საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი, ბუსა ჟვანია საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის. მან მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის" დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და არც სტუდენტია, მიიჩნევს, რომ სტუდენტებს დიდი ენერგია და ძალა აქვთ.
ყოფილი პრემიერის ვაჟი პოლიტიკურ აქტივობას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ თუ საქართველოს დასჭირდება, პოლიტიკაში ჩაერთვება. მის სამომავლო გეგმებში აშშ-ში სწავლის გაგრძელება შედის. ბუსა ჟვანიას ფიზიკა-მათემატიკა იტაცებს.
- ბუსა, რატომ გადაწვიტეთ ორგანიზაციაში "სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის" გაწევრიანება?
- ჩემთვის ეს არის ძალიან იმედის მომცემი პროექტი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამაში ჩართულია სტუდენტობა, რომელიც არის ძირითადი ძალა. სტუდენტები არიან ახალგაზრდული სულისკვეთებით და შეუძლიათ იმუშაონ ენთუზიაზმზე დიდი ენერგიით. ჩვენი ცოდნით მივაღწევთ რასაც დავგეგმავთ.
- ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივ ასპარეზზე. თუ გაქვთ გეგმაში კიდევ უფრო გააქტიურება?
- მე მზად ვარ ვიყო საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი სასწავლო გეგმა არ მიწყობს ხელს. რითიც შემიძლია დავეხმარები, მაგრამ ბევრს ვერ დაგპირდებით.
- პოლიტიკურ აქტივობას თუ აპირებთ?
- პოლიტიკურ აქტივობას ჯერჯერობით არ ვაპირებ, ჯერ უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია. თუ დაჭირდება საქართველოს და მე თუ ვიქნები ამისთვის მზად, რა თქმა უნდა მზად ვარ ჩავერთო პოლიტიკაში, მაგრამ იმის გამო, რომ გავერთო, პოლიტიკაში ჩართვა არ მინდა.
- თქვენს ორგანიზაციას ჰქვია "სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის". ბუნებრივია, სამართლიანობისთვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია. მაგრამ, როგორ შეაფასებდით, ახლა არის საჭიროება, რომ საზოგადოებამ სამართლიანობა მოითხოვოს?
- საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, რომ ასეთი რამ საჭირო არ ყოფილიყო, ჩვენი რთული ისტორიიდან გამომდინარე. დღესაც, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია სამართლიანობა. ჩვენთვის სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკას, ჩვენთვის სამართლიანობა ნიშნავს, რომ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ერთნაირი საშუალება მიიღოს განათლება, ჰქონდეს ელემენტარული საჭმელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის" ორი კვირის წინ დაფუძნდა. მისი თავმჯდომარეა ირაკლი ჩხიკვიშვილი. წევრებს შორის არიან ბექა ხოფერია, ლიკა ლობჟანიძე და სხვები. ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი ნებისმიერ სამოქალაქო, სოციალურ ღონისძიებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვაა. ისინი დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავენ.
ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერიისგან სოციალურად დაუცველ პირთა სია გამოითხოვეს, რის შედეგადაც, განსაკუთრებით დაბალი ქულების მქონე სოციალურად დაუცველ 90-მდე მოქალაქეს ვერის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში მიიწვევენ, სადაც მათთვის კონცერტი გაიმართება. სოციალურად დაუცველებს, 15-მდე სპონსორი კომპანია საჩუქრებს გადასცემს. აღნიშნული აქციის სახელწოდებაა "გაუხალისე ცხოვრება". ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.
ამასთან, ხვალ, 50 -მდე სტუდენტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის ჩაბარებას გეგმავს. ასევე, ორგანიზაციის გეგმებში შედის ანტინარკოტიკული პროპაგანდა და სხვადასხვა ტიპის აქტივობა.
ანა მარშანია