სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს

სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს

სკოლაში მოსწავლეები ახალ საგანს შეისწავლიან, სადაც ქურდული სამყაროს უარყოფით მხარეებს, საკუთარი უფლებებისა და პრობლემების კანონიერად მოგვარების საკითხებს გაეცნობიან. პროექტი სკოლების უმეტეს ნაწილში უკვე ხორციელდება და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებსაც.

სასწავლო კურსს, რომელსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სამართალდამცველთან ერთად ჩაატარებს, მეშვიდე კლასში - სამართლებრივი კულტურის საწყისები და მეცხრეში - სამართლებრივი კულტურა ჰქვია.

მოსწავლეები ორგანიზებული დანაშაულის სამ მიმართულებას, ე.წ. ქურდული სამყაროს, რეკეტის, ანუ შემოსავლის სისტემატურად მიღების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეისწავლიან.

საზოგადოება მათი ზეგავლენისგან რომ განთავისუფლდეს, მთავრობა მთავარ მექანიზმად ინფორმირებულობას ასახელებს. მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას თავი კიბერდანაშაულისგან, უნდა გააჩნდეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების, მათი იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

"ამ პროგრამის ამოქმედებით პრობლემა რეალურად არ გადაწყდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრისაკენაა მიმართული, კარგია. ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ქურდული მენტალიტეტის საბოლოოდ დასამარცხებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

"არის ლოგიკური შეკითხვა – ვინ გააკეთებს ამას. ნურავის ეგონება, რომ ეს მარტივი იქნება. არსებობს 2 200-ზე მეტი სკოლა, ამიტომ აუცილებლად ბევრი პედაგოგი უნდა გადამზადდეს და შეიქმნას შესაბამისი კურიკულუმი, რასაც დრო დასჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის თქმით, აღნიშნული სამართლებრივი განათლების პროგრამა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით 2008 წლიდან ისწავლებოდა და კურსის ეფექტურობის გამო ყველა სკოლაში დანერგვა გადაწყდა.

"სამართლებრივი კულტურის" საგნების სწავლება ინტერაქტიულ გაკვეთილებს მოიცავს, სადაც ის რეალური მაგალითები განიხილება, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასრულწლოვნებთან მიმართებაში აწყდებოდნენ. კურსი ასევე მოიცავს ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით.

"რაც შეეხება სახელმძღვანელოს, მე-7 - მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები - მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელმისაწვდომია.

ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - აღნიშნა ლია გიგაურმა.

როგორც 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, აღზრდის სისტემა იმდენად კომპლექსური უნდა იყოს, რომ სასკოლო პროგრამაში დამატებითი საგნების შემოტანის აუცილებლობას თავისთავად გამორიცხავდეს.

"თუ ადამიანი გყავს წესიერ ღირებულებებზე გაზრდილი, მაშინ დამატებით არ მოგიწევს ახსნა, რა არის ქურდული მენტალიტეტი და როგორ უნდა დაიცვა თავი ამგვარი მენტალობის გავლენისაგან.

ასევე მნიშვნელობა აქვს, მოსწავლეებთან როგორ მიიტან ამას, თუ რომანტიკულ კონტექსტში მოხდება ქურდული სამყაროს გაცნობა, ცხადია, მოსწავლეს მის მიმართ ინტერესი გაუღვივდება. ამ პროგრამის დანერგვა და მისი წარმატებით განხორციელება როგორც პედაგოგზე, ასევე კონკრეტულ მოსწავლეებზეა დამოკიდებული", - განაცხადა მურღულიამ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ