პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

პირველად საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შედგა. თითოეულმა მონაწილემ 4 კითხვას უპასუხა და მათ თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად 2 წუთი ჰქონდათ.

"ამბები.გე" გთავაზობთ საპრეზიდენტო დებატებისას კანდიდატების ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს.

სამთავრობო პროექტების განვითარების შესაძლებლობა რეალურად მხოლოდ მე გამაჩნია, როგორც სახელისუფლებო კანდიდატს - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ექნება დაბალანსებული უფლებამოსილება და იარსებებს სისტემა, რომელიც აგებულია გაწონასწორებაზე.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ერთი წლის წინ, საქართველოში სულ სხვა ვითარება იყო, რადგან "წინა რეჟიმი" პოლიციურ სახელმწიფოს ქმნიდა.

"ჩვენ შევძელით, მოგვევლო სოფლისთვის, დაგვემსხვრია პოლიციური რეჟიმი, განათლების სისტემაში შეგვეტანა თვისობრივი ცვლილებები და ახლა გვაქვს ევროპული ქვეყნის აშენების მიზანი. ამისთვის არ გვჭირდება მოვუგოთ პოლიტიკურ ოპონენტებს, რადგან არჩევნები მოგებული გვაქვს. ჩვენ გვჭირდება თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში. თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი მანდატი, ვერ შევძლებთ იმ ახალი, ძლიერი ქვეყნის აშენებას, რომელზეც ყველა ერთად ვფიქრობთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარგველაშვილს "შეუსრულებელი დაპირებები" შეახსენა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა 220 ლარიან პენსიასთან, 60 ქარხანასა და ათიათასობით სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას, როდესაც ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის, არ შენდება არც ერთი ქარხანა და სტატისტიკური მონაცემებით სამუშაო ადგილები იკარგება.

გიორგი მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის მონაცემები 84 დაპირებიდან 76-ის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით "ყურით მოტანილ თემად" შეაფასა.

დავით ბაქრაძე პრემიერის გუშინდელ გამონათქვამსაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ მას გუნდში პელეს უწოდებენ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ პრემიერი მოიხსენიოთ პელედ, მაგრამ პელესაც მოსდიოდა შეცდომები - განაცხადა ბაქრაძემ.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ "ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, პრეზიდენტად გვყავდეს გამოუცდელი კანდიდატი" და ისაუბრა იმ პროცესება და მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ანხორციელებდა.

საქართველოში ბოლშევიზმი გრძელდება, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

აგრეთვე, თარგამაძის თქმით,  ბაქრაძის სახით "ნაციონალური მოძრაობა" ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს წარმოადგენს. "მე არ მჯერა, რომ მგელი ვეგეტარიანელი გახდება და ნურც თქვენ დაუჯერებთ", - აღნიშნა თარგამაძემ.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე ეჭვობს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "წინასწარ დაწერილ ციფრებს" საარჩევნო კომისიები "გააფორმებენ".

"ბატონმა ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ციფრები – დაწერა კონკრეტული შედეგები, რასაც, ალბათ, საარჩევნო კომისიები, რომლებშიც კვლავ ივანიშვილის და სააკაშვილის მონდომებით მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, გააფორმებენ ადგილებზე, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უნდა ვიბრძოლოთ მომავლისთვის", - განაცხადა თარგამაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე.

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი კი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას "დიდი წერტილი" დაესმება, - ამის შესახებ ხარატიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"რუსეთი ძალიან ცდილობს შეგვიყვანოს ევრაზიულ კავშირში, მაგრამ ჩვენი ერთადერი არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუ გვინდა დემოკრატია და განვითარება, ჩვენი ადგილი არაა ევრაზიულ კავშირში. განცხადებით - "ევრაზიული კავშირი რატომაც არა" გავაოცეთ და ჩავაფიქრეთ დასავლეთი. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო ევროინტეგრაციის გზით წავა და ევრაზიულ კავშირში მის გაწევრიანებას დაესმება დიდი წერტილი", - აღნიშნა ხარატიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მოისვენე, თორემ მოგასვენებ" - მარგველაშვილი-თარგამაძის შელაპარაკება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა