კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ

კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ

კრიმინალურ სამყაროში დიდი გადატრიალება არ შედგა. სახელებია სხვა, თორემ ორგანიზებულ დანაშაულს კვლავ ის ძალები მართავს, ვინც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მართავდა - კრიმინალური ელიტის ქართული დაჯგუფება. სხვადასხვა ეთნიკურ კლანს ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, დამნაშავეთა სამყაროში ქართველების მმართველობის ხანა დაესრულებინა, ფულიც უამრავი დაიხარჯა და სისხლიც ბევრი დაიღვარა... უკანასკნელი იერიში მაშინ მიიტანეს, როცა მოსკოვში თბილისელი ქურდი, იაპონჩიკის მემკვიდრე ასლან უსოიანი, იგივე დედ ჰასანი მოკლეს. ეს მკვლელობა "დამნაშავეთა მეფის" ტახტის ხელში ჩასაგდებად და გავლენის სფეროების ხელახლა გადასანაწილებლად მოხდა. "ვერსია" უკვე წერდა დედ ჰასანის მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე. ერთ-ერთი ვერსიით, უსოიანი კიდევ ერთი ქართული დაჯგუფების, ტარიელ ონიანის კლანის წევრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს; მეორე ვერსიით კი მკვლელობა "კანონიერმა ქურდმა" როვშან ჯანიევმა შეუკვეთა. ეს უკანასკნელი, რომელსაც "კრიმინალთა" შორის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, შეეცადა, ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. რით დასრულდა მისი სურვილი და მცდელობა, ამის შესახებ ინფორმაციას, ექსპერტ-კრიმინალისტი დავით ბერიძე გვაწვდის.

- როვშან ჯანიევმა, მართლაც, სარისკო ჩანაფიქრის განხორციელება წამოიწყო. პრინციპში, ამისთვის ფულიც ჰქონდა და ავტორიტეტიც, რაც მისი პიროვნებიდან გამომდინარეობს - ბავშვობაში მამა მოუკლეს, ის კი სასამართლოში იარაღით შევიდა და მამის მკვლელი სამი კაცი სასამართლო პროცესის დროს მოკლა. კრიმინალურ წრეებში ეს ვაჟკაცური ნაბიჯი მოუწონეს და მალე, პრინციპული და შემტევი ხასიათის დამსახურებით, "კანონიერი ქურდის" სტატუსიც მიიღო. აქედან იწყება ჯანიევის კრიმინალური კარიერა, რომელმაც მოგვიანებით, დიდ ავიაციაში მოინდომა ფრენა, დამნაშავეთა სამყაროში რყევებიც გამოიწვია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

- რას გულისხმობთ "დიდ ავიაციაში გადასვლის მცდელობაში"?

- ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული არა მარტო რუსეთში, არამედ ევრაზიის კონტინენტზე და მის გარეთაც. ძალა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, სამოციანი წლებიდან გამოდის ასპარეზზე. ეს ის პერიოდია, როცა წარსულს ბარდება ქურდული ტრადიციები, ინგრევა ძველი "ქურდული" ადათ-წესები... ამ ნანგრევებზე კი აღმოცენდება მაფიოზური ტიპის დამნაშავეთა ერთობა, რომელიც პოლიტიკური კავშირების გამოძებნისა და სახელისუფლებო წრეებში შეღწევის გზით ცდილობს ლეგიტიმაციას, რაც ყველაზე კარგად ქართველმა კრიმინალებმა მოახერხეს. ოთარ კვანტრიშვილის დროს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ბორის ელცინის ოჯახთან დაახლოებაც კი მოხერხდა. ქართველმა "ქურდებმა" ასევე დაიწყეს ადგილობრივი მმართველობისა თუ ფედერალურ დონეზე, თავიანთი კადრების გაყვანა სხვადასხვა თანამდებობაზე - ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ მაინც შეძლეს და, საბოლოოდ, მივიღეთ ასეთი სურათი: არსებობს ორგანიზებული კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და ამ ქსელში კოლოსალური თანხების მიმოქცევა ხდება. დღეს, კრიმინალურ სამყაროში ლიდერი ისაა, ვინც აკონტროლებს ვითარებას და პასუხს აგებს ფულის მიმოქცევის სქემის გამართულ მუშაობაზე - ასეთი იყო დედ ჰასანი... თუკი ვინმე ლიდერს მოკლავს, აიმხედრებს არა მარტო "კანონიერ ქურდებს", არამედ მთელ იმ ლეგიტიმურ სპექტრს, რომელიც ამ სქემაშია ჩართული. სპექტრი კი, მერწმუნეთ, ძალიან დიდია: დღეს რუსეთში, უბნის ინსპექტორიდან დუმის დეპუტატამდე თუ კრემლის ჩინოვნიკამდე ბევრს აქვს ფინანსური სარგებელი ამ სისტემისგან. უნდათ მათ, ამ ყველაფერს რამე დაემუქროს?

- ცხადია, არ უნდათ, მაგრამ ისიც ფაქტია - წლობით აწყობილი სისტემა ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობს და მის მართვას როვშან ჯანიევი კი არა, ნებისმიერი კრიმინალი შეძლებდა.

- როვშან ლენქორანსკის ასეთი კავშირები არ ჰქონია... იგი ფიქრობდა, რომ კრიმინალური ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ახალ სისტემებს შექმნიდა, რაც მისი საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილ სისტემაში დისონანსის შეტანას მას არავინ აპატიებდა და მოხდა ის, რაც ლოგიკურიც იყო და აუცილებელიც სისტემის შესანარჩუნებლად: დედ ჰასანის გარდაცვალებიდან მალევე შედგა მოსკოვში "ქურდული სხოდკა", რომელმაც როვშან ლენქორანსკისა და მის დაჯგუფებას "ქურდის" ლიკვიდაციისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განაჩენი თანმიმდევრულად აღასრულეს: ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, რესტორან "გრუზინსკაია კუხნიაში" მოკლეს ჯანიევის კლანის წევრი, ასევე "კანონიერი ქურდი" რუფატ ნასიპოვი, იგივე რუფო განჯინსკი, რითაც ჯანიევს მთავარი საყრდენი გამოაცალეს. ამის შემდეგ მალევე, კლავენ მისი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრს, ასტამურ გულიას, იგივე ასტამურ სუხუმსკის და რავსან ჯანიევი იძულებული ხდება, კრიმინალური ხელისუფლების ხელში აღების ნაცვლად, საერთოდ გაიქცეს რუსეთიდან; თუმცა მას განაჩენი არა მარტო "ქურდებმა", არამედ მთელმა სისტემამ გამოუტანა და ვერც როვშან ჯანიევმა შეძლო შორს წასვლა: იგი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლეს. ასე უშედეგოდ დასრულდა კრიმინალური ტახტის უზურპაციის მცდელობა.

- ახლა ვინ მართავს მთელ ამ სისტემას?

- სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინასწარ არჩევენ მემკვიდრეს - ეს საჭიროა, რათა ლიდერის გარდაცვალების შემთხვევაში, წამითაც არ მოიშალოს მისი გამართული მუშაობა. მაგალითად, იაპონჩიკი ჯერ ისევ საღსალამათი იყო, როცა მემკვიდრედ დედ ჰასანი დაასახელა, ჰასანმა კი, თავის მხრივ, ასევე თბილისური წარმოშობის თემურ მირზოევი, იგივე ტიმურ სვერდლოვსკი გამოაცხადა მემკვიდრედ. დღეს სწორედ ეს კაცი მიიჩნევა რუსეთის კრიმინალური სამყაროს "მაყურებლად". არაფერი შეცვლილა - "ობშიაკს" ფლობს ის, ვინც ფლობდა და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება ასე.

- საქართველოს ციხეებში მყოფ "ქურდებთან" დაკავშირებით რა ხდება?

- დედ ჰასანის მოკვლის შემდეგ ამ ხალხსაც ცუდი თვალით უყურებენ რუსეთში, ამიტომ გათავისუფლებული "ქურდები" იძულებულნი არიან, ევროპაში ეძებონ იღბალი და არა რუსეთში, სადაც ახალ სახეებს მტრულად ხვდებიან. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აქაც არ დაედგომებათ.

- არადა, ძველი ხელისუფლება ახალს აბრალებს - "ქურდული ტრადიციების" აღორძინება ხდებაო, მაგალითად კი მაყურებლის ინსტიტუტის დაბრუნებას ასახელებს.

- არ შემიძლია არ დავეთანხმო მინისტრ სოზარ სუბარს, რომ ეს ინსტიტუტი არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ნაციონალურმა მმართველობამ თვითონ გამოიყვანა ისეთი ყაიდის "მაყურებელი", რომელიც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა პატიმარზე და ციხე ტერორში ჰყავდა. კლასიკური გაგებით, ასეთი ტიპის მაყურებელი კრიმინალური საძმოს წევრი კი არა, პოლიციური დანამატია და მათი არსებობის მაგალითის მოყვანით, "ქურდული ტრადიციების" აღდგენაზე საუბარიც სასაცილოა. თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდები" იმიტომ ჩამოიშორა, რომ მათში კონკურენტები დაინახა ბიზნესის ძარცვის საქმეში. დღეს მახარებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ