რა ანაზღაურება ექნებათ მოსამართლეებს

რა ანაზღაურება ექნებათ მოსამართლეებს

რამდენი უნდა იყოს მოსამართლეების ხელფასი? უკვე გადაწყვეტილია, რომ როგორც მოსამართლეებს, ასევე სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. პრემიერი მოსამართლეებს ხელფასების სერიოზულ გაზრდას დაპირდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი იქნება მათი თანამდებობრივი სარგო, თუმცა ცნობილია, რამდენს შეადგენდა მათი შემოსავლები 2012 წლის განმავლობაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოები 2300 ლარიდან 5650 ლარის ფარგლებშია, შესაბამისად ყველაზე მაღალი ანაზღაურება, 5650 ლარი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს ჰქონდა. თანამდებობრივ სარგოს - 500 ლარს, რეზერვში მყოფი მოსამართლეებიც იღებენ.

თუმცა მოსამართლეების შემოსავალს მხოლოდ თანამდებობრივი სარგო არ შეადგენს. პრაქტიკაში, კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების გარდა, მოსამართლეები ასევე იღებენ პრემიებსა და დანამატებს, რაც ხელფასის 35%-135%-ს შეიძლება შეადგენდეს.

სწორედ პრემიებისა და სახელფასო დანამატების ჩათვლით კონსტანტინე კუბლაშვილმა 2012 წლის განმავლობაში 131 525 ლარი მიიღო, მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 10960 ლარს შეადგენდა. სოლიდურად გამოიყურება კუბლაშვილის მოადგილეთა შემოსავლებიც - ზაზა მეიშვილმა გასულ წელს 87 150 ლარი, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძემ - 114 525 ლარი მიიღო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძემ კი 98 695 ლარი მიიღო.

"როგორც მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციებიდან მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა, პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 3 400 ლარს, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების -3 800 ლარს, ხოლო უზენაესი სასამართლოს - 6200 ლარს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის მოსამართლეები თანაბარი თანამდებობრივი სარგოს პირობებში იღებენ განსხვავებული ოდენობის შემოსავლებსაც, ვინაიდან მათ მიერ მიღებული დანამატები და პრემიები განსხვავებული ოდენობისაა. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ხატია არდაზაშვილის წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 27 301 ლარი, ხოლო იმავე კოლეგიის მოსამართლის, მირანდა ერემაძის შემოსავალმა - 47 935 ლარი.

მსგავსი მდგომარეობაა პირველი ინსტანციის სხვა სასამართლოებშიც", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

მოსამართლეების, სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლების ხელფასების გაზრდა 2013 წლის 1 ოქტომბერს პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან გადაწყდა. თუმცა პრემიერი მოსამართლეებს შრომის ანაზღაურების "სერიოზულად" გაზრდაზე ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან, რათა კორუფციისკენ მიდრეკილება არ ჰქონდეთ.

ნათია ლეშკაშელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ