პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო

პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს დვანში იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო. პრეზიდენტმა მოსახლეობას იმ ტრაფარეტის ფონზე მიმართა, რომელზეც წერია - "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი".

მიხეილ სააკაშვილმა ტრაფარეტს სამარცხვინო ფარდა უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ოკუპანტმა საქართველოს "ძირძველ მიწებს შორის ჩამოაფარა".

"ზოგიერთივით არ მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მტერი, ოკუპანტი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებასა და მომავალზე, ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით. ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება უნდა მოვახდინოთ – მშვიდად, მაგრამ ერთობლივად. ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები. მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო და მთავრობას შევთავაზე, ერთად გვემსჯელა ამ საკითხებზე და ვერავინ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა და კოორდინაცია დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სერიოზული უთანხმოებებია, ეკონომიკაზე, ნეპოტიზმისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.

"არ შეიძლება იყოს უთანხმოებები მთავარ საკითხზე – ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება, საქართველოს მომავალი. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთნაირად შეძრწუნებული ვართ რუსეთის ქმედებებით, იმით, რომ ისინი სულ უფრო წინ მოიწევენ, შეიძლება გადაჭრან ავტობანიც, შეიძლება მიითვისონ ნავთობსადენი და რა თქმა უნდა, ამას აქვს ყოველდღიური ტრაგიკული შედეგები იმ ხალხისთვის, ვისაც სახნავ-სათესი წაართვეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველი იქნება ქართული  სახელმწიფოებრიობისთვის. "ამიტომ, ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა