რატომ აეკრძალა მღვდელთმსახურება დეკანოზ იაკობ აბაშიძეს?

რატომ აეკრძალა მღვდელთმსახურება დეკანოზ იაკობ აბაშიძეს?

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ იაკობ აბაშიძეს მღვდელთმსახურება აეკრძალა. სინოდის 11 ოქტომბრის სხდომის განჩინება საპატრიარქომ დღეს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და მღვდელმსახურება მას საეკლესიო სამართლის კანონების რამდენიმე მუხლით აეკრძალა. კერძოდ, მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე.

ასევე სინოდის განჩინებით, დეკანოზი იაკობ აბაშიძე სინანულისთვის ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში გაიგზავნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოში კომენტარს არ აკეთებენ.

მოციქულთა კრების XXVI მუხლის თანხამად, სასულიერო პირი არ უნდა იცვლიდეს ადგილს ქალაქიდან ქალაქში. ტრულის კრების V კანონის თანახმად კი "სასულიერო პირი, რომელსაც არა ჰყავს მასთან მაცხოვრებელი, კანონით განსაზღვრული ეჭვმიუტანელი პირი, ნუ აიყვანს თავისთან დედაკაცს, ან მხევალს, რათა არ აღმოჩნდეს ამისათვის განკითხვის ქვეშ". ამასთან, ტრულის კრების VI კანონში განმარტებულია, რომ "დიაკონს, ან მღვდელს აღარ აქვთ დაქორწინების უფლება; ვინც გაკადნიერდება და ამ განჩინებას დაარღვევს, განიკვეთოს; ხოლო თუ ვინმეს, საეკლესიო მწყობრში შემსვლელთაგანს, კანონიერად დაქორწინება სურს, მან ეს მანამ გააკეთოს, სანამ იპოდიაკვნად, დიაკვნად, ან მღვდლად ხელთდასხმას მიიღებდეს".

ნეო-კესარიის კრების I კანონით "თუ მღვდელი იქორწინებს, ის კარგავს სამღვდელო დასის წევრობის უფლებას, ხოლო თუ ისიძვებს ან იმრუშებს, იგი დაისჯება სრული განდევნით და ჩაყენებულ იქნება მონანულთა რიგში".

წმინდა სინოდის განჩინებაში მითითებული კიდევ ერთი საეკლესიო სამართლით, წმ. ბასილი დიდის XXXII კანონები, რომელიც რამდენიმე თავს შეიცავს და იგი დაკონკრეტებული არ არის.

დეკანოზი იაკობ აბაშიძე ბოლო დრომდე თბილისში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მსახურობდა, იგი რამდენიმე წელია, რაც ამ მიზნით ზესტაფონიდან გადმოიყვანეს. დეკანოზ იაკობ აბაშიძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის მიზეზების შესახებ საპატრიარქოში კომენტარს არ აკეთებენ. 

ეკა ბახუტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია