გიგა ბოკერიას მოსკოვური კავშირები - რა ფარულ ურთიერთობებში ამხელენ უშიშროების საბჭოს მდივანს

გიგა ბოკერიას მოსკოვური კავშირები - რა ფარულ ურთიერთობებში ამხელენ უშიშროების საბჭოს მდივანს

ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით, ამ წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. რომ არა საქართველოს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კეთილი ნება, ვერასოდეს იხილავდა მზის შუქს. საქმე ეხება 10 ოქტომბერს ინგლისურ ჟურნალ "ეკონომისტში" გამოქვეყნებულ სტატიას ("საქართველოს მომავალი - არანაირი ცვლილება უკეთესობისკენ"), სადაც საუბარია იმაზე, როგორ გააცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა ბნელი ძალები, როგორ დაანგრია ეკონომიკა და როგორ ამყარებს დიქტატურას. ამავე სტატიაში მოყვანილია უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ინტერვიუ... მისი თქმით: "ბიძინა ივანიშვილს სურს, დარჩეს საქართველოს პოლიტიკურ დაფაზე, მაგრამ ამავდროულად, არ აიღოს პასუხისმგებლობა. მისი წასვლა გამოიწვევს სახელისუფლებო ვაკუუმს, რაც შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა სამუშაო ადგილების შექმნისა და კანონის უზენაესობის დაპირებით, თუმცა მისი მთავარი ამოცანა სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" განადგურება იყო. ამჟამად ეკონომიკა გაჩერებულია, რუსი ჯარისკაცები კი მავთულხლართებით აფიქსირებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ საზღვრებს. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებაში დააბრუნა ზოგიერთი ბნელი ძალა, მათ შორის, ნახევრად კრიმინალური ჯგუფები და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, რომლებმაც მოაწყვეს "ლგბტ"-ს მხარდამჭერთა საწინააღმდეგო არეულობები. საქართველოში აღზევებას განიცდის ანტისომხური და ანტიმუსლიმანური რიტორიკა".

აი, იმ ბრალდებების მთელი რიგი, რაც "დაუნდობლად" წამოახვავა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ეს ყველაფერი ვინმე ყავლგასულ ექსპერტს რომ დაეწერა, ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს იმ საჯარო მოხელესთან, რომელიც პირდაპირ ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას თავისი უგუნური განცხადებებით. სანამ იმაზე მოგახსენებთ, როგორ და რანაირად უკვეთს ბოკერია უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს სტატიებს, მინდა, მის მიერ გამოთქმულ "სიბრძნეებს" შორის ძალიან სახიფათო მინიშნებებზე გავამახვილო ყურადღება: ესე იგი, გაქსუებული ბოკერია ამბობს, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნება და უმართავი პროცესები დაიწყებაო. დიახ, სწორედ ამაზე ოცნებობენ სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მისნი, ისინი აპირებენ ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნებას. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ბოკერიასნაირ ავანტიურისტს ჯერ უშიშროების საბჭოდან გამოაგდებდნენ წიხლისკვრით, შემდეგ კი იქ მოათავსებდნენ, სადაც ყველაფერს ნახევარ საათში დაფქვავდა. თავი დავანებოთ იმას, სამართლიანად აკრიტიკებს თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს... ის აშკარად აღვივებს სეპარატიზმს საქართველოში, როცა ამბობს, აღზევებას განიცდის ანტისომხური და ანტიმუსლიმანური რიტორიკაო. სად, როდის, რა ვითარებაში მოისმინა გიგა ბოკერიამ მსგავსი რიტორიკა? საქართველო ხომ ლამის ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს უფრო მეტი პატივისცემა აქვთ, ვიდრე აბორიგენ ქართველებს? ბოლოს და ბოლოს, ასეთი გაძლიერებული ტოლერანტობა ხომ ჩვენი ბედნიერებაც არის და უბედურებაც?

მოდით, კარგად დავუკვირდეთ მოვლენებს... ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული რიტორიკით ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი გამოირჩევა - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმდენადაა გათავხედებული, რომ გაეროს ტრიბუნიდან უკითხავს "ლექციებს" ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, ევრაზიულ კავშირში რატომ შედიხართო?! აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული! ახლა გიგა ბოკერია ცდილობს, სააკაშვილის ცოდვები სხვას წამოჰკიდოს ზურგზე და დასავლეთიც დაარწმუნოს, რომ საქართველოში ანტისომხური თუ ანტიაზერბაიჯანული ისტერიაა.

რაც შეეხება ბნელი ძალების გაცოცხლებას, ამაში ნამდვილად ვეთანხმები უშიშროების საბჭოს მდივანს: დიახ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მართლა ვერ გაცოცხლდებოდა ისეთი ბნელი ძალა, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". გაიხსენეთ, როგორ დარბოდა სააკაშვილი დუჟმორეული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და როგორ კანკალებდა ფერდაკარგული გიგი უგულავა ტელეკამერების წინ. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მოწადინება, ვერც დავით ბაქრაძე იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და ვერც "ნაციონალები" გამოძვრებოდნენ სოროებიდან. რაც მთავარია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, აქამდე გიგა ბოკერიაც იჯდებოდა ივანე მერაბიშვილის გვერდით... იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც გაირკვევა, სად ჯანდაბაში მიჰქონდა ყოველწლიურად ამ ადამიანს ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარი? ჩვენ კი ვიცით, სადაც მიჰქონდა და ახლაც მიაქვს, მაგრამ ყველაფერი პროკურატურამ უნდა დაუმტკიცოს.

და აი, მივადექით იმას, რითაც დავიწყე... ანუ სად ხარჯავს ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ თანხებს უშიშროების საბჭოს მდივანი? სად და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს უკვეთს დღევნადელი ხელისუფლებისა და ზოგადად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო სტატიებს. როგორც უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ამბობს "ალიასთან" საუბარში, დღეს გიგა ბოკერია გადართულია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის დისკრედიტაციაზე, მას ახლო ურთიეროთბა აქვს ბრიტანეთის მოქალაქესთან, ჟურნალ "ეკონომისტის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელთან, არკადი ოსტროვსკისთან. სწორედ ოსტროვსკის უკვეთს ბოკერია სტატიებს და ასევე, მისი საშუალებით გადის ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტზეც". სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულია გიგა ბოკერიას მეუღლეც, თამარ ჩორგოლეიშვილი.

უშიშროების საბჭოს იმ წევრის თქმით, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გვაწვდის, გიგა ბოკერია აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მედიასაშუალებების გამოყენებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დესტრუქციულ შეფასებაში და მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციაში; თუკი გამოძიება ამ საეჭვო კავშირებით დაინტერესდება, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენს, ანუ გამოაშკარავდება გიგა ბოკერიას მიერ შექმნილი აგენტურული ქსელი. მეტიც, საზოგადოება დაინახავს, სად იხარჯება მილიონობით ლარი.

და ბოლოს... უშიშროების საბჭოს მდივანი ძალიან წუხს, ივანიშვილმა მარგველაშვილი არჩია ირაკლი ალასანიას, პროდასავლურ თავდაცვის მინისტრს და ასე აღკვეთა მისი საპრეზიდენტო ამბიციებიო. ბოკერია ცდილობს, ორი კურდღელი მოკლას, ანუ ერთი მხრივ სიტუაცია წარმოგვიდგინოს როგორც კატასტროფული, ხოლო მეორე მხრივ - ირაკლი ალასანიას გაუგოროს კოჭი და გააღიზიანოს. აქვე იმასაც მიანიშნებს, მშვიდი დავით ბაქრაძე გაცილებით სჯობს პოპულისტ ნინო ბურჯანაძეს, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეაო. აქ უკვე ურევს უშიშროების საბჭოს მდივანი, მე პირადად რომ არ ვიცოდე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ, შეიძლება დამეჯერებინა კიდეც ამ დემაგოგისთვის, მაგრამ რაკი ვიცი, რაიმე კავშირს საერთოდ გამოვრიცხავ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დღეს მთავარი ის კი არ არის, ვინ როგორ აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრს, მთავარი ისაა, ვინ როგორ აპირებს ქვეყნის არევას.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა