პრეზიდენტის სასახლესთან 25 ოქტომბერს გამოსამშვიდობებელი აქციის გამართვა იგეგმება. აქციის, სახელწოდებით "ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო!" ორგანიზატორია მოძრაობა "პატრიოტებია". როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანია, მადლიერების გამოხატვა იმ დადებითისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა. მათივე თქმით, სურთ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ საქართველოს მოქალაქეები საღად აზროვნებენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ამ ადამიანის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია.
"აქციით მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიღწეული პროგრესისა და წარმატებებისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით იმ დადებითისთვის, რაც ამ ადამიანის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა", - აცხადებენ მოძრაობა "პატრიოტებში".
აქციას სიმბოლური ხასიათი ექნება და 25 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.