სოფელ ჭალადიდელი რევაზ მიქავა უკვე მესამე დღეა თეა წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს. მიქავა 2000-2001 წლებში თავისი კამეჩების ორჯერ მოპარვის საქმის გამოძიებას მოითხოვს. როგორც მიქავა "ამბები.გე"-სთან საუბრისას აცხადებს, ის კამეჩებს კი არა სამართლიანობას ეძებს. მიქავასთან ერთად აქციას თავისი დისშვილიც მართავს.
"მოვითხოვ კამეჩების საქმის გამოძიებას. შეიძლება თქვან ძველია ეს საქმეო, მაგრამ ძველი რა შუაშია? ქურდების ვინაობა ვიცი, ყველა ფაქტი დამტკიცებულია. 5 სული კამეჩი მომპარეს 2000 წელს. 2 დამიბრუნეს, 3 კი არა. მერე მივმართე გენერალურ პროკურატურას დახმარებისთვის და ვუთხარი, რომ ვიცი ვინც მოიპარა. შემომთავაზეს ფული, რაზეც უარი ვთქვი. ადებდნენ სხვას ხელს და ამაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. მეუბნეოდნენ – რას დაეძებ, ამან მოიპარა თუ არა. იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ისევ მომპარეს სამი სული კამეჩი. მოვედი გენერალურ პროკურატურაში და მითხრეს, რომ გავარკვევთო. თბილისში მითხრეს, რომ სენაკში ჩავსულიყავი და ადგილზე დამხვდებოდა ჩემი საქონელი. სენაკში კი მისაყვედურეს - პირდაპირ აქ მოსულიყავიო. ვუთხარი რომ ჯერ ძველ მოპარულ კამეჩებს ვითხოვ, ხოლო შემდეგ კი ახალს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძველი უკვე დაკლული იყო. ამ სამ კამეჩს დაგიბრუნებთო, წინაზე კი უარი თქვიო, რაზეც არ დავთანხმდი. არც ის დამიბრუნეს და არც ეს. ერთი წლის შემდეგ სახლიც გამიქურდეს. შემდეგ თბილისში ჩამოვედი და კამეჩებზე უარის თქმის სანაცვლოდ ყველაფრის დაბრუნებას დამპირდნენ, რაზეც ასევე არ დავთანხმდი. რაც მქონდა ისიც წაეღოთ, კამეჩებზე კი უარს არ ვიტყოდი", - იხსენებს მიქავა.
მიქავა კამეჩების მეორედ მოპარვაში ხელს ვახტანგ სართანიას ადებს. როგორც მიქავა აცხადებს, სართანია პროკურატურაში მაშინაც მუშაობდა და ახლაც მუშაობს და სწორედ მისი დავალებით მოპარეს კამეჩები. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ცდილობდა სართანია მისი კამეჩების საქმის მიჩქმალვას.
"ახლა ის პროკურორიც დააბრუნეს თანამდებობაზე, რომელიც მეუბნეოდა დაგიბრუნებო, თუმცა მატყუებდა. კამეჩების მოპარვაში ხელს პოლიციის უფროსს და ზემოთნახსენებ პროკურორს ვახტანგ სართანიას ვადებ. მათი დავალებით მომპარეს მეორედ კამეჩები. თეა წულუკიანისგან მოვითხოვ მიღებას. ასევე მოვითხოვ, რომ ვახტანგ სართანია, რომელმაც დამალა დანაშაული და რომელსაც ვადებ ხელს კამეჩების მოპარვაში, გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. არც კამეჩებს არ მოვითხოვ, არც ფულს. არ უნდა მუშაობდეს ის კაცი თანამდებობაზე, რომელმაც მე ამ კამეჩების გამო ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდო", - აღნიშნა მიქავამ.
მისივე თქმით, ის იქამდე გააგრძელებს ბრძოლას, სანამ ეს საქმე გამოძიებული არ იქნება.
ლექსო ნაბახტეველი