9 წლის თათია ფხაკაძეს, რომელიც დედამ იტალიაში გაიტაცა, მამის ოჯახი 7 თვეა უშედეგოდ ეძებს. ბავშვის ბიძის, ქუთაისელი დიზაინერის გოგა ფხაკაძის განცხადებით, ოჯახმა ბავშვის ძებნის ყველა ხერხს მიმართა, მაგრამ ამაოდ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის ძებნაში ინტერპოლი არ ჩაერთვება, თავს პარლამენტის წინ დაიწვავს.
თათია ფხაკაძის დედა, თამარ ნაზღაიძე, რომელიც 4 წელი იტალიაში სამუშაოდ იყო წასული, დროებით სამშობლოში დაბრუნდა და რამდენიმე თვე, ქმრის, ბიძიკო ფხაკაძის ოჯახში გაატარა. 16 მარტს კი მამის თანხმობით, არასრულწლოვანი ბავშვი იტალიაში იმ პირობით წაიყვანა, რომ ერთ თვეში უკან დააბრუნებდა. თუმცა მან ბავშვის წაყვანის შემდეგ ოჯახთან ურთიერთობა გაწყვიტა. თამარ ნაზღაიძესთან დაკავშირება ბავშვის მამამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა და მაშინ ბავშვის დედამ უთხრა, რომ ბავშვს ნერვული სტრესი აქვს, ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება და საქართველოში ვერ დააბრუნებს. თათიას ბებიის, მარინა ფხაკაძის განცხადებით, მათ რძლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვთ, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვი იტალიაში ყოფნას განიცდის და სამშობლოში დაბრუნება სურს.
თათიას ბიძის, გოგა ფხაკაძის განცხადებით, თამარ ნაზღაიძეს საკუთარი შვილი 4 წლის განმავლობაში არ მოუკითხია და ახლა მისი წაყვანის ერთადერთი მოტივი 350 ევროს ოდენობის ყოველთვიური დახმარებაა. ამასთან, მისივე თქმით, თამარ ნაზღაიძე იტალიაში მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რაც ბავშვის დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს.
რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა იუსტიციის სამინისტროდან მიიღო პასუხი, რომ იტალიაში ბავშვის ძებნა ადგილობრივმა სამართალდამცველებმაც შეწყვიტეს. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს.