როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში

როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში

”კავკასიის ბარომეტრის” 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. თავად ამ მონაცემს კი ნორმალურად ქართველების 32% მიიჩნევს, 59% - არა. თავისთავად სადავო საკითხია, რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება იყოს ეს მონაცემები, თუმცა არც ამ მონაცემების შეფასებას და არც თავად ბელადის "საგმირო საქმეებზე" ვაპირებთ მსჯელობას. ამჯერად, სხვა საინტერესო მომენტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

კვლევის ჩატარების დროს, ყოფილ ხელისუფლებას საბჭოთა ბელადის კერპის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა - ქვეყნის მასშტაბით ბიუსტების და ქანდაკებების მასობრივი დემონტაჟი თითქმის დასრულებული იყო. მაგალითად, 2010 წლის 24 ივნისს ღამის 2 საათზე აიღეს სტალინის ძეგლი მისი მშობლიური ქალაქის ცენტრიდან. აღნიშნულ ფაქტს გორელი სტალინისტები და მოხუცი კომუნისტები თვალცრემლიანი, ახალგაზრდები კი სიხარულით შეხვდნენ.

მსგავი ფაქტები განმეორდა ქვეყნის ყველა რეგიონში...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას სტალინს არ სწყალობდნენ, ფაქტია, რომ "ნაციონალური" ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარმა ბელადის მიმართ სიმპათია არ დამალა.

სტალინისადმი დამოკიდებულება, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად რადიკალურად შეიცვალა - "ქართულმა ოცნებამ" აქტიურად დაიწყო ბელადის ჯართადქცეული ქანდაკებების ხელახლა დამონტაჟება და ამისთვის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თანხების გამოყოფა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ: სტალინის ძელგს გორში აღადგენენ; უკვე აღადგინეს ძეგლი თელავში; დიდი ბელადი დაბრუნდა სოფელ ზემო ალვანში; სტალინის ძეგლმა ადგილი დაიბრუნა სოფელ აკურაშიც ... და ეს მხოლოდ მცირე სტატისტიკაა.

ყურადსაღებია ის, რომ ხელისუფლებების სტალინისადმი დამოკიდებულების ცვლილებების პარალელურად, უცვლელი დარჩა ახალგაზრდობის პოზიცია.

”სტალინის ბედის”  წაღმა-უკუღმა ტრიალმა ახალი თაობის ბელადისადმი ნეგატიური დამოკიდებულებას ვერაფერი დააკლო. ახალგაზრდა თაობა როგორი სიხარულითაც ხვდებოდა ძეგლების აღების ფაქტებს, ისევე აპროტესტებს მათ აღდგენას. უფრო მეტიც, ბოლო დროს პროტესტი გახშირდა და ზედმეტად რადიკალურიც კი გახდა. ანუ სტალინის "მეორედმოსულ" არაერთ ძეგლზე განხორციელებული ვანდალური ფაქტები უკვე ტენდენციად იქცა. სოციალურ ქსელ Facebook-ზე გვერდიც კი შეიქმნა, სახელით "სტალინის 50 ძეგლი, რომელიც უნდა შეღებო, სანამ ცოცხალი ხარ", სადაც ახლადგახსნილი ძეგლების გადაღებვის ფაქტებია  თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ კამპანიამ ერთგვარი "ონლაინ ფლეშმობის" სახე მიიღო; Youtube-ზე ათეულობით ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები სტალინის ძეგლების შეღებვას "აღიარებენ" და აცხადებენ, რომ მომავალშიც გააკეთებენ იგივეს, სანამ საქართველოში ერთი ძეგლიც კი დარჩება.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ  სტალინის ფაქტორი იყო და რჩება ქართველებისთვის სადავო თემად და ფაქტია ისიც, რომ  21-ე საუკუნის "ნატოსკენ" მიმავალი საქართველოს მოსახელობის 45% დიქტატორის მიმართ დადებითად არის განწყობილი; დიქტატორის, რომლის ძეგლები მშობლიურ ქვეყანაში "სიყვარულის" ნიშნად დღეს ასე გამოიყურება:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია