"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"

"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"

მომდევნო სემესტრიდან სკოლებში მანდატურების ფუნქციები შეიცვლება - მანდატურის სახელწოდებას "ბავშვთა დაცვის ოფიცერი" ჩაანაცვლებს და მისი ძირითადი მოვალეობა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის "ბავშვთა დაცვის ოფიცერით" ჩანაცვლება მათივე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა, რისთვისაც ისინი მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრში გადამზადდებიან.

სამინისტროში ამბობენ, რომ "განათლების შესახებ კანონში" შესული ცვლილებების საფუძველზე, მანდატურს სკოლის ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩარევის, ასევე გაკვეთილების კონტროლის უფლება აღარ ექნება და მათი მთავარი მოვალეობა მოსწავლეების დაცვა იქნება.

ამასთან "ბავშვთა დაცვის ოფიცრებს" საშუალება ექნებათ თითოეულ უბანში ან რეგიონში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად იმუშაონ, რაც საშუალებას მისცემთ განიხილონ პრობლემური შემთხვევები, გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და ერთმანეთთან კონსულტაციები გაიარონ.

"მანდატურების შესვლის დღიდან სკოლებში რაოდენობრივად შემცირდა დანაშაულის ფაქტები, თუმცა, სკოლა ძალადობრივი ნორმებისაგან მაინც ვერ გათავისუფლდა. რამდენიმეწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ მანდატურის სამსახური ფუნქციურ რეორგანიზაციას, მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათთვის, ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებში, მეტი კომპეტენციის მინიჭებას საჭიროებს".

"უსაფრთხო სკოლის პროგრამის განხორციელებისთვის მხოლოდ პრობლემების რაოდენობრივი აღრიცხვა და მოსწავლეთა დასჯის გზით დანაშაულის პრევენცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ სამინისტრომ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მანდატურების ფუნქციებს შეცვლის.

"რეორგანიზაცია გულისხმობს მანდატურის სამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი ფუნქციების ზრდას. ცვლილებები სამსახურის სახისა და სახელის შეცვლასაც ითვალისწინებს: მანდატურის სამსახურს "ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახური", ხოლო მანდატურებს "ბავშვთა დაცვის ოფიცრები" დაერქმევათ და ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთა მოვალეობა იქნება ბავშვის დაცვა როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ", - განუმარტეს "მთელ კვირას" სამინისტროში.

რაც შეეხება ვიზიალურ მხარეს - მანდატურთა ფორმის შესახებ, ცვლილებები ამ კუთხითაც იგეგმება. "ბავშვთა დაცვის ოფიცრისთვის" სპეციალური ახალი ფორმა უკვე იკერება, რომელიც მანდატურის ფორმისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მოკრძალებული იქნება. ფორმაზე "ბავშვთა დაცვის ოფიცრის" გვარი და მისი სტატუსი იქნება მითითებული, ამის შესახებ "მთელ კვირას" მანდატურთა სამსახუროს უფროსმა, ვახტანგ მეიფარიანმა განუცხადა.

"ახალ ფორმაზე კონკურსი ზაფხულში გამოცხადდა და დიზაინერები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. მანდატურისგან განსხვავებით "ბავშვთა დაცვის ოფიცრის ფორმა" უფრო მისაღები და მოკრძალებული იქნება. მაგალითად ქალბატონები ჰალსტუხების ნაცვლად შარფს გაიკეთებენ.

ფორმაზე დამატებით ე.წ. "ბეიჯიც" იქნება, რომელზეც ოფიცრის გვარი და სტატუსი იქნება აღნიშნული. სხვა განსხვავებული არაფერი იქნება, მხოლოდ რაცია და საჭირო ნივთები", - უთხრა "მთელ კვირას" მეიფარიანმა.

მისივე თქმით, მანდატურები ბავშვთა უფლებებსა და მათ ჯანმრთელობაზეც იზრუნებენ, რისთვისაც ისინი სპეციალურ გადამზადებას მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრში გაივლიან.

მეიფარიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბავშვთა დაცვის ოფიცრებისთვის" სპეციალური მინი-აფთიაქი იქნება გამოყოფილი, რის მეშვეობითაც ოფიცრები მოსწავლეებს საჭიროებისამებრ პირველად დახმარებას გაუწევენ. ამასთან ისინი მოსწავლეთა უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე გარე პერიმეტრზე დაიცავენ.

"ბავშვთა დაცვის ოფიცერი მთლიანად მოსწავლის უფლებების დაცვასა და მათ უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ. დავუშვათ ოფიცერმა დაინახა, რომ სკოლის შენობის გარეთ მოსწავლე ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი უფლებები ირღვევა, იგი ვალდებულია ადგილზე მივიდეს და სიტუაცია განმუხტოს. საჭიროების შემთხვევაში კი სამართალდამცავ ორგანოებს გამოუძახოს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მანდატურთა სამსახურის უფროსი.

"ბავშვთა დაცვის ოფიცრის" მაღალკვალფიციურ კადრად ჩამოყლაიბებას 2013 წლის აპრილიდან მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ფსიქოლოგიური ცენტრი უზრუნველყოფს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ ცენტრში პროგრამის ფარგლებში, მანდატურთა გარკვეული რაოდენობის სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო მომავალში მათ გამოცდების ჩაბარება და დანარჩენი მანდატურების დატრენინგება მოუწევთ.

"პირველ ეტაპზე 30 მანდატური გადამზადდება, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ფსიქოლოგიის საფუძვლები, მედიაცია, კონფლიქტოლოგია, ასაკობრივი თავისებურებები, ტრავმა, ძალადობის შემთხვევაში ბავშვების რეფერირების პროცედურები. მეორე ეტაპზე გადამზადებული მანდატურები ჩააბარებენ გამოცდებს და ისინი ფსიქოლოგიურ ცენტრთან ერთად დანარჩენ მანდატურებს დაატრენინგებენ.

"სამომავლოდ კი მათ უნდა შეძლონ: მოსწავლეთა ფიზიკური და ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, პრევენციულ დონეზე მუშაობა და მოსწავლეთა ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებზე, "ბავშვის შემთხვევის" რისკის განსაზღვრა, რეაგირება, კრიზისული სიტუაციების მართვა, მცირე კონფლიქტების მოგვარება-მედიაცია, ძალადობის ან სხვა შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ბავშვის გადამისამართება ფსიქოლოგიურ ცენტრში ან შესაბამის სამსახურში.

"აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანდატურის სამსახურის ფუნქცია და კომპეტენცია იცვლება და ის მთლიანად ბავშვის უფლებების დაცვასა და მის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული. ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს და მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ - "პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის" კონცეფციის განხორციელებაში.

"ამ კონცეფციის მიზანია სკოლებში მოსწავლეთა ყველა ფენის წარმომადგენლისთვის პროფესიული და პიროვნული განვითარების სრული და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მათი მომზადება შემდგომი დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. ფსიქოლოგიური ცენტრი, მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, მოამზადებს ამ ინიციატივაში ჩართულ კადრებს, კერძოდ, უზრუნველყოფს პროფკონსულტანტების შერჩევასა და გადამზადებას, რომლებმაც თავის მხრივ, მონაწილეობა უნდა მიიღონ მოსწავლის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვაში, კოორდინაცია გაუწიონ ამ მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს სკოლებში, უნდა უზრუნველყონ სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით", - განუცხადეს "მთელ კვირას" სამინისტროში.

სალომე სარიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია