"სად წავიდა ჩემი ბაჩო, მომიკლეს ბებოს თბილი ბიჭი..." - რუსთავის ტრაგედიის უცნობი დეტალები

"სად წავიდა ჩემი ბაჩო, მომიკლეს ბებოს თბილი ბიჭი..." - რუსთავის ტრაგედიის უცნობი დეტალები

14 ოქტომბერს რუსთავში, ე.წ. ინტერნატების უბანში, გვიან ღამით, რვა წლის ბაჩო ქამუშაძის ცხედარი მიასვენეს. ამ დროს პატარა დასახლება მთლიანად გარეთ გამოეფინა, - უბანი ამბავმა სრულ შოკში ჩააგდო. ბაჩო ძალიან ლამაზი, მაგრამ საოცრად მორიდებული ბავშვი იყო, - ალბათ თავისი ოჯახის სოციალური მდგომარეობაც არ აძლევდა საშუალებას ბოლომდე ბავშურად გალაღებულიყო. სწორედ ამ მოკრძალებულობის გამო მთელ უბანს უყვარდა. პატარას შიშველი ცხედარი (ბავშვს მხოლოდ ტრუსი ეცვა) უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია "რუსთავის წყლის" კუთვნილ ობიექტზე, ამავე კომპანიისაგან გათხრილ წყლით სავსე ორმოდან მხოლოდ დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ამოიღეს. ამავე ორმოში წყლის სრულად ამოხაპვის შემდეგ ამოიღეს ბაჩოს ტანსაცმელიც. როგორ ან რატომ მოხდა, ისე, რომ შიშველ ბავშვთან ერთად მისი ტანსაცმელიც წყლიან ორმოში მოხვდა, ამას გამოძიება დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა გამოძიება ტრაგედიას ვერაფრით შეამსუბუქებს, სავარაუდოდ, მისმა შედეგებმა მოსახლეობის გამოფხიზლებას ხელი ოდნავ მაინც უნდა შეუწყოს, - თუკი რასაკვირველია, როგორც გვჩვევია, ყველაფერი მალევე არ მივეცით მივიწყებას.

თუმცა ასეთი ტრაგედიები ადამიანურად ალბათ მაინც ძალზე ძნელი დასავიწყებელია მათთვის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ამ ტრაგედიების გამტარი ან მონაწილე ხდება, - რუსთავის ჯავახიშვილის N3-ის ყველა მცხოვრები გამუდმებით იმეორებს იმას, რომ ბაჩოს თავის ბნელ საცხოვრებელ ბინაში მაგიდაზე დაგდებული ჩაკბეჩილი კარტოფილის "პერაშკი" დარჩა, - ბავში ეზოში თამაშობდა, როცა ბებიამ დაუძახა და შინ საჭმელად აიყვანა. ის იყო პატარა ჭამას შეუდგა, რომ ამ დროს ეზოდან ბავშვების დაჟინებული ძახილი გაიგონა, საჭმელი მაგიდაზე დააგდო და ეზოში ჩავიდა.

ია. კ:

- ეს ძახილი მთელ ეზოს გვესმოდა, - მეზობელი ძმები ეძახოდნენ,- ჩქარა ჩამოდიო. ერთი ბაჩოს ასაკის არის და მეორეც 11 წლის. ძახილი რომ აღარ შეწყდა, პირადად თავადაც გადავიხედე ფანჯრიდან. ამასობაში ბაჩოც ჩამოვიდა, - სვეტიცხოვლობა დღე იყო, ის დრო იყო, უკვე დღე რომ თბება. ბაჩო რომ ჩამოვიდა, ბავშვებმა რაღაც გადაულაპარაკეს და ეზოდან გავიდნენ. გული რაღაც უსიამოდ გამიხდა. იმიტომ რომ ბაჩო რაღაცნაირად მიამიტი ბავშვი იყო და თითქოს არ მომეწონა, ისინი ასე დაჟინებით რომ ეძახდნენ და მერე რაღაცნაირად მორჩილად რომ გაჰყვა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, იქნებ წინათგრძნობაც იყო რაიმე...

ჩვენი დასახლების მახლობლად ცარიელი მინდვრებია და იქ წაუყვანიათ იმ ბავშვებს. იმ მინდვრებში სიარულს ჩვენი ბავშვები მას შემდეგ მიეჩვივნენ, რაც ”რუსთავის წყალმა” წყალსადენის შესაკეთებლად 8 თვის წინ კრატერის მსგავსი ორმო გათხარა. ის ორმო იმ დროიდან ამოუვსებელია. ამ ხნის განმავლობაში, როგორც მე ვიცი, იქ კინაღამ კიდევ ერთი უბედურებაც მოხდა, - ზაფხულში ერთი ბავშვი იხრჩობოდა, მაგრამ ის ამხანაგებმა გადაარჩინეს. ამ უბედურ ბავშვს რა მოუვიდა, რატომ არ გაუწოდეს ხელი ამხანაგებმა, არ ვიცი. მაგრამ მაშინ ჩვენი დასახლებიდან ერთ-ორი მშობელი დაინტერესდა, იმ თხრილს რატომ არ ავსებთო და ”რუსთავი წყალში” უპასუხეს, - იმიტომ არ ვავსებთ, რომ ეგ წყალსადენი სულ ფუჭდება და დრო და დრო ვაკეთებთო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ