რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები

რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები

"გზის" წინა ნომერში დავაანონსეთ, რომ ვილაპარაკებდით იმ პრობლემებზე, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ექმნებათ. გამოკითხული მშობლების უმეტესობა წუხს იმ საკვებზე, რომელსაც მისი შვილი მიირთმევს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია აქვს (ამ საკითხზე, ერთ-ერთი ბაღის დირექტორთან გასულ კვირას ვილაპარაკეთ). ზოგი წუხს, რომ მის შვილს პედაგოგები ზოგჯერ მკაცრად ექცევიან, მშობელს კი მიუთითებენ, რომ პატარამ ბუნებრივი მოთხოვნილება დილით, ბაღში წასვლამდე ან უკვე შინ დაბრუნებულმა უნდა დაიკმაყოფილოს; ზოგს მიაჩნია, რომ მათი შვილები ეზოში უფრო დიდხანს უნდა ჰყავდეთ და ყველანაირ გასართობ ატრაქციონზე სრიალის უფლება მისცენ, რაც ხშირ შემთხვევაში, მართლაც, შეზღუდულია და როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ისევ და ისევ ბავშვების უსაფრთხოების მიზნით.

ბევრს სხვადასხვა სახის ვირუსი, გადამდები დაავადება აშინებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი დაუდევარი მშობლის გამო შესაძლოა, ეპიდემიად იქცეს და ბაღში ყველა პატარა დასნებოვნდეს. მოკლედ, პრობლემას რა გამოლევს და ამ პრობლემების მოგვარებას მშობელი პედაგოგს სთხოვს, პედაგოგი კი იმ მშობლისკენ იშვერს თითს (და ვფიქრობ, სამართლიანადაც), რომელიც შვილზე პასუხისმგებლობას თავიდან იშორებს. თუ რას ვგულისხმობ, ამას ერთ-ერთ ბაღში არსებული სიტუაციიდან შეიტყობთ, მანამდე კი რამდენიმე მშობლის მოსაზრებას გაგაცნობთ:

ქეთი, 36 წლის (მშობელი):

- იმ ბაღში არსებული პირობებით, სადაც შვილი დამყავს, კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ მომწონს, პედაგოგები რომ მიმითითებენ: ვიდრე მოიყვანთ, იქნებ მანამდე დაიკმაყოფილოს ბუნებრივი მოთხოვნილებებიო. თუ ბავშვს სურვილი არ გაუჩნდა, იქნებ მითხრათ, ამის გაკეთება როგორ ვაიძულო? პედაგოგებს თავის ზედმეტად შეწუხება აღარ უნდათ, მით უმეტეს, რომ ჩვენს ჯგუფში 40-მდე ბავშვია და მგონი, არც სხვაგან არის ნაკლები აღსაზრდელი. კვება ნორმალური აქვთ. 2 წელია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ და ბავშვი ჯერ არ მოწამლულა.

კოტე, 42 წლის (მშობელი):

- ბაღში მოსვლა ხშირად არ მიწევს, მაგრამ ახლა ჩემი მეუღლე შეუძლოდ გახლავთ და მე მომიხდა ლუკას მოყვანა. პედაგოგებზე საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ბავშვი წუწუნებს, ატრაქციონებზე სრიალის, "კატაობის"უფლებას არ გვაძლევენო. თუ ასეა, არ მესმის, რად უნდათ საერთოდ ეს საქანელები? არ ჯობია, საერთოდ მოხსნან და შორიდან მაინც არ დაანახვონ? ასე ხომ პატარებს აღიზიანებენ - ამის თქმა მინდოდა დირექტორისთვის, მაგრამ ვერასდროს ვნახე, ჩემს მეუღლეს კი მასთან ლაპარაკი ერიდება. არადა, ეს იგივეა, მწვადი დამიდონ ცხვირწინ და მითხრან: იცოდე, არ ჭამო, თორემ გაწყენსო (იღიმის).

მარინა, 58 წლის (ბებია):

- ჩვენი პრობლემა ახლა იწყება. ხომ იცით, შემოდგომა-ზამთარში აქ ვირუსების ბუდეა. შარშან ბავშვი ერთი კვირა თუ ივლიდა ბაღში, მეორე კვირა შინ გვყავდა (ხან რა ვირუსს იკიდებდა, ხანაც - რას). თან, მაშინ ბაღიც ფასიანი იყო. წელს გადასახდი რომ არ მოეხსნათ, ალბათ არც ვატარებდით. უფასო რომ გახდა, ამიტომაც გავრისკეთ, მაგრამ თურმე, ახალი ფულის მახე გამოუგონიათ: თუ ბავშვი 5 დღეს გააცდენს, რაღაც ცნობა უნდა მოიტანოო, ის ცნობა კი თურმე, 25 თუ 35 ლარი ღირს.

- არა მგონია, ჯანმრთელობის ცნობის აღება ფასიანი იყოს...

- ამხელა ქალს არ დამეჯერება? თუმცა, ჯერ არ დამჭირვებია და იქნებ ჭორიც არის, მაგრამ აქ მშობლები ასე ამბობენ და რა ვიცი. ბავშვის ავადმყოფობის მერე მისი ბაღში მიღება 25 ლარი თუ დაგვიჯდა, ეს იგივეა, რომ ფასიანი იყოს...

ნაირა ბახია, 155-ე ბაგა-ბაღის დირექტორი:

- ჩვენი აღსაზრდელების მშობლების უმეტესობა ბაღში არსებული პირობებით კმაყოფილია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ, არაფერი მოსწონთ. ორი წელია, აქ ვმუშაობ და ამ ორი წლის მანძილზე ჩვენთან გლობალური ეპიდემია არ დაფიქსირებულა. ხომ გახსოვთ, შარშან წითელა და ყბაყურა იყო მთელ საქართველოში მოდებული, მაგრამ ჩვენი დაწესებულების დროებითი დახურვაც არ გახდა საჭირო. როცა 35 ბავშვიდან მხოლოდ ხუთი დაავადდება, ეს ეპიდემიას არ ნიშნავს.

- ხშირად, ერთი დაავადებული პატარა თანატოლების დასნებოვნების მიზეზი ხდება...

- მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პრობლემა ავიცილოთ. პირადად მე, დილით მასწავლებლებთან და ექთანთან ერთად შემოსასვლელში ვდგავარ და ბავშვებს ვამოწმებ. ცხადია, ვიზუალურად, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევა, როცა რაღაც ჩვენს თვალსაც გამოეპარება. მაგალითად, ზოგიერთი მშობელი ცდილობს, დაავადებული პატარა შემოგვაპაროს და ამას ახერხებს კიდეც. გვქონდა ასეთი შემთხვევა: თურმე, ბავშვს დილით ჰქონია მაღალი, დაახლოებით 40 გრადუსი სიცხე, მშობელმა მისცა სიცხის დამწევი პრეპარატი, მერე კი პატარა, რომელსაც გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, გაუფრთხილებლად დაგვიტოვა. ბავშვს ერთ საათში სიცხემ ისევ 40 გრადუსამდე აუწია. მშობელთან დაკავშირებას შევეცადეთ, მაგრამ მან ტელეფონი გათიშა. იძულებული გავხდით, "სასწრაფო დახმარება"გამოგვეძახა. ბევრი მშობელი თავს არიდებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა პატარა ენტეროვირუსით იყო დაავადებული, მშობელმა კი დაუფიქრებლად დატოვა. მისთვის საფენების გამოცვლას ვერ ვასწრებდით და ვერც ოჯახის წევრებს ვუკავშირდებოდით. დაახლოებით 4 საათისთვის, როგორც იქნა, დედამისს დავუკავშირდით და იცით, რა გვიპასუხა? - არაფერი გიჭირთ, მაღაზიაში გადადით და "ნაბეღლავი"უყიდეთო. თქვენი აზრით, ეს რა არის, თუ არა გულგრილობა საკუთარი შვილის მიმართ? ყველა მშობელი ერთნაირად პატივსაცემია და ყველა ბავშვი საყვარელია. აქედან გამომდინარე, მერწმუნეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს საკუთარი შვილები უყვარდეთ! არადა, ზოგჯერ ადამიანს ამაშიც ეჭვი შეგეპარება. ამას წინათ ერთმა მშობელმა კრებაზე თქვა: ვაიმე, აქ რას ვხედავ, ზოგიერთებს საკუთარი შვილების მოვლა არ გინდათო. მშობელმა შვილს სითბო უნდა მისცეს, რომ ის ჯანსაღ პიროვნებად აღიზარდოს. ბავშვებს მთელი 9 საათით გვიტოვებენ და ზოგიერთებს ამის შემდეგაც არ უნდათ მათი წაყვანა.

- ამბობთ, რომ მშობლებს შვილების შინ წაყვანის სურვილი არ აქვთ?

- თავად განსაჯეთ: ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა პატარა თავის დროზე არ წაუყვანიათ, მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ უბრალოდ, ბაღში მოსვლა დაავიწყდათ. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ამ შენობას არ ვტოვებ მანამ, ვიდრე ყველა არ წავა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჯგუფის პედაგოგმა მითხრა: ერთი აღსაზრდელის მშობელი არ ჩანს და ხომ არ დავუკავშირდეთო? - იქნებ რაღაც შეემთხვა და ცოტა ხანს დაველოდოთ-მეთქი. 8 საათი რომ დაიწყო და ბავშვს არავინ მოაკითხა, შევშფოთდით. დავურეკეთ დედამისს, რომელმაც მშვიდად გვკითხა, - რამ შეგაწუხათო? - ბავშვი ჩვენთან არის და იქნებ მოაკითხოთ-მეთქი. - უი, დამავიწყდა, გამოსაყვანი რომ მყავდაო. მასწავლებელს და დარაჯს, რომელიც ჩემთან ერთად ელოდებოდნენ ქალბატონის მობრძანებას, ვუთხარი: ნახეთ, რომ მოვა, არც ბოდიშს მოიხდის და არც მადლობას გვეტყვის-მეთქი. მართლაც, მან ჭიშკრიდან დაუძახა ბავშვს: დე, მოვედი, ჩქარა წამოდიო. გავძახე: გმადლობთ, რომ შვილს მოაკითხეთ-მეთქი. - არაფრისო, - და წავიდა (იღიმის).

- ამბობენ, რომ თუ ბავშვი ბაღში 5 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება, მის მშობელს მოუწევს რაღაც ცნობის მოტანა, რომლის საფასურიც 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. ეს ჭორია თუ რეალობა?

- 5 არასაპატიო გაცდენის შემდეგ ბავშვი ან მისი მშობელი თუ არ გამოცხადდება, მათ დაველოდებით კიდევ 2 დღე. თუ ამ დროის განმავლობაშიც არ შეგვატყობინებენ, პატარას რა სჭირს, ის გაირიცხება. მაგრამ თუ მშობელი მოვა და გვეტყვის, რომ ბავშვი ავად არის და მოიტანს ჯანმრთელობის ცნობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ასეთი ცნობის აღება კი თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისთვის არის უფასო! ვფიქრობ, ვიღაცები ხელოვნურად ქმნიან ამ პრობლემას. ჰოდა, შედეგად, ზოგს ავადმყოფი შვილი მოჰყავს იმისთვის, რომ დაგვიმტკიცოს, ბავშვს სურდო აქვს ან ყელი სტკივა, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც მოვიყვანეო. ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია - ავადმყოფობის გამო ჯარიმას არავინ იხდის! ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესია და ერთმანეთს ყველაფერში უნდა შევუწყოთ ხელი.

- როგორც ვიცი, მშობელთა კრებაზე ხშირად უსვამთ ხაზს ჰიგიენის პრობლემას...

- რთულია ამაზე ლაპარაკი და მით უმეტეს, მშობლისთვის იმის თქმა, რომ მის შვილს ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მაგრამ სხვა გზა არ არის, მათ ამაზე დელიკატურად უნდა მივუთითოთ. ჩვენი ექთანი ყველა ბავშვს, კვირაში ერთხელ უმოწმებს მაგალითად, თავს. თუ რაიმე არასასურველს აღმოაჩენს, ვალდებულები ვართ, ამის შესახებ მშობელს ვუთხრათ: ზოგი გვიბრაზდება, უკადრისობს, ზოგი კი ნორმალურად აღიქვამს ყველაფერს და შესაბამის ზომებს იღებს, მაგრამ ჩვენ დასნებოვნებულ ბავშვს, პროფილაქტიკის მიზნით, მეორე დღეს ვერ მივიღებთ. მესამე დღეს ვამოწმებთ, პრობლემა მოგვარებულია თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ ბავშვებთან სათამაშოდ. ასევე ვაწყდებით პამპერსების პრობლემას - ზოგიერთ მშობელს დილით ავიწყდება, რომ შვილს ის პამპერსი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ეცვა, დილით უნდა გამოუცვალოს. ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, საკუთარი შვილის უპატივცემულობაა და მერე - ჩვენი. მშობელს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ მის შვილს ყველა მიეფეროს, ამისთვის კი საჭიროა, პატარა მოვლილი იყოს. აქ პამპერსს ყველას ვუცვლით, ეს არ გვეზარება, მაგრამ ჩვენამდე მაინც ხომ უნდა მოიყვანონ სუფთად?..

- დაბოლოს, რას ისურვებდით, როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი?

- სხვათა შორის, დედაჩემიც საბავშვო ბაღის გამგე გახლდათ. ძალიან მინდოდა, მეც მევლო ბაღში, მაგრამ არ მატარებდა. ერთხელ ვკითხე: რატომ არ შეიძლება, სხვების მსგავსად, მეც ვიარო-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? - დედიკო, მე რომ იქ წაგიყვანო, ძალაუნებურად, ჩემ გვერდით იქნები და იმ ბავშვებს, რომლებსაც დედიკოები გვერდით არ ეყოლებათ, გული დასწყდებათო. ერთ დღეს სახლში ჩიტი შემოფრინდა. დედამ დაიჭირა და მომაწოდა: ნახე, გული როგორ უფეთქავს. ჰოდა, შენ რომ ბაღში წაგიყვანო, როცა ჩემ გვერდით იქნები და სხვები დაგინახავენ, მათი გულებიც ასე დაიწყებს ფეთქვასო. დამფრთხალი ჩიტის გულის ფეთქვა საოცრად დამამახსოვრდა და დედას სიტყვების სიმართლეშიც ნელ-ნელა დავრწმუნდი... მშობლები საკუთარი შვილებისთვის უფრო მეტ დროს თუ გამონახავენ და უფრო მეტი მზრუნველობით მოექცევიან, კარგი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ისინი არა მარტო მათი, არამედ ზოგადად, საქართველოს შვილები არიან. მომავალი თაობა აუცილებლად, ყველამ ერთად, ჯანსაღად უნდა აღვზარდოთ. მჯერა, ყველას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ამა თუ იმ პრობლემის გამო, მათთვის საჭირო დრო არ რჩებათ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგია და მათ შორის, კარგი მატერიალური მდგომარეობაც, მაგრამ შვილთან ურთიერთობას არაფერი ჯობია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, "ოქროს შუალედი"გამოვნახოთ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თითოეულ პატარას ვუსურვებ, ჯანმრთელი და კარგი მოქალაქე გამხდარიყოს.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია