 200 ლარს უხდის ობლებს და მრავალშვილიანებს. ხალხისთვისაც მისი თანამდებობიდან წასვლა უფრო კარგია. ბევრს გაუმართავს ხელს", - ამბობს ელისო შუკაკიძე და დასძენს, რომ პედაგოგია და ივანიშვილი 7 წელი ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს აძლევდა. რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ეს 300 ლარის დაფინანსება შეწყდა - "პრემიერი რომაა, დახმარება არ შეუძლია, წავა და მერე ისევ შეეძლება".

3 შვილის დედა ანა მაჭვარიანი გვეუბნება, რომ ივანიშვილმა 60-ათასლარიანი სახლი აჩუქა.

"ის მაინც რად ღირს, რომ არჩევნების შემდეგ აღარ გვეშინია იმის თქმა, ჭორვილადან რომ ვართ. შარშან არჩევნების წინ ძალიან დაძაბულები ვიყავით. ჩემი ქმარი, გიორგი, საკონტრაქტო ჯარში იყო, სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, რომ კონტრაქტი შეუჩერეს და გამოუშვეს. მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჭორვილადან იყო. მაჭავარიანის გვარმაც არ უშველა. სურათები გადმოუღიათ, სახლი აგიშენა, გაზი-დენი გაგიკეთა და ხმას ვის მისცემო? ჩემს ქმარსაც უპასუხნია, აბა, შენი აზრით, ვის მივცემო?! ვინც მთავრობის სამსახურში მუშაობდა, ყველას ასე დევნიდნენ. მაზლისშვილი პატრულში მუშაობდა და ისიც გაათავისუფლეს. ახლა აღიდგინა თავი", - გვიყვება ანა მაჭავარიანი.

სოფელში ივანიშვილი რომ რუსეთის გამოგზავნილია, არავის სჯერა.

"დაველოდოთ და ვნახავთ ყველა... თავის რაიონში იმდენი კარგი გააკეთა, საქართველოსთვისაც კარგი უნდა. მე და ჩემს ძმას სახლი აგვიშენა. ჩვენსავით კიდევ ბევრ სხვას. როგორც ბიძაშვილი, მიშა (მაჭავარიანი) მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ხმა "ნაციონალებისთვის" არ მიმიცია. ბიძინა დაგვეხმარა და ხმას სხვას როგორ მივცემდი?! ისე, სოფელში "ნაციონალების" მხარდამჭერებიც არიან, არჩევნებზეც დაფიქსირდა რამდენიმე ხმა. ივანიშვილმა ამდენი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ სოფლიდან 100%-იანი ხმა მაინც ვერ აიღო. ახლა მიშას (მაჭავარიანი) ძმა ოცნების მხარესაა, მიშა კი მოყოლილია ამ გაუგებრობაში და რა ქნას, "ნაციონალებს" უნდა დაუჭიროს მხარი", - მეუბნება სიმონ მაჭავარიანი. იქვე, მიხეილ მაჭავარიანის მეორე ბიძაშვილის სახლთანაც მაცილებს.

პედაგოგი ნინო კაპანაძე სახლში მეპატიჟება შემოდგომის ნობათით გასამასპინძლებლად. ამბობს, რომ 15 წელია, ჭორვილაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა და წელს უარი თქვა "ნაციონალების" დახმარება რომ არ დაბრალდეს. მე კი არა, მიხეილ მაჭავარიანის ძმა არ არის "ნაციონალიო".

"მათ ოჯახშიც ერთი ძმა ნაციონალების მხარესაა, მეორე ძმა - მარგველაშვილის. მარგველაშვილი ვანოს მეგობარია, კლასელები არიან, ადრე აქაც ჰყავდა ჩამოყვანილი და ვიცნობ. ვანო იყო წინა კვირას ჩამოსული და მარგველაშვილის მრჩეველი ვარო, გვითხრა", - ამბობს ნინო კაპანაძე.

ყვება, რომ წინა არჩევნებში "ნაციონალებს" 57-მა კაცმა მისცა ხმა და ამის გამო ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა.

"800-მა კაცმა მაინც მიიღო მონაწილეობა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, საარჩევნო უბანზე ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ჭორვილაში ჩაწერილები კი იყვნენ, მაგრამ საერთოდ არ ჩამოდიოდნენ. ძალიან დიდი რიგები იდგა. წელს ასე არ იქნება. ამდენი კარგი რამ აქვს ივანიშვილს გაკეთებული და 57-მა ადამიანმა "ნაციონალებს" მისცა ხმა. სხვათა შორის, ბიძინა გაგიჟებულა, ეს რომ გაუგია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნაციონალებს" მისცა ხმა, დაადგინეთო. 8 მარტს სკოლაში სუფრა გვქონდა, მისი და გვესწრებოდა და აღნიშნა, რომ ვინც "ნაციონალებს" ხმა მისცა, ის სახლები უნდა დაეწვათ, ჩემმა ძმამ რომ აუშენაო. ახლაც შეიძლება ისევ დაფიქსირდეს მსგავსი რამ, მაგრამ ხმამაღლა ამას არავინ იტყვის", - ამბობს კაპანაძე.

გამომშვიდობებისას მეუბნება, რომ ჭორვილაში ივანიშვილს ყველა სიტყვის კაცად იცნობს და ყველას გვჯეროდეს, რომ "რასაც შეგვპირდა, გააკეთებს და პრემიერობიდან რომ წავა, მეტის გასაკეთებლად ხელ-ფეხიც უფრო გახსნილი ექნება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია