ოქტომბრის ბოლოსთვის მუშაობას დაასრულებს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობას შეისწავლის. კომისია სხვადასხვა საჯარისო ქვედანაყოფების ოფიცრებისგან არის დაკომპლექტებული. ამ ჯგუფმა უკვე გამოკითხა ომის მონაწილე ოფიცერთა შემადგენლობა და მეორე ეტაპზე ყოფილი გენშტაბის წევრებისა და ყველა სხვა უმაღლესი ოფიცრის, მათ შორის მთავარსარდლის გამოკითხვას გეგმავს.
მართალია, კომისიის მუშაობის დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაო ხანია დარჩენილი, მონაცემები შეჯერებული არ არის და საბოლოო დასკვნებზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, რომელიც ასევე ამ კომისიის წევრია, გარკვეული კონტურები უკვე იკვეთება. თვალშისაცემია ის, რომ სამხედრო პირთა უმრავლესობა საუბრობს პანიკაზე, რომელმაც ომის დღეებში ქართული ჯარი მოიცვა. საყოველთაო პანიკის შესახებ ჩვენთვის ისედაც არის ცნობილი. მეორე მოსაზრება კი აშკარად უცნობია და სკანდალურად ჟღერს: გამოკითხული ოფიცრები ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, რაც საერთოდ ნახსენები და შეტანილი არ არის ტალიავინის ცნობილი კომისიის დასკვნაში. ასევე იკვეთება სურათი, რომ ტალიავინი შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში და ეს მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოხდა, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან, - აცხადებს ჩვენი წყარო.
ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დასკვნა და მხოლოდ კომისიის რამდენიმე წევრის პირად ანალიზს ეყრდნობა, მაგრამ მათი წინასწარი ვარაუდით, ალბათობა იმისა, რომ საბოლოო დასკვნაც ასეთივე იქნება, ძალიან მაღალია. ეს კი უკვე ბევრს ნიშნავს.
დაუკვირდით: კომისიის მუშაობის დასრულება ანუ დასკვნების გამოქვეყნება არჩევნების დასრულებას ემთხვევა ანუ პერიოდს, როცა სააკაშვილი ამთავრებს საპრეზიდენტო მოღვაწეობას. მართალია, იგი წინასწარ იმყარებს იმუნიტეტს და აცხადებს, რომ ერთხელ პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია, მაგრამ ამავე ლოგიკით, ერთხელ ლაჩარიც ყოველთვის ლაჩარია. ჰოდა, თუ დამტკიცდა, რომ მთავარსარდლობამ პანიკას ვერაფერი მოუხერხა და შიშის გამო მიატოვა ბრძოლის ველი, ამისთვის მას სერიოზულ პასუხს მოსთხოვენ, რადგან როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, ბრძოლის დროს საომარი ველის მიტოვება, არც მეტი არც ნაკლები, სამშობლოს ღალატია, ხოლო თუ მეორე ეჭვიც – ტალიავინის მოტყუება დადასტურდა, მაშინ უკვე მთლად ცუდად აქვთ საქმე ამ კომისიის დასკვნის გარეშეც ლაჩრებს, რადგან საერთაშორისო პოლიტიკური წრეების შეცდომაში შეყვანას მიხეილ სააკაშვილს უკვე მისი ყოფილი მეგობრებიც კი აღარ აპატიებენ. ამ ყველაფერს კოჰაბიტაციის დასრულებაც დავუმატოთ და... მოკლედ, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისისთვის საინტერესო მოვლენები გველის.
დავით დევიძე