რას პასუხობს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი ვერსიის შესახებ გენპროკურორის განცხადებას

რას პასუხობს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი ვერსიის შესახებ გენპროკურორის განცხადებას

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას სახელი მისთვის წმინდაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ზურაბ ჟვანია მისი უახლოესი მეგობარი იყო.

"მისი გარდაცვალების გამოძიებაზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დადო დასკვნა, რომლითაც ჩემთვის ყველა კითხვას გაეცა პასუხი", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.

შესაბამისი განცხადება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.

"შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რადიკალურად განსხვავებულია ახალი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ვერსიისგან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა: "ჩვენ არც ერთი ვერსია არ გამოგვირიცხავს. ის მტკიცებულებები და გარემობები რაც არის, რასაკვირველია, მრავალფეროვნებით ხასიათდება".

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია.

"საქმის გახსნა ნიშნავს იმას, რომ დავადგინოთ, რა მოხდა და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში მონაწილეობდნენ. ამ კონდინციამდე ჯერ მისული არ ვართ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

ამასთან, არჩილ კბილაშვილის თქმით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ კიდევ ჩასატარებელია.

"იქედან გამომდინარე, რომ მათი შედეგების დროის პროგნოზირება რთულია, არაპროგნოზირებადია ვადაც, როდის შეიძლება საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ", – დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ზურაბ ჟვანიას ცხედარს შესაძლოა,

ეგსჰუმაცია ჩაუტარდეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა