ორგანიზაცია "საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის" თავმჯდომარე რომან კვიციანი "ალიასთან" ინტერვიუში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. კვიციანი აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში არსებობს ორგანიზაცია "მიზანი", რომელიც ახალგაზრდების გამუსლიმანებით არის დაკავებული. ვინ დგას ორგანიზაცია "მიზნის" უკან, როგორ გაიხსნა ბათუმში სპეციალიზებული სასწავლებლები, რომელიც ახალგაზრდებს ისლამს ასწავლის და რატომ არასდროს არ დაინტერესებულა ხელისუფლება მათი საქმიანობით?
"ალია" რომან კვიციანს ესაუბრა:
- რამდენიმე დღის წინ 15-მდე ახალგაზრდა გოგონა აჭარაში ჰაფიზად მოინათლა, როგორ და რატომ მოხდა ეს?
- პირველ ყოვლისა, მკითხველს ავუხსნი, რა არის ჰაფიზად მონათვლა. ისლამში ჰაფიზმი არის რელიგიის დამცველი და გამავრცელებელი. ჰაფიზმი შეიქმნა თავიდანვე, როდესაც ისლამი ყალიბდებოდა, იმ მიზნით, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც დაიპყრობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გამუსლიმანებულიყო. ადგილზე ჰაფიზმის წარმომადგენელი რჩებოდა, სადაც ავრცელებდა თავის რელიგიას. მოგეხსენებათ, ისლამში მანდილოსანს არ აქვს უფლება, რომ იყოს მოლა, ანუ ის ვერ იქადაგებს, ვერ ეყოლება მრევლი და ა.შ. დღეს აჭარაში არიან ქართველი მუსლიმანები, რომელთა ოჯახების ახალგაზრდა წევრები, თხუთმეტამდე გოგონა ჰაფიზად მონათლეს და დააზეპირებინეს ყურანი. მათ ახალი რაღაც არ მიიღეს, უბრალოდ, გაუგებარი და გაურკვეველია ის ფაქტი, რატომ შეასწავლეს გოგონებს არაბულად ყურანი, მონათლეს ჰაფიზად, რადგან მათ არ აქვთ უფლება, გაავრცელონ რელიგია. აქ არ ჩანს კეთილი ზრახვები.
- არაკეთილ ზრახვებში რას გულისხმობთ?
- მოდით, ცოტა უხეშ შედარებას გავაკეთებ. ჩინური ბევრმა არ ვიცით, მოვიდა ჩინელი და გვასწავლის, მაგალითად, რომ თეთრი არის ასე, სინამდვილეში კი, რასაც გვასწავლის, რეალურად შავია. ასეა ამ 15 გოგონას ამბავი და მათიც, ვინც მიჰყავთ სასწავლებლად. მათ ასწავლიან ყურანს ისე, როგორც მათ პედაგოგებს სურთ. არა მგონია, ამ გოგონებისთვის შესწავლილი იყოს ტრადიციული ისლამის ქადაგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანდილოსნები ვერ იქადაგებენ, მათი განათლება სხვა მიზანს ემსახურება.
- მაშინ რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს?
- ბოლო პერიოდში ყველა ვხედავთ, რომ ნათლად ჩანს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები. ზოგი უნებლიეთ ხდება, ზოგიც პროვოცირებულია. ამ მიზნისკენაა ეს ფაქტიც მიმართული, რომ ასე გაძლიერებულად და დიდი მონდომებით ხდება აჭარაში ქართველ მუსლიმანებზე ზეგავლენა.
- რა ძალები არიან ესენი?
- ეს არის ქართული ორგანიზაცია "მიზანი", რომლის ძირითადი დაფინანსების წყარო არის თურქეთში არსებული ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია "ადამიანთა დახმარების ცენტრი". არ გაინტერესებთ, ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი რამდენია? მილიარდ დოლარზე მეტი. ამ ორგანიზაციის მიერ ხდება საქართველოში "მიზნისა" და მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება.
- ორგანიზაცია "მიზანს" ვინ ხელმძღვანელობს?
- ქართველები არიან ისინიც. მაგალითად, ერთ-ერთი ხელმძღვანელია მურთაზ ვანაძე. სხვათა შორის, ინტერნეტში მათზე დიდი ინფორმაცია არ მოიძებნება (დიდი კი არა, მცირე ინფორმაციაც არ იძებნება ორგანიზაცია "მიზნის" შესახებ. "მიზანს" აქვს მხოლოდ ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", თუმცა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ იქ არაფერი წერია. ამასთანავე, არ იძებნება ინფორმაცია ინტერნეტში ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე მურთაზ ვანაძეზე. - შ.გ.). "მიზანს" აქვს სასწავლებლები გახსნილი აჭარაში, სადაც გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე ასწავლიან.
- როდის ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია და როგორ მოახერხეს მათ სასწავლებლის გახსნა, რა სტატუსი აქვს ამ სკოლებს?
- ეს ორგანიზაცია დაფუძნდა 2006 წელს. რაც შეეხება სკოლებს, ესაა კერძო სკოლები. შესაძლოა, ისინი არც იყვნენ რეგისტრირებული, როგორც სკოლა, ან თუ არის რეგისტრირებული, სხვა პროფილითაც ხდება განათლების მიღება. ასე პირდაპირ თავიანთ საქმიანობას სკოლაში არ ამჟღავნებენ. ორგანიზაცია "მიზანი", როგორც მე მოვიძიე და გავარკვიე, 2006 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ახორციელებს თავის პროგრამებს, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალები მოიკრიბეს და განსაკუთრებულად გააქტიურდნენ.
- "მიზანს" საქართველოში არ ჰყავს ფინანსური წყარო?
- მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ ჰყავთ მათ ფინანსური წყაროები საქართველოში. ვსწავლობთ ამ საკითხს, ამიტომ ახლა გამიჭრდება ამ საკითხზე საუბარი.
- მუდმივად ისმის, რომ ყოფილი მმართველი გუნდის წევრები გეგმავენ პროვოკაციებს და შეიძლება ეს მოხდეს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. გარდა ამისა, 2006 წლიდან მოყოლებული ორგანიზაცია არ ჩნადა, ახლა კი წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან. ხომ არაფერი გსმენიათ, ყოფილ ხელისუფლებასთან აქვთ მათ კავშირი?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას მტკიცებულება სჭირდება, ჩვენ ახლა დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ჯერ რაიმე ხელმოსაჭიდი დოკუმენტი არ გვაქვს. თუმცა ის, რომ 2006 წლიდან მოყოლებული მათ საქმიანობას არავინ სწავლობდა, როდესაც ყველა ოჯახში რა ხდებოდა, ისიც კი იცოდნენ, კითხვის ნიშნებს აჩენს, რა თქმა უნდა.
- სწორედ მაგას ვგულისხმობ. სასწავლებლები გახსნეს და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვინმემ გახსნა, თუნდაც საბავშვო ბაღი აჭარაში ისე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუთანხმა? აღარაფერს ვამბობ ცენტრალური ხელისუფლების ნებართვაზე.
- თუ გარკვევა უნდოდათ, გაარკვევდნენ, რა თქმა უნდა, სადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იგივე არ ექნებოდათ სამართალდამცავ ორგანოებს და სპეცსამსახურებს? უბრალოდ, ინტერესი არ იყო ამ საკითხისადმი.
- რას ჰპირდებიან იმ ახალგაზრდების ოჯახებს, რომელთა შვილებიც სასწავლებლად მიჰყავთ, როგორ ითანხმებენ?
- მთავარი პირობა არის ის, რომ წაიყვანენ მათ შვილებს უმაღლესი განათლების მისაღებად და ამის შემდგომ ახალგაზრდა თავის თავსაც ირჩენს და მშობლებსაც დაეხმარება. რეალურად მიჰყავთ ადამიანები, მაგრამ კონკრეტულ პროფესიას კი არ ასწავლიან, პირდაპირ რელიგიურ სასწავლებელში ხვდებიან. მოგეხსენებათ, საქართველოში იმდენი მეჩეთი არ არის და რელიგიური ორგანიზაცია, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ უკან დაბრუნებული ახალგაზრდა თავიდან ბოლომდე თავის მასწავლებლებზეა დამოკიდებული. ის დამოუკიდებლად მუშაობას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, რელიგიურ დღესასწაულებზე ორგანიზაცია "მიზანს" მიაქვს ამ ოჯახებში დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საჭირო ნივთები და ა.შ. ფაქტობრივად, ყიდულობენ ამ ადამიანებს.
- ვინმეს მიმართეთ, რომ ასეთი საეჭვო გარიგებები ხდება?
- ჯერ პირადად არ მიგვიმართავს არც განათლების სამინისტროსთვის და არც სხვა სახელმწიფო უწყებისთვის. ამჯერად საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ რეაგირება მოგვეხდინა პრესის საშუალებით, რადგან სწორედ პრესის წყალობით უფრო სწრაფად მივა ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურებამდე და იმედი გვაქვს, რეაგირებაც იქნება. ისინი აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და დეტალურად გამოიკვლიონ, რას საქმინაობს ორგანიზაცია "მიზანი", რა გეგმები აქვთ, ვინ ჰყავთ მფარველები და რა მიზანი აქვს ახალგაზრდა ქართველი მუსლიმანების ჰაფიზებად მონათვლას? "მიზნის" გარდა, კიდევ არის რამდენიმე ორგანიზაცია, თუმცა მათ შესახებ ჯერ კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს.
- იკვეთება იმის ტენდენცია, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რელიგიური დაპირისპირებისთვის სამზადისს და ახალგაზრდების ჰაფიზებად მონათვლაც ამის ერთ-ერთი წინაპირობაა?
- რა თქმა უნდა. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც განათლებას მიიღებენ და ჩამოვლენ საკუთარ მხარეში, თანატოლები ჰყავთ, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ მიღებული. განათლებამიღებულების აგიტაცია-პროპაგანდა კი შესაძლოა, პროვოკაციებისთვის იქნეს გამოყენებული. ამ ბავშვებს ასწავლიან იმას, რაც მათ სურთ და აჯერებენ იმას, რაც თვითონ აწყობთ. ამ ახალგაზრდების რესოციალიზაცია და უკან შემობრუნება, ანუ დაბრუნება იმ გარემოში, რაშიც იყვნენ, ძალიან გართულდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. ერთ მაგალითსაც გეტყვით. გასულ წელს თურქეთში ტარდებოდა სტუდენტებს შორის გამოფენები. გამოფენა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც სამწუხარო ფაქტი მოხდა ქობულეთში, სამხედრო პოლიციელებმა რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს გამოფენაზე საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ქართველი მუსლიმანი სტუდენტები, სწორედ იმ სასწავლებლებიდან, სადაც "მიზანს" მიჰყავს. ამ სტუდენტებმა საქართველოს სტენდზე წარადგინეს უარყოფითი კონტექსტის ფოტოები და იკვეთებოდა სურათი, თითქოს საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პატივს არ სცემენ. ეს ყველაფერი რომ არ კონტროლდება და უყურადღებოდ არის დატოვებული გარკვეულწილად თავის ნაყოფს იღებს. საქართველოში სიტუაცია ამ მხრივ არის აფეთქების პირას. იგივე მინარეთის ამბავი გავიხსენოთ. ერთი მსგავსი ფაქტი და შესაძლოა, პროცესები უკონტროლო გახდეს, ამიტომ უნდა დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა და უნდა იქნას გამოვლენილი ყველა პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგროვებთ ცნობებს, მაგრამ არ გვაქვს ის რესრუსი, რაც შესაბამის უწყებებს აქვთ, რომ დაადგინონ რასთან გვაქვს საქმე.
შორენა გოგოლაძე