ბიძინა ივანიშვილი - ჩატარდება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა

ბიძინა ივანიშვილი - ჩატარდება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა

ჩატარდება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი – გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც გააჩნია ყველა თვისება, რაც კარგ პრეზიდენტს მოეთხოვება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, რადგან ერთი წელი გადის ახალი მთავრობის არჩევის შემდგომ და შეგვიძლია, ეს არჩევნები რეფერენდუმად ჩავთვალოთ. პრეზიდენტის არჩევის პარალელურად მე და ჩემი მთავრობა რეფერენდუმის მსგავს შეფასებას მივიღებთ ჩვენი მოღვაწეობის ერთი წლის თავზე", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მთავრობა მაქსიმალურად ეფექტური იყო და არსებული რეალობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთა.

"საკუთარ თავზე საუბარი მიწევს და დამავიწყდა, რომ ეს უხერხულია, თუმცა შევეჩვიე. ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი მომავალში, რადგან საზოგადოებას გაცილებით მეტი სჭირდება. ვიცით, რომ შეჭირვებულია საზოგადოების დიდი ნაწილი, ძალიან დიდია უმუშევრობა, ძალიან მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ერთი წლის განმავლობაში რაც შეიძლებოდა, ვფიქრობ, მაქსიმუმი გაკეთდა.

ძირითადი მიღწევაა, რომ ჩატარდება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. თუ ბოლო 9 წელიწადს გავიხსენებთ, ან თუნდაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ის უფრო ომს ჰგავდა, იყო ზეწოლა, ზონდერბრიგადებით გატენილი უბნები და პოლიცია საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებდა. დღეს ჩვენ მივიღებთ ევროპულ არჩევნებს საქართველოში. ადამიანებს დაუბრუნდათ უფლებები, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, საზოგადოებას მიეცა ლეგიტიმაცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, მთავრობამ საკუთარი კანდიდატის მიმართ სახელისუფლებო რესურსების გამოყენება არ დაუშვა. მისივე განმარტებით, ძალიან რთული იყო, თანაბარ საარჩევნო პირობებში ბრძოლის საშუალება მისცემოდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც 9 წლის განმავლობაში "ძალადობდა საზოგადოებაზე", თუმცა ეს მოხერხდა.

"მათ მივეცით საშუალება, მიეღოთ დაბალანსებულ არჩევნებში მონაწილეობა, რაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა ეს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევძელით. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდგომ ჩვენ ტიპიურ ევროპულ არჩევნებს ვატარებთ, რაც შეუძლებლად გვეჩვენებოდა ერთი წლის წინ. სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე აღარ გავჩერდები, რადგან ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე საზოგადოებას დავპირდით", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა