"რა დავუშავე პოლიციას, რომ ნეკნები დამიმტვრიეს"

"რა დავუშავე პოლიციას, რომ ნეკნები დამიმტვრიეს"

ხელისუფლების ცვლის შემდეგ შს სამინისტროს კვლავაც აკრიტიკებენ. ყოფილი ხელისუფლების წევრებმა არაერთხელ სცადეს ამ უწყებით მანიპულირება. სწორედ ასეთ საკითხად აღიქმება მოქალაქე დავით კაპანაძის საქმეც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქე კაპანაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც არ დააყოვნეს, ნეკნებდამტვრეულ მოქალაქეს შინ კამერებით მიადგნენ და ღარიბაშვილის უწყების ლანძღვა-გინება მთელ საქართველოს მოასმენინეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ კაპანაძის ცემის ფაქტს შსს უარყოფს. პრესსამსახურის განცხადებით, სინამდვილეში კაპანაძე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის პოლიციამ ნარკოლოგიურ კლინიკაში მიიყვანა და ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს დავუკავშირდით, თუმცა ლაშა ცნობილაძესთან, რომელიც გენინსპექციის თანამშრომელია, გასაუბრება ვერ მოხერხდა.

დავით კაპანაძე, დაზარალებული: - 147-ე სკოლაში ქორეოგრაფად ვმუშაობ. ჩემამდე თამაზ ჟორჟოლიანი მუშაობდა, რომელმაც დაბრუნება გადაწყვიტა. ამის გამო ვიკამათეთ. როგორც ჩანს, ჩვენი კამათის შესახებ ჟორჟოლიანმა ვიღაცებს აცნობა... ნახევარ საათში ტელეფონზე მამაკაცმა დამირეკა და ლაშა ცნობილაძედ, თამაზ ჟორჟოლიანის სიძედ გამეცნო. შეხვედრა მთხოვა, თუმცა ორი დღე აღარ დამკავშირებია. მესამე დღეს ღამის 10 საათზე მთვრალმა დამირეკა და გინება დამიწყო, უნდოდა სადმე შევხვედროდი. ვუთხარი, როცა გამოფხიზლდები, თავად დაგირეკავ-მეთქი.

- როგორც გავარკვიე, მერე თქვენც დაურეკეთ და აგინეთ...

- ამას არც ვმალავ... მითხრა, შევხვდეთო და მეც დავთანხმდი. თავიდან მარტო მოვიდა, მერე უკან მიიხედა, ვიღაცას ხელი დაუქნია და წამში 20-ზე მეტი მამაკაცი შემომესია. მანქანაში მტენიდნენ. გავუძალიანდი. ცნობილაძე ზურგიდან მომადგა და წიხლი ჩამარტყა ფერდებში. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მანქანაში...

- როცა ქვეგანყოფილებაში გადაგიყვანეს, ისევ გცემეს?

- თავში მირტყამდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, გასწორდი და ისე შედი შენობაშიო. ცნობილაძე ცემის დროს ხომ მახსენებდა ჩემი და მისი სიმამრის საქმეს, პოლიციაშიც განაგრძო საქმის გარჩევა.

- ოფიციალური განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაგიმტკიცდათ.

- ვერ დავმალავ, მართლა მქონდა მიღებული რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება. თუმცა იმას ვერავინ იტყვის, რომ მომხმარებელი ვარ. მთავარი ის არის, რა დავუშავე პოლიციას იმის ფასი, რომ ნეკნები დამიმტვრიეს. თუ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დამაკავეს, რატომ არ მითხრეს ეს, რად უნდოდა ჩემს დაკავებას მთელი ოცეული? ეს იყო ცნობილაძის ჩაწყობილი ოპერაცია.

- 112-ზე როდის დარეკეთ?

- როგორც კი პოლიციიდან წამოვედი, გამოვიძახე სასწრაფო დახმარება. ვეღარ ვმოძრაობდი. ამის ნახვა შეიძლება, ამოიღონ ჩანაწერი და მიხვდებიან, რომ სხვაგან ჩხუბს ვერ მოვასწრებდი.

იხილეთ სტატის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ