"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"

"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"

რუსეთმა აგვისტოს ომის "გმირის", პილოტ ივან ნეჩაევის მეჩირაღდნედ გამწესებით მოგვცა სრული ლეგიტიმური უფლება, მასხრად ავიგდოთ სოჭის ოლიმპიადაც და მისი ჩირაღდნებიც. კერძოდ, ნეჩაევი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ბომბავდა რუსულ კოლონებს (ქართული ეგონა), რუს მეზენიტეებს კი მისი ჩე-25 ქართული ეგონათ და რაკეტები ესროლეს. ნეჩაევმა დაზიანებული თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა. კურიოზი ის არის, რომ ნეჩაევიც დააჯილდოეს (ვითომდა ქართველი მეზენიტეებისგან თვითმფრინავის გადარჩენისთვის) და ზემოხსენებული რუსი მეზენიტეც (ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის).

ოფიციალურ თბილისს ეს კომიკური ისტორია კარგად რომ შეეფუთა, კლიპი რომ გადაეღო, მსოფლიოსთვის მოედო და ცალკე ნეჩაევისთვის (რუსული კოლონების დაბომბვისთვის) და ცალკე ზემოხსენებული რუსი მეზენიტისთვის (რუსული თვითმფრინავის დაზიანებისთვის) თაიგულები გაეგზავნა, მერე ვნახავდით, დაცინვის კორიანტელში როგორ იკუნტრუშებდა ზოგ-ზოგიერთი ჩირაღდნით ხელში. ხუმრობა იქით იყოს და, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეების არგუმენტებიც გასაგებია და იმათიც, ვინც წასვლას ემხრობიან. თუმცა ფაქტია, პროტესტის გამოცხადება მაინც მოგვიწევს და, ალბათ, გადასაწყვეტია, სად უფრო ეფექტური იქნება დემარში: თბილისში თუ სოჭში. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- მივესალმები, რომ სახელმწიფო არ ერევა სოჭის ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში. ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია, გამოაცხადებს თუ არა ქართული მხარე ბოიკოტს. მე, მაგალითად, მივცემდი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას, ოღონდ არა საქართველოს დროშით. კარგი იქნებოდა, ქართველ სპორტსმენებს სოჭში ეროვნული კი არა, ოლიმპიური დროშა აეფრიალებინათ - ეს უფრო მტკივნეული იქნება რუსებისთვის, ვიდრე საქართველოს უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბოიკოტზე ერთი დღე ილაპარაკებდნენ, მერე კი ყველას დაავიწყდებოდა.

- თქვენ ზემოთ ბრძანეთ, რომ ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში სახელმწიფო არ ერევა. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიმპიური კომიტეტი ბოიკოტის თუ წასვლის თაობაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ხელისუფლებისგან "სიგნალებს" ელოდება.

- სამწუხაროდ, ეს ქართული მენტალიტეტის გამოვლინებაა. ოლიმპიური კომიტეტი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ ერევა ამ აჟიოტაჟში და დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და არ ელოდოს მთავრობის ნებას.

- თუმცა მთავრობის წევრები თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რომელიც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაში აისახოს. მაგალითად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სწორედ რუსეთს სურს, რომ ქართულმა მხარემ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოსო.

- ჩემი აზრით, რუსებს, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, ჩავლენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭში. თუმცა შესაძლოა, შიშობენ კიდეც, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე პოლიტიკურ დემარშებს მიმართავენ, მაგრამ გული ნამდვილად არ უსკდებათ. რასაკვირველია, რუსებს თავს გაუვიდათ, რად ღირს თუნდაც ოლიმპიურ მეჩირაღდნედ იმ რუსი პილოტის არჩევა, რომელიც საქართველოს ბომბავდა. თუმცა, მეორე მხრივ, ნახეთ, რა ქნეს - მეორე მეჩირაღდნედ ქართველი დიანა ღურწკაია აირჩიეს. ეს ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენიდან გამოყოლილი ცბიერებაა, მაგრამ დღეს ასეთი დიპლომატია არ ჭრის, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება.

- და ამ ჟესტით ჩვენთვის უნდოდათ რაიმეს თქმა თუ მსოფლიოსთვის?

- ეს ჟესტი, უპირველესად მსოფლიოსთვის არის გათვლილი, რომ ვითომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მეჩირაღდნედ ჰყავთ საქართველოსთან ომის "გმირიც" და ქართველი დიანა ღურწკაიაც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა და რუსეთმა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

- მხოლოდ მეჩირაღდნეში არ არის საქმე. რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ქართველების სახლ-კარზე მავთულხლართებსა და ღობეებს ავლებენ. სხვათა შორის, ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა (დათქმით, რომ ოლიმპიადაზეც იქნებოდა საუბარი), თუმცა, უარი მიიღო. პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლება ზემოხსენებული საკითხების მოგვარებაზე ისედაც მუშაობს და სააკაშვილის პიარაქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

- ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია. რისი გამკეთებელია უშიშროების საბჭო?! აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ თვეში სააკაშვილს უფლებამოსილება ეწურება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშიშროების საბჭომ? რა ძალით დაახევინებენ უკან რუსეთს, მავთულხლართებს მოაშლევინებენ?! მაქსიმუმ, პროტესტი გამოაცხადოს, ამას კი, ისედაც აკეთებს ხელისუფლება. ზემოხსენებულ თემებზე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება დროის უქმად დაკარგვაა. მით უმეტეს, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს ფუნქცია დაუკარგა, მხოლოდ ფულის "გარეცხვის" მექანიზმად გადააქცია. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას - დარწმუნებული ვარ, ეს თემა იქნება ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში და დასავლეთის რეაგირებაც მოჰყვება. ასე რომ, პოლიტიკური დემარშები იქნება. ისიც ნათელია, რომ მოსკოვის ასეთ პოლიტიკას საქართველოს საკითხში პერსპექტივა არა აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია