პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მსგავსად, ფარული ჩანაწერების თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალურია. მინისტრი ქალბატონის, დეპუტატის და ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალა, - ეს თემა რამდენიმე დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

გასულ დღეებში ასევე აჟიოტაჟი გამოიწვია "ქართული ოცნების" წევრების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ, რომლის თანახმადაც კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი ყოფილი ხელისუფლების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და თანხმობა წერილობითაც ჰქონდა მიცემული.

მართალია, გამოქვეყნებული დოკუმენტების რეალურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც მასალები გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ამ საკითხზე ვიდეოკადრებიც არსებობს.

გასულ წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე სპეციალური კომისია შექმნეს, რომლის გადაწყვეტილებითაც შსს-ში დაცული პირადი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი განადგურდა. თუმცა, როგორც ჩანს, უფლებადამცველების განცხადებები, რომ ვიდეომასალის ასლები არსებობდა, სიმართლეს მოკლებული არ იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მსგავსად, ფარული ჩანაწერების თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალურია.

"უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის" ერთ-ერთი წევრი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ კომისიამ საკანონმდებლო ცვლილებებისათვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ საკითხზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრებულიყო სანქცია ასეთი დანაშაულის ჩადენის გამო, რადგან დღეს ეს დანაშაული შედის ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. ჯგუფის ფარგლებში გარკვეულწილად შევთანხმდით კონკრეტულ სანქციაზე, მაგრამ ჯერჯერობით კანონში ცვლილებები შეტანილი არ იქნა", - ამბობს კახიშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე წინასაარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემის წამოწევას შანტაჟს უწოდებს და მიაჩნია, რომ ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

"რაც ცნობილი გახდა, რომ მობილურ ტელეფონებზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოინფორმაცია იგზავნება, ვფიქრობ, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების საფუძველია. გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის აშკარად მორიგი შანტაჟი წინა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების კორექტირებისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

"პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია რომ განადგურდა კომისიის გადაწყვეტილებით, ადრეც ვაკეთებდი განცხადებას და ახლაც ხმამაღლა ვამბობ, ილუზია არ უნდა გვქონოდა, რომ ამ ინფორმაციის განადგურების შემდგომ მავანი არ ეცდებოდა, შანტაჟისთვის გამოეყენებინა მისი დუბლიკატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მრავლადაა და მათ შორის ისეთი ინფორმაციაც არსებობს, რომელიც შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრისთვისაც არ იყოს ცნობილი.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი შეხსენება ძველი ხელისუფლების მხრიდან ახალი ხელისუფლებისადმი, რომ მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ და მას იყენებენ პოლიტიკური ბერკეტისთვის. ისინი ემუქრებიან ახალ ხელისუფლებას სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლით.

"როგორც ხმა ვრცელდება, ეს კადრები ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებს, რომლებსაც კონკრეტული სფეროები აბარიათ. ამიტომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს მათთვის მოსასმენად თუ სანახავად, ფაქტია, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს, ეს თავის დროზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

"აქ არის ორი არჩევანი - ხელისუფლება ან უნდა იყოს სირაქლემას პოზიციაში, როგორსაც ამჯობინებენ, რომ იყვნენ, ან ამოიღონ ხმა და მედგრად შეხვდენ იმ რეალობას, რომლის თვალის გასწორების შემთხვევაში მოგებული საზოგადოება დარჩება. საზოგადოების ზურგსუკან მიმდინარეობს დაშანტაჟების პოლიტიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მშენებლობას ყველანაირად შეაფერხებს", - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების საწინააღმდეგოდ ქვეყანაში სამართლებრივი ბერკეტები არ არსებობს.

"პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე მომუშავე კომისიის მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ფაქტობრივად ნული, ვინაიდან ეს კეთდება დასავლეთისთვის პატაკის ჩასაბარებლად, რომ ახალი ხელისუფლება ქმნის კომისიას, რათა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება აღკვეთოს. მაგრამ ის პირები, რომლებიც დამატებით დუბლირებულ ფაილებს ფლობენ, მობილური ტელეფონებით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კვლავაც ავრცელებენ ფართო ჩანაწერებს.

"არანაირი სამართლებრივი ბერკეტი და მექანიზმი არ არსებობს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება აღიკვეთოს, გარდა პოლიტიკური ნებისა, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირები წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

"კეზერაშვილის დაკავების შემდეგ ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყოფილი მინისტრი თურმე არანაირი ცირკულარით არ იძებნებოდა. მისი დაკავება იყო კეთილი ნება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური ავტორიტეტის შედეგი.

"სამართლებრივად კი ჩვენს წარმოდგენას ცდება, თუ როგორ უნდა იძებნებოდნენ ისეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორებიც არიან: კეზერაშვილი, ადეიშვილი, თოფურიძე თუ სხვები. ადამიანები, რომლებიც მხილებულნი არიან სახელმწიფო დანაშაულში, მათ შორის ელიტურ კორუფციაში, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებსა და ადამიანების წამებაში. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი შერჩევითი მართლმსაჯულების და ქვეყანაში სადაც ეს ხდება, სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ", - განმარტავს ლორთქიფანიძე.

"რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრების ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბრალდებას და გამოქვეყნებულ ქსეროასლებს, ვფიქრობ, აუცილებლად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. თუ არ ვცდები, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორიც ამ მოთხოვნას აყენებს. ერთადერთი, რაშიც მას ვერ დავეთანხმები, ის არის, რომ ქსეროასლი ვერ გახდება გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი - ამას კანონი კრძალავს. არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ქსეროასლს გამოიკვლევს ნამდვილობაზე და მასზე შესაძლებელი იქნება კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოძიება.

"რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან მძიმედ მოსასმენი და მძიმედ აღსაქმელი ინფორმაცია, ვფიქრობ, ის პირები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ეხებათ ეს მასალა, თავადაც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, თუ საიდან არის პირველწყარო ამ ინფორმაციის შეთითხნის თუ გამოტანის.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ, ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ასლები, რომლებიც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა. ახლა ეს საზოგადოება ელის კითხვბეზე პასუხს, არის თუ არა ეს ნამდვილი და არსებობს თუ არა მისი ორიგინალები", - დასძენს უფლებადამცველი.

კიდევ ერთი უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ პერსონალური მონაცემების ამსახველი კადრების გამავრცელებლების დასჯის პრეცედენტი ვერ შექმნა, ამიტომ პრობლემა ქვეყანაში ისევ ღიად რჩება.

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის მიუღებელი, რაც შეეხება ამ საკითხებზე შექმნილი კომისიის მუშაობას, უნდა იყოს უფრო რეალური და არა პიარაქციებით დაკავებული. მათ ძირითად აქცენტად კადრების განადგურება კი არ უნდა აერჩიათ, არამდე ჯერ უნდა გამოეძიებინათ ბრძანების გამცემი და შემსრულებლები და დაესაჯათ. დასჯილი ჩვენ არავინ არ გვინახავს.

"პრობლემა მეორეა, რომ დღესაც გრძელდება გადაღება და ფარული თვალთვალი. ფარული კადრების გავრცელების სურვილის ალბათობა არსებობს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ წარსულში გადაღებული მასალების დუბლირებული ვერსიები არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, თუმცა არცერთი ძალისგან არ გამოვრიცხავ მსგავს ქმედებას.

"მინდა, შეგახსენოთ ხვედელიძის მაგალითი, შსს-ს ყოფილი მოადგილის, რომელიც მხილებული იქნა თავად სამინისტროსგან და პროკურატურისგან პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელებაში. ის თითქოსდა სამსახურიდან გადააყენეს, საპატიმროშიც მოათავსეს, მაგრამ იქ ერთ საღამოზე მეტი არ გაუტარებია და სასამართლოც იწელება. თუ ხვედელიძე არ დაისაჯა, რისი ნიშნებიც ჩანს, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილი აპირებს მერაბიშვილის მსგავსი მეთოდების გამოყენებას", - უთხრა ჩხარტიშვილმა "რეზონანსს".

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარული თვალთვალი ახლაც მიმდინარეობს. აქციებზე ისევ ვხედავთ კამერებით ადამიანებს, რომლებიც ადრე თუ "კუდი" იყვნენ, ახლა "სუსი" ჰქვიათ. სახელის შეცვლით არაფერი არ იცვლება. ხვედელიძის პრეცედენტი არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, არ მომხდარა იმ სათვალთვალო აპარატურის განადგურება, რომელიც დღეს სახელმწიფოს დიდი რაოდენობით გააჩნია", - დასძენს ჩხარტიშვილი.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა