თანამედროვე სასწაულები- ხატი, რომელიც სურნელს აფრქვევს და მართლმადიდებლად მოქცეული ირანელი

თანამედროვე სასწაულები- ხატი, რომელიც სურნელს აფრქვევს და მართლმადიდებლად მოქცეული ირანელი

"გზის" დღევანდელ ნომერში იმ მკითხველებს გავცემთ პასუხს, რომლებიც სასწაულის თემას გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი მკითხველი გვწერს: "მაინტერესებს, რატომ იკლო საღვთო სასწაულებმა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების შემდეგ?" მოვიდა ასეთი შეკითხვაც: "რა უნდა ქნას ადამიანმა იმისათვის, რომ ცრუ სასწაულების არ ირწმუნოს, ბოროტს არ მიენდოს და საცდურში არ ჩავარდეს? თანამედროვე პერიოდში ხომ გაცილებით დიდი საცდურის წინაშე დგანან ადამიანები. თუნდაც კომპიუტერთან ურთიერთობა ავიღოთ. იქ ხომ უამრავი გვერდი არსებობს, სადაც აურაცხელ სასწაულზე წერენ..."

- რატომ იკლო საღვთო სასწაულებმა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების შემდეგ?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- რაც ქრისტიანობა გავრცელდა, ამის შემდეგ სასწაულებმა ნელ-ნელა იკლო. რაც უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ ადამიანებმა სასწაულებით უფალი შეიცნონ და სულიერი წარმატება მოიპოვონ, მით უფრო იკლებს სასწაულების რიცხვი. ქრისტეს მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში და მოციქულთა ხანაში, ასევე ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ვიდრე სახელმწიფოები, ანუ ხელისუფალნი გახდებოდნენ ქრისტიანები და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, უამრავი სასწაული აღესრულებოდა, რადგან იმ პერიოდში ნოყიერი ნიადაგი არსებობდა იმისათვის, რომ ადამიანები საღვთო სასწაულებით ქრისტიანობაზე მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგ სასწაულებმა თანდათან იკლო, რადგან ქრისტიანობის სიტყვიერი გავრცელება ანუ ეკლესიის მიერ ქადაგებაც უკვე ნაყოფს იღებდა, თუმცა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და ქრისტიანების განსამტკიცებლად ეკლესიაში სასწაულები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, მაგრამ მასობრივი ხასიათი ამას ზუსტად იმის გამო აღარ აქვს, რომ აღარ ხდება მასობრივად ადამიანების ქრისტიანობაზე მოქცევა.

თანამედროვე პერიოდში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სასწაულს ხედავენ, გამოცხადება ჰქონდათ, უფალი, წმინდანები იხილეს... რისთვის სჭირდებათ ეს სასწაულები? - იმისათვის, რომ თავიანთი თავი რჩეულთა შორის დააყენონ. თუ ამას ხმამაღლა არ ამბობენ, ქვეცნობიერად მაინც ამის გამო აკეთებენ. როდესაც ადამიანი გვეუბნება, რომ სასწაული იხილა, გამოცხადება ჰქონდა, აქცენტს აკეთებს ამაზე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ძალიან შორს არის უფლისგან და მისი გონება ეშმაკს ჰყავს დაპყრობილი.

წმინდა მამები არასოდეს ითხოვდნენ ღვთისგან სასწაულებს. ცნობილი მოღვაწე იოსებ ვატოპეტელი გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მას თავის კელიაში ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სურნელებას აფრქვევდა და ამის შესახებ მისი მორჩილის გარდა, არავინ იცოდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. ეს არის მცირე ზომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მის კელიასთან არსებულ პატარა ტაძარშია დაბრძანებული და დღესაც ახდენს ამ სასწაულს. ეს სასწაული ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ იოსებ ვატოპეტელი იყო უდიდესი მოღვაწე. თუ ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანია და მას სასწაულს მისცემს უფალი სულიერად განმტკიცებისთვის, ეს სასწაული არის პირადად მისთვის, ასეთი ადამიანი მას არ გაამხელს. თუ ასეთი რამ მოხდება, ამის შესახებ მხოლოდ მოძღვარს უნდა ვესაუბროთ, რათა სწორი რჩევა მივიღოთ.

- რა უნდა ქნას ადამიანმა იმისათვის, რომ ცრუ სასწაულების არ ირწმუნოს და საცდურში არ ჩავარდეს? თანამედროვე ადამიანები გაცილებით მეტი საცდურის წინაშე დგანან, თუნდაც კომპიუტერთან ურთიერთობა ავიღოთ. იქ ხომ უამრავი გვერდი არსებობს, სადაც აურაცხელ სასწაულზე წერენ...

- ძველი მამების რჩევებზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამედროვე მამებიც, თუნდაც პაისი ათონელი, იოსებ ათონელი, იოსებ ვატოპეტელი ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ მოძღვრის კურთხევით. რა თქმა უნდა, როდესაც წყალი მოგვინდება, მოძღვარს არ უნდა ვთხოვოთ რჩევა, წყალი დავლიოთ თუ არა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საქმე მოძღვრის კურთხევით უნდა გავაკეთოთ. თუმცა, გადაწყვეტილება კი არ უნდა ვუთხრათ მოძღვარს, - მამაო, ამის გაკეთებას ვაპირებ და დამლოცეო, ანუ მოძღვარს არ დავუტოვოთ არჩევანის უფლება, არამედ გადაწყვეტილების მიღებამდე მოძღვარს უნდა ვკითხოთ, - თქვენ რას მეტყვით, როგორ კურთხევას მომცემთო? მოძღვარი მოგვცემს დარიგებას, როგორ უნდა მოვიქცეთ. თუ ასე მიუდგებით, უფალი აუცილებლად გაჩვენებთ სწორ გზას.

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში მოხდა ასეთი ფაქტი, - ირანელი ჩამოვიდა საქართველოში, ნათელ იღო და დაბრუნდა ისევ ირანში. როდესაც ჰკითხეს, რატომ გსურს მართლმადიდებლური წესით მონათვლაო, ასეთი პასუხი გასცა: ირანში, სომხურ ეკლესიაში რაღაც მოვიპარე, სიზმარში ვიღაც კაცი გამომეცხადა და მოპარული ნივთის უკან დაბრუნება მთხოვა, მეორე დღესვე დავაბრუნე, მაგრამ სინანული დამეუფლა და მივხვდი, რომ ქრისტიანობა იყო ჭეშმარიტებაო. შემდეგ ჰკითხეს, - სომხურ ეკლესიაში რატომ არ მოინათლეო? მან კი მიუგო, - მივხვდი, მათ სარწმუნოებაში რაღაც არ იყო სრულყოფილად, ამიტომაც ჩამოვედი და მართლმადიდებლური წესით მინდა მოვინათლოო. ლოგიკურად, ის ირანში, სომხურ ეკლესიაში უნდა მისულიყო და მონათლულიყო, მაგრამ საქართველოში ჩამოვიდა, მართლმადიდებლური წესით მოინათლა და ისევ უკან დაბრუნდა. თუ ადამიანის გული მზად არის ღვთის ჭეშმარიტების მისაღებად, ის აუცილებლად სწორ გზას აირჩევს.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია