"ფოთლის აღსარება" - ასე დაარქვა ნატა ღეჩუაშვილმა თავის ახალ პოეტურ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსის "წითელ დარბაზში" გაიმართა. ნატა ექიმი-რადიოლოგი და ტატიშვილის კლინიკის წამყვანი თანამშრომელია.
ექიმები რომ ნიჭიერები და მრავალმხრივი ადამიანები არიან, ამაზე ამ ქალბატონის ცხოვრება და პოეზია მეტყველებს. გარდა იმისა, რომ არაერთი საინტერესო ლექსის ავტორია, ამასთან, მისი ტექსტები ცნობილ კომპოზიტორებს (გია მაჭარაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მაცაცო სებისკვერეაძე, მიშა გელაშვილი) აუმღერებიათ. საკუთარ ლექსებზე თავითონაც წერს მუსიკას, მღერის...
რაც შეეხება ახალ კრებულს, მასში ლექსები ძველი წიგნიდანაც შევიდა და ავტორმა ახალ ლექსებსაც მოუყარა თავი, რომლებსაც საღამოზე თავადაც კითხულობდა. ავტორმა საკუთარ სიმღერები როგორც მარტომ, ისე საკუთარ შვილებთან დუეტში და შვილის მეგობარ თინათინ მოსულიშვილთან ერთად კვარტეტში შეასრულა.
მისი შვილებიდან ერთ-ერთი, ცნობილი ტელეჟურნალისტი - გვანცა დარასელია გახლავთ, რომელიც დედის შემოქმედებით საღამოში აქტიურად იყო ჩართული. საღამოზე საგანგებოდ შესრულდა ნატას ლექსზე შექმნილი კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერა - "ფოთლის აღსარება".
ნატა ღეჩუაშვილის კრებულის პრეზენტაციას უამრავი სტუმარი დაესწრო: ექიმები, შოუბიზნესის წარმომადგენლები (ია ჩანტლაძე, სალომე ბაკურაძე), ავტორის მეგობრები... პრეზენტაციაზე, რომელსაც ჯონი ჯანაშია უძღვებოდა, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ტორტიც გაიჭრა. ის სიმბოლურად ლექსების კრებულს განასახიერებდა.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
