"რედისონ ბლუ ივერიაში" "IT ინოვაციების კვირეული" გაიხსნა. ღონისძიება გაეროს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰოულინ ჟაომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს. კვირეულის მედიამხარდამჭერია "მედია პალიტრა".
ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა მსოფლიო ბანკის კონსულტანტი, ვენჩერული კაპიტალისტი, ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსი მეცნიერი შუკი გლეიტმანი.
"IT ინოვაციების კვირეული" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები გახდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ეკონომიკური მიმართულებების გაჯანსაღებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საქართველოს მთავრობამ უახლოეს წარსულში ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები გამოაცხადა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად.
"შესაბამისად, ყველა გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ დარგის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი სტრატეგიის მოსახლეობისთვის გაზიარებისთვის და ამ სექტორში არსებული ყველა დაინტერესებული პირისთვის გაზიარების მიზნით, არის წამახალისებელი და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგის მომტანი იქნება", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში დღეიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ოთხდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ჰაკათონი, დეველოპერული შეჯიბრი ანდროის დეველოპერული მობილური აპლიკაციების შექმნაში. ასევე, გაიმართება შეჯიბრი მობილურ თამაშებსა და კონკურსი 3D მოდელირებაში. გამარჯვებულებს კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსი" დააჯილდოებს. "პალიტრა მედია" კი საკუთარ რჩეულ გუნდს ინვესტორების მოძიებასა და იდეების სტარტაპად ქცევაში დაეხმარება.
"IT ინოვაციების კვირეულის" ფარგლებში გაიმართება "გუგლის" დეველოპერული ფესტივალი GDG DevFest. "გუგლის" დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით ყოველწლიური გლობალური დეველოპერული ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად არის თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი. პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი. პროექტს სპონსორობას უწევენ Google, USAID-კავკასია, სამსუნგ-ელექტრონიქსი.