გიორგი მარგველაშვილი - დიდი ხანია, ჩემი რეიტინგი 50%-ს ზევით არის

გიორგი მარგველაშვილი - დიდი ხანია, ჩემი რეიტინგი 50%-ს ზევით არის

დიდი ხანია, მე 50%-ს ზევით მაქვს რეიტინგი, უკვე კარგა ხანია, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შეფასება სთხოვეს, რომლის თანახმადაც, მარგველაშვილის რეიტინგი 32 %-ს შეადგენს.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, იგი აღნიშნულ ორგანიზაციას არ იცნობს, რეიტინგებთან დაკავშირებით კი სხვა მონაცემები აქვს.

"ჩვენ გვაქვს სხვა მონაცემები. დიდი ხანია, მე 50%-ს ზევით მაქვს რეიტინგი, უკვე კარგა ხანია, ფაქტიურად, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ცოტა ხანში. ყველა ინტერნეტ პროვაიდერი ცალკე გამოკითხვას ატარებს და ნებისმიერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ უნდათ ჩრდილი მიაყენონ არჩევნებს.

"ეს არის უპრეცედენტოდ თავისუფალი არჩევნები საქართველოში. ასეთი არჩევნები, საქართველოს ჯერ არ ჰქონია, თავისუფალი მედიის პირობებში, როდესაც არ ხდება ბიზნესის კონტროლი, როდესაც არ ხდება პოლიციის მიერ ხალხზე ზეწოლა, არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. შესაბამისად, მთელი ეს ინსინუაციები და მთელი ეს ეპატაჟი, რისი შექმნაც უნდა "ნაციონალურ მოძრაობას", მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ჩრდილი მიაყენოს უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესს, არ გამოუვათ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოახერხებს, არა უბრალოდ გამარჯვებას, არამედ დემოკრატიული პროცესის ბოლომდე მიყვანას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა