პრემიერ-მინისტრობის რამდენიმე კანდიდატზე საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხდა.
"მე არ მიმიღია განხილვაში მონაწილეობა. მეც ველოდები თუ ვინ შეიძლება იყოს. რამდენიმე ადამიანზე საუბრობენ ინტენსიურად, თუმცა მე ეს ინფორმაცია არ მომისმენია პირადად არც პრემიერისგან და არც რაიმე განხილვის დროს", - განაცხადა სანიკიძემ.
კანდიდატურის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასაც. კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს პრემიერი, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მომავალი პრემიერის ვინაობა მისთვის უცნობია, თუმცა ზუსტად იცის, რომ პრემიერის თანამდებობას თავად არ დაიკავებს.
კონსულტაციებში მონაწილეობას უარყოფს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც.
"არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ კონსულტაციაში სადაც მომავალი პრემიერ-მინისტრობის თუნდაც ერთი კანდიდატი განიხილებოდა", - განაცხადა ხადურმა.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ მომავალი პრემიერის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და ის ღირსეული ადამიანი იქნება.
"ამასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა განხილვა. ალბათ, უახლოეს მომავალში იქნება ამაზე საუბარი თუ ვინ იქნება პრემიერი. ის იქნება ღირსეული ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს მთავრობას", - განაცხადა კალაძემ.