დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს -კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სვეტიცხოველში წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვაზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო წმინდანთა წმიდა ნაწილები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებებს დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ღონისძიებები მოიცავს სახალხო ზეიმს - მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) - ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის, ნახატების გამოფენა-გაყიდვას; სანდრო კანდელაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაფლის ფესტივალს; მცხეთის რაიონული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს; აღმაშენებლის ქუჩაზე პარალელურად გაიმართება ღონისძიებები - საცირკო სანახაობა; სპორტული ღონისძიება - მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი; სტადიონებზე - მინი-ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ფრენბურთი; "თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე კი - კუთხური სამზარეულოს ფესტივალი.

საზეიმო გალაკონცერტის პირველ ნაწილს მცხეთის ვაჟთა ანსამბლი "მცხეთა" გახსნის. საზეიმო მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამენ მცხეთის კულტურისა და სპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორი გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

გალაკონცერტის მეორე, ახალგაზრდულ ნაწილში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ბიგ-ბენდი" - გია მაჭარაშვილი, აკაკი ვაშალომიძე, თემო მაისაშვილი, ნუგზარ ორჯონიკიძე და სხვები, ასევე, სოლისტები ქეთი ორჯონიკიძე, თემურ საჯაია, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩიქოვანი, თეკლა კალმახელიძე, ნინი წიკლაური, ვერიკო მაცაბერიძე, ტატო გოდერძიშვილი.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს საღამოს საზეიმო ფოიერვერკი და გალაკონცერტი დაასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია