ქართველი საოპერო მომღერალი ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

ქართველი საოპერო მომღერალი ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო! გიგზავნით წერილს არშემდგარი სახელმწიფოდან, რომელსაც საქართველო ჰქვია და, სადაც საქმისმცოდნე პროფესიონალები მსხვერპლნი არიან მთავრობის უნიჭო ფავორიტთა დაწინაურების პოლიტიკისა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურულ მომავალს. ბატონო პრემიერო, გთხოვთ მომცეთ თავშესაფარი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა, რათა, როგორც დიდი გამოცდილების პროფესიონალს, მომეცეს საშუალება, ჩემი შემოქმედების ოქროს წლების რეალიზება მოვახდინო".

ამ წერილს ინგლისის პრემიერ დევიდ კემერონს ჩვენი პრემიერის მიერ განაწყენებული, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ოპერის სოლისტი, რევაზ ლაგვილავა სწერს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ქართველმა ბარიტონმა, ის თავად მოგვიყვება:

- ოთარაანთ ქვრივის თვისება მაქვს, გუბერნატორამდე ერთი ქათმის გულისთვის რომ მივიდა. ამ საქმეს მაინც მივიყვან ბოლომდე და მე თუ ივანიშვილის გვარი ევროსაბჭოზე არ გამოვაცხადებინე ჩემთან კონტექსტში, რეზო ლაგვილავა არ ვიყო! დაწერეთ აუცილებლად, რომ პრემიერმა შეურაცხყოფა მომაყენა საქართველოში ერთადერთ დრამატულ ბარიტონს და ჩემს ღირსებას შეეხო.

- პრემიერმა მოგაყენათ შეურაცხყოფა?

- კი და ვისი ხელით? იმ უნიჭო გიორგი ჟორდანიას ხელით, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად რომ დანიშნა. თავიდანვე ვიტყვი, რომ თავად პრემიერი არც კი მიცნობს, რადგანაც არასოდეს ვყოფილვარ იმ "ნახლებნიკებს" შორის, ბიძინასთან რომ ეწერებოდნენ სიებში, მაგრამ მომღერლებს ვის გვინიშნავენ ოპერაში სამხატვრო ხელმძღვანელებად, ეს ხომ იცის პრემიერმა? 2003 წელს "ნაცები" რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოპერაში წინა წლებში ვინც მოღვაწეობდა, იმათი სურათებიც კი ჩამოხსნეს და თქვეს, აქამდე მომღერლები არ არსებულანო, მაგრამ სააკაშვილს ლაგვილავა არ გამოუშვია თეატრიდან. ერთი წლის შემდეგ ჩემით წამოვედი, რადგანაც მივხვდი, იქ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, ციხეში წავიდოდი. სანამ მთავრობა შეიცვლებოდა, ანგელა მერკელს მივწერე წერილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად ერთ კვირაში მომივიდა მერკელისგან პასუხი, წამოდით გერმანიაში და დაგასაქმებთო, მაგრამ ამასობაში ახლები მოვიდნენ მთავრობის სათავეში და თავი შევიკავე, მეგონა, ქვეყანა დალაგდებოდა და ამას რას ვხედავ? მე ბატონ ივანიშვილს თავის სპეციალობაში ვერაფერს ვასწავლი და იმასაც ვაღიარებ, რომ მან მთავარს გადაგვარჩინა - "ნაციონალების" სამუდამო ბატონობას, მაგრამ ჩემი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. საქმე ისაა, რომ პრემიერმა ოპერაში სამხატვრო ხელმძღვნაელად დანიშნა გიორგი ჟორდანია. ეს გახლავთ დირიჟორ ვახტანგ ჟორდანიას ვაჟი და ამით განადგურების გზაზე დამდგარი თეატრის ბოლომდე დასამარებას შეუწყო ხელი. მე გეტყვით, რა ხდება: ბიძინას ქალიშვილი და გიორგი ჟორდანიას ქალიშვილი არიან ბავშვობის მეგობრები და კლასელები, ამას დაემატა ის ხალხი, ვინც ოპერის თეატრში გვერდიდან აწყობს საქმეებს და გიორგისაც ამიტომ ჩაბარდა ოპერის მმართველობა.

- ვის გულისხმობთ გვერდიდან საქმის ჩამწყობებში?

- ვის და მომღერალ გივი ჭიჭინაძეს, რომელიც ბიძინას პოლიტსაბჭოშია და რომელმაც გარედან დაიწყო ოპერის საქმეებში ქექვა. რა არის ეს – ნეპოტიზმი თუ ფავორიტიზმი? გივი ჭიჭინაძეს რა უფლება აქვს, რომ ოპერის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნაში მიიღოს მონაწილეობა? ეს ადამიანი კარგი ხმის პატრონია და კლასიკურ ვოკალს რომ გაჰყოლოდა, შეეძლო შედეგის მიღება, მაგრამ რატომ უნდა ჩაერიოს ჩვენს საქმეებში?

- რა იცით, რომ გივი ჭიჭინაძე ოპერის საქმეებში ერევა?

- ამას მე კი არა, მთელი თბილისი ლაპარაკობს. როცა გადავწყვიტე ოპერაში დაბრუნება, რამდენიმე პირმა მითხრა, გივი ჭიჭინაძეს დაუკავშირდი, რადგანაც პრემიერთან ეგ ახლობლობსო, მაგრამ რატომ უნდა ჩამეწყო მასთან საქმე? ხომ მივწერე ინგლისის პრემიერს უკვე, რომ ფეოდალური ნეპოტიზმია ოპერაში-მეთქი? რასაც ვუყურებ, სხვა სურათს ვერ ვხედავ. ოპერაშიც ნეპოტიზმია და კულტურის სამინისტროშიც, მითხარით, მანანა ბერიკაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე რის გამოა დაყენებული, ამიხსენით, თუ შეიძლება? იმიტომ ხომ არა, რომ მამამისი პრემიერის სუფრის წევრია? ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გივი ბერიკაშვილის შემოქმედება არის ერთი ჩვეულებრივი სახასიათო მსახიობის შემოქმედება, რომელსაც დიდი დატვირთვა არ აქვს მაყურებლისთვის, მაგრამ ამ ადამიანს თავისი მაყურებელი ჰყავს და ეს ჩემი საქმე არ არის. მე იმ თემაზე ვლაპარაკობ, რაც ჩემს საქმედ მიმაჩნია. ახალმა ხელისუფლებამ ერთადერთი, ვინც კი მოსვლისთანავე მოხსნა დიდი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ეს იყო ოპერის თეატრიდან დავით საყვარელიძე, იმიტომ რომ ჟორდანიას უმზადებდნენ ადგილს.

- როგორც მახსოვს, პირდაპირ არ დანიშნულა ჟორდანია დათოს ადგილას.

- კი, ჯერ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა რომ გააუქმეს, თეატრის მმართველად დაინიშნა ჟორდანია და პარლამენტში როგორც კი მიიღეს კანონი სამხატვრო ხელმძღვანელების შესახებ, ფორმალური კონკურსი მოეწყო და ჟორდანია დაინიშნა ამ პოსტზე.

- რას ნიშნავს ფორმალური კონკურსი, რას გულისხმობთ?

- ეს იყო ორი კაცის კონკურსი, რადგან მომღერალ თემურ გუგუშვილსაც მიაღებინეს კონკურსში მონაწილეობა, რომელიც 40 წელია დგას სცენაზე და გაყვანით კი ჟორდანია გაიყვანეს. სხვათა შორის, მე კითხვა მაქვს პარლამენტთან: როცა იღებდნენ კანონს სამხატვრო ხელმძღვანელობის შესახებ, რატომ არ გაითვალისწინეს ის, რომ საჭიროა, ოპერის სახელმწიფო თეატრისთვის სპეციფიკური კანონი მიეღოთ, რომ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი განსხვავდება დრამის ხელმძღვანელისგან იმით, რომ ოპერაში უნდა იცოდე კარგად ვოკალი, რადგან სწორედ ვოკალია დომინანტი სპეციალობა. ნახონ, ბატონო, ევროპის ასეთ დიდ თეატრებში, სწორედ ვოკალის სპეციალისტები არიან სამხატვრო ხელმძღვანელები. სხვათა შორის, ოდიშარიას რომ შევხვდი, ეს ვუთხარი. ასევე ვუთხარი, რომ დირიჟორი არ უნდა იყოს ერთპიროვნული მმართველი. ამ ლაპარაკის შემდეგ ადგნენ და მაინცდამაინც დირიჟორი მოიყვანეს ამ პოსტზე.

- კი, მაგრამ ოპერაში არსებობს საბჭო და მათ რა თქვეს ამის შესახებ?

- ბორდის ერთმა წევრმა ჩემს შვილს, რომელიც ასევე ოპერაშია მომღერალი, პირდაპირ უთხრა: არ იცი, ჟორდანიას დანიშვნა რომ პასი იყო ზემოდან მოწოდებულიო? და ვისგან იყო ეს პასი? ვისგან და ივანიშვილის ოჯახისგან. ამ დროს ჟორდანიას ხელში თეატრი მიექანება განადგურებისკენ.

- რას გულისხმობთ განადგურებაში, მარტო იმას, რომ თქვენ არ დაინიშნეთ სოლისტად?

- მე იმიტომ არ ვუნდივარ, რადგანაც ხმამაღლა ვამბობ, თუ რა სჭირს თეატრს. სხვათა შორის, გეტყვით ერთ ამბავს, რომელიც გიორგი ჟორდანიას მამას ეხება, ვახტანგ ჟორდანიას და არასოდეს რომ არ მითქვამს: როცა ცხონებული ჟვანია პრემიერი იყო და ოპერაში დირიჟორის საკითხი წყდებოდა, ჟვანიასთან მაშინ მივედით მე და ერთი ჩემი მეგობარი, რომლის გვარსაც ვერ ვასახელებ, რადგან მისგან ნებართვა არ მაქვს. მაშინ ზურა ჟვანიამ ასეთი რამ გვითხრა: ვახტანგი საზღვარგარეთ ხშირად დადის და ამ სიარულში თეატრი დარჩება უპატრონოდ. დირიჟორის ადგილას კი დატოვებს თავის შვილს დირიჟორად და ჩვენ მის უნიჭო შვილს თეატრს ვერ ვანდობთო. ამის მოწმე დღესაც ცოცხალია და დადის ამ ქალაქში. აი, ეს კაცი მოიყვანა ივანიშვილმა ოპერაში. მე გადაწყვეტილი მაქვს, სანამ პასუხი მომივიდოდეს ინგლისიდან, ოთხ დიდ დირიჟორს გავუგზავნო ჩემი ნამღერი არიები ოპერებიდან და თან დავურთო ჟორდანიას ნადირიჟორები ეს ოპერები და იმათ განსაზღვრონ, ჟორდანია დღეს სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა იყოს თუ არა.

- თქვენ თუ მიხვედით გიორგისთან და დაელაპარაკეთ?

- კი, ამ ცოტა ხნის წინ ვიყავი და ვუთხარი, ეს ჩემი თეატრია, რადგანაც ამ წლების განმავლობაში ორი ტომარა სცენის მტვერი მაქვს ნაყლაპი და დაბრუნება მინდა-მეთქი. მიმიკიბა, კულტურის მინისტრს დაველაპარაკებიო და გამომიშვა. მესმის, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი დაინტერესდეს ჩემი ფორმაში ყოფნით, მაგრამ არაფერი უთქვამს ამის შესახებ. თავის დროზე მერკელმა დამდო პატივი და თუ ახლა კემერონი დამდებს პატივს, ევროპიდან დაგანახვებთ, რა ფორმაშიც ვარ.

- კი, მაგრამ ოპერის სოლისტის მიღება კულტურის მინისტრის დონეზე ხდება?.

- არა, რა თქმა უნდა. დღევანდელი კულტურის სამინისტრო არის დაირას დონეზე, ხომ იცით ეგ საკრავი? მინისტრთან შემყვა პაატა ბარათაშვილი და მივხვდი, რომ ოდიშარია ამ საქმესთან ახლოსაც არ არის. როცა ავუხსენი სიტუაცია, მიპასუხა, ჩემი და ჟორდანიას ხედვები ერთმანეთს ემთხვევაო. ამ

დროს ოდიშარია პოლიტიკური ფიგურაა, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ უარს მეუბნება, ესეც უნდა იყოს მოტივირებული. ვთვლი, რომ ეს არის ობსტრუქცია და ამას ვინ ხელმძღვანელობს, ეგ არ ვიცი. ხმამაღლა ვაცხადებ: გვერდით დამიყენონ კონკურენტი გინდა ბანში და გინდა ბარიტონში და ნახონ, რომ გამოცდილებაც მაქვს, ხმაც და რატომ არ უნდა ვიმღერო? მე ახლა ოქროს წლები მაქვს და რატომ არ მაძლევენ უფლებას სცენაზე ყოფნის? რენატო ბრუზონი 80 წლის დგას და მღერის, კაცო. რატომ მიწუნებენ საქართველოში, ამიხსნან, იმიტომ, რომ უნიჭობას ვამხელ? და თუკი ბატონი პრემიერი გადაწყვეტს ჩემთან შეხვედრას, კიდევ მეტს ვეტყვი ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ოპერის თეატრს, მას უნდა სასწრაფოდ შველა. როგორც კი ამოვიღე ხმა და ვთქვი, ოპერაში შვილების გამო ხდება ნეპოტიზმი-მეთქი, ყველა დაიმალა. სხვათა შორის, ეს სიტყვა უხსენა პრემიერს ასევე ვაჟა ბერიძემაც. მივმართავ სახელმწიფო ორკესტრის წევრებს, კერძოდ, პირველ ვიოლინოს ლელა მჭედლიძეს, გამოვიდნენ და თქვან, მას და მის კოლეგებს სიამოვნებთ ისეთ დირიჟორთან მუშაობა, როცა დირიჟორს ხელზე კი არ უყურებენ, არამედ პარტიტურაში აქვთ თავები ჩაყოფილი? მოსწონთ ეს? ოპერაში რა პრობლემებია, იცით? დირიჟორს ვერ გაურკვევია, რომელ გასაღებში იმღეროს მომღერალმა. ისმის ხმები, რომლებსაც შველა და მუშაობა უნდათ და ამ მომღერლების შველა კი არის ოპერის ხვალინდელი დღე. დიდი ტრადიცია აქვს ჩვენს ოპერას და ეს არ უნდა გაგრძელდეს? მიპასუხონ ჩემს კითხვებზე.

ამის შემდეგ უკვე ბრალდების ობიექტებთან დაკავშირება ვცადე. ბატონ გიორგი ჟორდანიას ტელეფონი გამორთული იყო, გივი ჭიჭინაძემ კი, რომელსაც შეტყობინებაც გავუგზავნეთ, ჩვენ ზარებს არ უპასუხა. სურვილის შემთხვევაში "ალია" სიამოვნებით დააფიქსირებს მათ პოზიციასაც, რადგანაც ბრალდებები ნამდვილად სერიოზულია.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა