შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა

შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა

შოპინგომანია, ონომანია, შოპოჰოლიზმი ან უბრალოდ, ყიდვამანია - ამ სენს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ბევრი ატარებს. კვლევების მიხედვით, ამერიკაში შოპინგომანიით 15 მილიონი ადამიანია დაავადებული, 55 მილიონი კი დამოკიდებულების ზღვარზეა. ინგლისში ყიდვის სენი ზრდასრულების 10%-ს აქვს შეყრილი. მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, "ყიდვამანიით" რამდენად არიან დაავადებული ქართველი მოზარდები თუ ზრდასრულები, ამის გასარკვევად რამდენიმე ბრენდულ მაღაზიას ვესტუმრე. კონსულტანტების თქმით, დღის განმავლობაში, თუ განსაკუთრებული ფასდაკლება არ არის, მაღაზიაში ძირითადად, "დამთვალიერებლები" შედიან...

ანანო, კონსულტანტი:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში არცთუ ისე დაბალი ფასებია, მყიდველი არ გვაკლია. ძირითადად, ერთგული კლიენტები გვყავს. ხშირად, ხალხი უბრალოდ, დასათვალიერებლად შემოდის. ტანსაცმლის თვალიერება, ვფიქრობ, ცალკე დაავადებაა. ასეთი სენით შეპყრობილებმა შეიძლება, საათი ან 2 საათი მაღაზიაში ისე გაატარონ, თითქოს მუზეუმში იყვნენ... ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე სამოსის სხვადასხვა ზომა გაუსინჯავთ, სარკის წინ დიდხანს უტრიალიათ და საბოლოოდ, არაფერი უყიდიათ...

ნანა ვადაჭკორია ექსპედიტორ კომპანიაში მუშაობს, რომელსაც საქართველოში ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით გამოწერილი ნივთები შემოაქვს...

- ძირითადად, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ელექტროტექნიკას იწერენ. გამოწერების რაოდენობა კი თანდათან საგრძნობლად მატულობს. აქტიურ მომხმარებლებს თითქმის ყველა რეისზე აქვთ ამანათი და თითო შეკვეთის თანხა 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. მომხმარებლები კერძო პირების გარდა, მსხვილი ორგანიზაციებიც არიან - ისინი ასობით კილო საქონელს ყიდულობენ. როგორც მომხმარებლები ამბობენ: მოლოდინის პერიოდია აზარტული. ზოგიერთი უმნიშვნელო წვრილმანს იწერს, ოღონდ კი რაღაცის მოლოდინში იყოს... თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც უკვე დამოკიდებულია ინტერნეტ-მაღაზიებზე და ბანკიდან თუ ახლობლებისგან ვალებს იღებენ. იმასაც გეტყვით, რომ ეს ის სენია, რომელიც ადრე თუ გვიან თავისთავად იკურნება - გარკვეული დროის შემდეგ მომხმარებლების უმეტესობა საქონლის გამოწერის ინტერესს კარგავს...

ნათია ბედენაშვილი ნამდვილი "შოპოჰოლიკია". მისი შემოსავლის 80% (ზოგჯერ მეტიც) იმ სიამოვნებას ეწირება, რასაც საყიდლებზე სიარული, სამოსის არჩევა, მოსინჯვა და ყიდვა ანიჭებს. თურმე, შოპინგომანებს მაღაზიებიდან დაბრუნების შემდეგ, დეპრესია ახასიათებთ, ნათიას კი დეპრესია მხოლოდ მაშინ ეუფლება, თუ მისთვის სასურველ ნივთს ან ტანსაცმელს ვერ შეიძენს...

- მაღაზიების ხშირი სტუმარი ხარ. ამას საჭიროების გამო აკეთებ თუ უბრალოდ, ყიდვის პროცესი გსიამოვნებს?

ნათია:

- შოპინგის სურვილი გამუდმებით მაქვს. თუ ტანსაცმელი მომეწონა და ჩემი ზომა არ აღმოჩნდება, ყველას ვეკითხები, - სად შეიძლება, რომ ვიშოვო-მეთქი? თუ ვერსად ვნახე, მის ძებნას ინტერნეტში ვიწყებ, რადგან გამუდმებით მაწუხებს სასურველ სამოსზე ფიქრი. ისე, რაღაცის გამოწერას მაღაზიაში მისვლა და ნივთის ყიდვა მირჩევნია...

- გამოწერის შემდეგ, სასურველი ნივთის მიღების მოლოდინი არ განიჭებს სიამოვნებას?

- კი, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა, როცა ახალი ნივთი ხელთ მაქვს, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. ყიდვაზე არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს შერჩევის პროცესი და შემდეგ უკვე ქაღალდის პარკებით სიარული... გამოწერის დროს ყიდვის სიხარული ნაკლებია. თანაც, ამ მოლოდინს სერიოზული ნერვიულობა ახლავს თან: მომერგება თუ არა? იქნება თუ არა ისეთი, როგორიც ფოტოზე ჩანს? ხშირია დეფექტის შემთხვევაც.

- შოპინგომანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი ნივთების ყიდვის გამო ფულის სესხებაა. ეს გახასიათებს?

- ფული მხოლოდ დისთვის გამომირთმევია, რათა ტანსაცმელი მეყიდა. მეგობრებს ან მშობლებს ჯერჯერობით, არ ვაწუხებ. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა შოპინგისას ბოლო თეთრამდე დამიხარჯავს. მაქვს კიდევ ასეთი ამოჩემება: დაბადების დღისთვის ყოველთვის ვაგროვებ ფულს, რათა მერე საყიდლებზე წავიდე. გათენდება თუ არა, "საშოპინგოდ" მივდივარ. ეს პროცესი მართლაც, აზარტულია. ამბობენ, - მოთამაშეები თამაშისას დროის შეგრძნებას კარგავენო. ჰოდა, მეც ასე მემართება, როცა მაღაზიებში დავდივარ. შარშან, ამის გამო, ოქსფორდში ჯგუფს ჩამოვრჩი და მაშინ ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე - ქსოვილების გამო რაღაც ძალიან საინტერესო გამოვტოვე...

- რადგან გაბრაზდი, გამოდის, მთლად "განწირული" არ ხარ. უსარგებლო ნივთები თუ გიყიდია?

- როცა რაღაცას ვყიდულობ, ვფიქრობ, რომ ის ნივთი აუცილებლად გამომადგება. თუმცა, მაინც დამიგროვდა უამრავი ისეთი რამ, რასაც ვერ ვიყენებ და ეს განსაკუთრებით, სამკაულს ეხება.

- ონომანიას შოპინგის შემდგომი დეპრესია ახასიათებს. ეს განცდა რამდენად ნაცნობია შენთვის?

- ძირითადად, იმას ვყიდულობ, რაც მომწონს, ამიტომ ასეთი განცდა არ მაქვს. მაგრამ აი, თუ ის ნივთი ვერ ვიყიდე, რაც მინდოდა, მაგრად "ვიგრუზები".

- სეილზომანია ფასდაკლებებისადმი ავადმყოფური ლტოლვაა. ფასდაკლებებს ალბათ, თვალყურს ადევნებ...

- ზუსტად ვიცი, რომელ მაღაზიაში რა დროს და როგორი ფასდაკლებაა. თანაც, ელექტრონულ ფოსტასა და მობილურზე მომდის ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ.

P.S. ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ "ყიდვადამოკიდებული" გვქვია, რასაც მედიცინასა და ფსიქოლოგიაში ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე დამოკიდებულებასთან აიგივებენ. შოპოჰოლიზმი, ისევე, როგორც სხვა სახის დამოკიდებულება, ნელ-ნელა იპყრობს ჩვენს ქცევასა და ნერვულ სისტემას, თანდათან იზრდება "დოზა" და მცირდება პირადი ან ოჯახის ბიუჯეტი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია