პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება

პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ დღეს არც ერთი ქართველი პოლიტიკის გარეშე არ ცხოვრობს და ყველგან, - ქუჩაში, ტრანსპორტში, ამ საკითხზე მსჯელობენ. იუმორისტ ნიკა არაბიძეს რომ დავურეკე და პირველი შეკითხვა დავუსვი, ძალიან მთხოვა, პოლიტიკის გარდა, რაზეც გინდა, იმაზე ვისაუბროთო, თუმცა ინტერვიუზე მაინც დავიყოლიე.

- ნიკა, შენთან არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია, ამჯერად კი შენი პოლიტიკური შეხედულებებიც გვაინტერესებს.

- გეტყვით ერთს, რომ როგორც რიგით ქართველს, ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა იყოს კარგად, რადგან ჩემი კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩემი ხალხის კეთილდღეობაზე.

- ახლა გაქვს ეს კეთილდღეობა?

- არც ცუდად ვარ და არც - კარგად. უკეთესიც შეიძლება.

- არჩევნებისთვის ემზადები?

- ამისთვის ალბათ პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკოსები ემზადებიან. მე რა მომზადება მჭირდება? ჯერ არ დამიწყია ამისთვის მზადება და რადგან შემახსენე, დღეიდან დავიწყებ.

- ყოველთვის მიდიხარ არჩევნებზე?

- ვცდილობ, რომ არ გამოვტოვო. ახლაც აუცილებლად წავალ.

- შენი პროგნოზი მაინტერესებს. შენი აზრით, ვინ არის ლიდერი?

- მაგ შეკითხვაზე უკეთესად 28 ოქტომბერს გიპასუხებ. (იცინის) გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე არიან ლიდერები...

- ნიკა, დვანში მიმდინარე მოვლენებიც არ გაშფოთებს?

- რასაკვირველია. ამ საკითხზე ყველას ერთი აზრი აქვს. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება და ანექსიაა. თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა, უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ყველას საფიქრალია. ამისთვის ყველა ჩვენგანმა თითო ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ.

- სოჭის ოლიმპიადაზე რა აზრის ხარ, უნდა გაემგზავროს თუ არა იქ ქართული დელეგაცია?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ალბათ არ უნდა წავიდნენ, თუკი ეს ჩვენს ქვეყანას რაიმეში წაადგება. ეს უფრო იმ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინც ამ საკითხში ღრმად არის ჩახედული. ჩვენთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე უნდა მოვიქცეთ.

- ნიკა, პოლიტიკა საერთოდ არ გაღელვებს? თუ ფიქრობ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

- როგორ არა. ალბათ საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერკვევა. პოლიტიკა და ფეხბურთი ყველა ქართველმა იცის. პოლიტიკა ყველგან გვესმის, ჩემს სამსახურშიც კი, რადგან ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ, რა ხდება ქვეყანაში და ყველაფერიც მეტ-ნაკლებად ვიცი. მერე ხომ ამაზე ხუმრობებს ვწერთ. "ვანოს შოუსთვის" ხუმრობები გვაქვს დასაწერი და ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდე, სად რა ხდება. არ მინდა, რომ პოლიტიკური ადამიანი ვიყო.

- ისე, თქვენი ხუმრობების გამო, არაერთხელ თქვენი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად გამოგაცხადეს...

- ამ საკითხზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩვენთან მობრძანდნენ, გადავუხვევთ და ვაჩვენებთ, რამდენი მწარე ხუმრობა გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობაზე". როცა არის თემა, რაზეც შეიძლება ვიხუმროთ, არავის ვტოვებთ უყურადღებოდ, მიუხედავად მათი პარტიული და პოლიტიკური შეხედულებისა.

- ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან თუ გიწევს პოლიტიკურ საკითხებზე კამათი?

- ისეთი მძიმე გრაფიკი მაქვს, შინ ისე გვიან ვბრუნდები, რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი, დრო პოლიტიკურ პოლემიკაში დავხარჯო. მირჩევნია, ჩემს შვილთან ერთად გავერთო და ამით ცოტათი მაინც გავიარო "რეაბილიტაციის კურსი". ასე რომ, სახლში პოლიტიკისთვის ნაკლებად მცალია. რაც შეეხება სამსახურს, ძალაუნებურად გვიწევს პოლიტიკასთან შეხება, როცა ხუმრობებს ვწერთ. ამის გამო ერთმანეთს ნამდვილად არ ვხოცავთ. ვწერთ ხუმრობებს იმ თემებზე, რაც აქტუალურია კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. ყველა ისეა ამ პოლიტიკით დაღლილი, რომ ამ საკითხში ღრმად არც ჩვენ ვერევით.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია