როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი

როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - 4 სავარაუდო სცენარი

სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და რიგით მეოთხე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილი იქნება. თუ პირველსავე ტურში "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 50%-ს არ მიიღებს, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად უკვე წინასწარ იქნება ცნობილი, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთი მხრივ, მარგველაშვილმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და, შესაბამისად, მეორე ტურში გადასული მეორეადგილოსანი კანდიდატი ერთი ხმის მიღების პირობებშიც კი პრეზიდენტი ხდება.

ექსპერტთა უმრავლესობა ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. მათი აზრით, თუკი გამარჯვებული პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა, "ოცნების" მიერ დაანონსებული მეორე ტურის ბოიკოტის გადაწყვეტილება გადაიხედება. ამ შემთხვევაში კი მარგველაშვილს პრეზიდენტობა გარანტირებული აქვს - ექსპერტთა შეფასებით, თუკი მეორე ტურში მისი მეტოქე ბაქრაძე იქნება, არჩევნებს გამოთიშული ნინო ბურჯანაძის ხმები მთლიანად მარგველაშვილთან წავა, ხოლო თუ მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატს ბურჯანაძესთან მოუწევს დაპირისპირება, გამოთიშული ბაქრაძის ხმების უმრავლესობას ისევ და ისევ მარგველაშვილი მიიღებს.

სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "არჩევნების პირველსავე ტურში დასრულების შესაძლებლობა 50%-ია. ხოლო საით გადაიწევს სასწორის პინა, ამაზე პასუხს ამომრჩეველი გასცემს".

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, "მეორე ტურის ალბათობა არ დადგება და მარგველაშვილი პირველსავე ტურში მოიგებს". იგი მეორე ტურის ალბათობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ცოტა ამომრჩეველი მივა არჩევნებზე ან თუ ზესკანდალური რამ მოხდა, მაგალითად, რაიმე სკანდალური ფარული ჩანაწერის გავრცელება, ან, ვთქვათ, ბაჩო ახალაიას შესაძლო გამართლება.

"ის, რომ შესაძლოა, ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა მივიდეს არჩევნებზე, ბუნებრივია.

უპირველეს ყოვლისა, ეს იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ არის გადარჩენა-არგადარჩენას შორის ბრძოლა, ისეთი როგორიც გასული წლის, ან 2008 წლის ან 2003 წლის არჩევნები იყო. ჩვენთან არჩევნებით პოლიტიკური პარტიები კი არ იცვლებოდნენ, არამედ - პოლიტიკური ეპოქები. არსებული სახელისუფლებო ძალის ჩამოშორების სხვა გზა არ იყო და არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მოტივაციაც ამიტომ იყო მაღალი. დღეს ამის აუცილებლობა არ დგას. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის, იმიტომ, რომ პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს. ამიტომაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან.

"მეორე მიზეზი, რატომაც შეიძლება ამომრჩეველი პასიური გახდეს, ისაა, რომ პრეზიდენტს დიდი უფლებები აღარ აქვს.

"და მესამე - მუდმივად ქარიზმატულ ლიდერებს ვიყავით შეჩვეული, დღეს კი არცერთი კანდიდატი არ არის ქარიზმატული და არჩევანის გასაკეთებლადაც ნაკლები ენთუზიაზმია", - ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, თუკი საარჩევნო უბნებზე მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მივა, მათი უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იქნება, რადგანაც ყველაზე ორგანიზებული და მოტივირებული ამომრჩევლები სწორედ მათ ჰყავთ.

"ყველაზე სტრუქტუირებული და გამოცდილი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", მათ შორის რეგიონებში გამართული პარტიული სტრუქტურებით და წარმომადგენლებით საარჩევნო კომისიებშიც. ისინი ქუდზე კაცის პრინციპით გავლენ არჩევნებზე და ხელშესახებ შედეგს დადებენ.

"ასეთივე მოტივირებული არიან ბურჯანაძის მხარდამჭერებიც, რომლებიც საპროტესტო ელექტორატს წარმოადგენენ და, როგორც წესი, საპროტესტო ელექტორატი ყოველთვის აქტიურია. თუ გამოცხადება დაბალი იქნება, ხმები, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გაიყოფა და მეორე ტურის ალბათობას ეს გამოიწვევს.

"პრემიერმაც, როცა მეორე ტურის მიუღებლობაზე ილაპარაკა, გათვლა ელექტორატის მობილიზებაზე გააკეთა და კოალიცია ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ არჩევნები პირველსავე ტურში დასრულდეს", - დასძენს ლაგაზიძე.

სცენარი #1 - ყველაფერი პირველ ტურში სრულდება

პოლიტოლოგების პროგნოზით, თუ ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოიგებს პირველ ტურში, დამარცხებულთა მხრიდან იქნება მცირეოდენი უკმაყოფილება, თუმცა ამას რაიმე, თუნდაც მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია, არ მოჰყვება.

"პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ თუ მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს, ეს ისეთი დიდპროცენტიანი გამარჯვება მაინც ვერ იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს", - ამბობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, თუ მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ბურჯანაძე მეორე ადგილზე გავიდა და ხმების დიდი რაოდენობა მოაგროვა, შესაძლოა, მან დაჩაგრულის იმიჯი შეიქმნას. პრეტენზია ექნება, რომ "ქართული ოცნების" რეალური კონკურენტი მისი პოლიტიკური ძალაა და პარლამენტი დღევანდელ პოლიტიკურ ძალთა ბალანსს არ ასახავს. ამიტომაც შესაძლოა ახალი ხელისუფლება აიძულოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

"მეორე ტურს გამოვრიცხავ, თუ რაიმე ზესკანდალური არ მოხდა", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

- მისი თქმით, რა მასშტაბის შოკიც მიიღო შარშან საზოგადოებამ ციხის კადრების გავრცელებით, ასეთივე შოკი თუ მიიღო საზოგადოებამ, მეორე ტური იქნება.

მისი აზრით, ბაჩო ახალაიას გამართლება იქნება სერიოზული დარტყმა, თუმცა ჰგონია, რომ თუ ამ კონკრეტულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, პროკურატურას მის წინააღმდეგ ალბათ კიდევ ექნება რაღაც მორიგი საქმე.

ლაგაზიძისაგან განსხვავებით, ექსპერტების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, მეორე ტური მოსალოდნელია. მიზეზი ბევრია: პირველი - სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით მარგველაშვილი 50%-ს ვერ აგროვებს; მეორე – მარგველაშვილს ცნობადობის პრობლემა აქვს; და მესამე – წლევანდელ არჩევნებზე ძალიან ბევრი წამყვანი და ცნობილი პოლიტიკოსი იყრის კენჭს და ერთ კანდიდატს პირველსავე ტურში საჭირო ხმების დაგროვება გაუჭირდება.

სცენარი #2 - მარგველაშვილი VS ბაქრაძე

თუკი მეორე ტურში მარგველაშვილი და ბაქრაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ბურჯანაძის მომხრეების მხრიდან იქნება მცირე პროტესტი, შესაძლოა, პატარა აქციაც, ბურჯანაძის ხმები კი მარგველაშვილის სასარგებლოდ გადანაწილდება და გამარჯვება მარგველაშვილს დარჩება.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ის დიდი ხანია, მეორე ტურის ალბათობას პროგნოზირებს და თავისი ვერსიის უკან წაღების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავს.

რამაზ საყვარელიძე: "პრემიერიც და მარგველაშვილიც დაბეჯითებით ამბობენ, ყველაფერი პირველ ტურში გადაწყდებაო, თუმცა, როდესაც პრემიერმა მეორე ტურში მარგველაშვილის არმონაწილეობის ფორმულა გაახმაურა, ამით გამოჩნდა, რომ მას პირველ ტურში ვერგამარჯვებაც დაშვებული აქვს.

"მეორე ტურის ალბათობას ვუშვებ იმიტომ, რომ წლევანდელ არჩევნებზე ძალიან ბევრი წამყვანი და ცნობილი პოლიტიკოსი იყრის კენჭს. პოლიტიკოსთა ასეთი სიჭარბე ერთი კანდიდატისთვის 50%-მდე ასვლას გაართულებს. მარგველაშვილს ასეთი კონკურენციის გამკლავება გაურთულდება. მეორეც - არის ცნობადობის პრობლემაც".

როგორც საყვარელიძე ამბობს, ბურჯანაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ივანიშვილი ადგას, მისთვის მისაღებია და პრეტენზიები მხოლოდ ამ კურსის გატარების ტემპთან და ენერგიასთან აქვს.

"ბურჯანაძეს ის ხალხი მიემხრო, რომლებიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა დაუსჯელობის გამოა განაწყენებული და არალოგიკური იქნება, ამ ამომრჩევლებმა ბაქრაძეს დაუჭირონ მხარი", - განმარტავს საყვარელიძე.

"ბურჯანაძე არ არის ის პოლიტიკოსი, რომ თავისი ხმები სხვას გაუნაწილოს, თუმცა, მარგველაშვილი ნებისმიერ კონკურენტთან მოიგებს", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

იმავეს ამბობს კორნელი კაკაჩიაც.

"მეორე ტური არ გამოირიცხება და ამას ამბობს ყველა კვლევა. თვით ივანიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებიც მეორე ტურში არმონაწილეობის დაჟინების შესახებაც ამაზე მიუთითებს... თუკი მეორე ტურში მარგველაშვილმა იყარა კენჭი, ის ყველა შემთხვევაში გამარჯვებულია", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

სცენარი #3 - მარგველაშვილი VS ბურჯანაძე

მართალია, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე გასვლის შანსი ნინო ბურჯანაძეს არ აქვს, თუმცა, თუ გამოკითხვები არ გამართლდა და ბურჯანაძე მეორე ტურში მარგველაშვილს დაუპირისპირდება, ბაქრაძის ხმების დიდი უმეტესობა მარგველაშვილს დაემატება და "ნაციონალები" ამ პროცესს საკუთარი ოფისიდან დააკვირდებიან.

"ბაქრაძის ხმები მარგველაშვილთან უფრო წავა, ვიდრე ბურჯანაძესთან, სწორედ ამ შეურიგებლობის გამო, რომელსაც ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ავლენს", - აღნიშნავს საყვარელიძე.

"მარგველაშვილს თავად "ნაციონალებიც" კი დაუჭერენ მხარს, ოღონდ ბურჯანაძე არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ის ხალხიც კი მოვა არჩევნებზე, ვისაც 27 ოქტომბერს დაეზარება საარჩევნო ურნასთან მისვლა", - ამბობს ცისკარიშვილი.

რამდენად რეალურია ივანიშვილი-მარგველაშვილის ბოიკოტი

"თუ მეორე ტურზე მარგველაშვილი უარს იტყვის, ძალიან რთულ პროცესებში აღმოვჩნდებით ჩართულები", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

"მარგველაშვილის არმონაწილეობა – ეს საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული იქნება", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილის თქმით კი, ეს ემოციური განცხადება იყო და დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ივანიშვილის რჩევის შემდეგ ბევრად მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი რომ გამოემჟღავნებინა პრეზიდენტობის კანდიდატს, უკეთესი იქნებოდა.

"როდესაც დიდ პოლიტიკაში მიდიხარ, თავმოყვარეობის კოეფიციენტი შეიძლება ოდნავ ბარბაცებდეს, მაგრამ თუ საქმე მოითხოვს და მეორე ტური აუცილებელი გახდება, მარგველაშვილმა ან ბოლომდე იბრძოლოს, ან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში გადავიდეს, იქ უფრო მეტი პატივი ექნება, რადგან სხვა პოლიტიკურ გუნდში მას აღარ დაედგომება", - ამბობს ცისკარიშვილი.

მეორე ტურზე უარის თქმას პიარის ნაწილად მიიჩნევს კორნელი კაკაჩია – იმისთვის, რომ ამომრჩევლების მეტი მობილიზება შეძლონ.

"არ მგონია, რომ ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ამომრჩეველის ხმა დასაფასებელია და კოალიციას არ აქვს უფლება, გაბუტული ბავშვის პოზა დაიჭიროს. არც ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რამ.

"ეს განცხადება სერიოზული არ არის. მარგველაშვილის მხარდამჭერებს ბაქრაძის თუ ბურჯანაძის გაპრეზიდენტების გაპროტესტების მორალური უფლებაც კი არ ექნებათ, იმიტომ, რომ მათმა კანდიდატმა წინასწარ დააანონსა, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებო", ამბობს კაკაჩია.

სცენარი #4 - მარგველაშვილი მეორე ტურზე უარს ამბობს

ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს და პოლიტოლოგთა კრიტიკას ივანიშვილი-მარგველაშვილის ეს შესაძლო ბოიკოტი აჩენს.

საყვარელიძე ამბობს, რომ "ყველა გამოკვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე ბაქრაძეა, ამის ლოგიკით განაცხადა ივანიშვილმა, რომ თუ პირველ ტურში ჩემი კანდიდატი არ გაიმარჯვებს, მეორე ტურში არ გამოვა, დაგრჩებათ ბაქრაძე და "ნაციონალები" დაბრუნდებიანო.

"თუმცა, სოციოლოგიაში არის ნიუანსები. მაგალითად, საუბარია, რომ ბაქრაძისა და ბურჯანაძის ხმებს შორის მხოლოდ 3-4%-იანი განსხვავებაა. ამ მცირე სხვაობაში სტატისტიკა სანდო აღარ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათგან რომელი იქნება მეორე, ამის პროგნოზირება რთულია".

საყვარელიძის თქმით, თუ მეორე ტურში ბაქრაძე დარჩა, შეიძლება სტიქიური პროცესები წავიდეს.

რამაზ საყვარელიძე: "რაიონებში საზოგადოება "ნაციონალების" მიმართ ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი და თუ ხალხმა დაინახა, რომ მეორე ტურში ბაქრაძე დარჩება, ამას მძაფრი პროცესები შეიძლება მოჰყვეს და ეს აგრესია არა მარტო "ნაციონალების", არამედ "ქართული ოცნების" მიმართულებითაც იქნება.

"ამ მეორე ტურზე უარის თქმით ივანიშვილმა ისეთი ნაბიჯი გააკეთა, გამოდის "ნაციონალების" მოყვანას უწყობს ხელს. მით უმეტეს, არგუმენტად ის იყო მოყვანილი, რომ თუ პირველ ტურში ვერ გავიმარჯვებთ, "ნაციონალები" დაწინაურდებიანო. სერიოზული უპირატესობა მიენიჭა ბაქრაძეს და ივანიშვილმა თითქმის თქვა ის, რომ ამით დაგსჯით და "ნაციონალები" დაბრუნდებიანო. მეც ადამიანი ვარ და ხალისიც აღარ მექნება, ამ ქვეყნისთვის რამე გავაკეთოო. თავისი თავის მოტივაციაც კი შემოიტანა.

"ქართული ოცნება" ბევრ ისეთ ნაბიჯს დგამს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ რამეს არ ითვლიან. თუკი მარგველაშვილის კანდიდატობა გადაწყვეტილი იყო, მისი ხალხისთვის გაცნობა ადრე უნდა დაწყებულიყო, მარგველაშვილი ადრე გაპიარებულიყო. საერთოდ, საარჩევნო კამპანია არასაკმარისად იყო ჩატარებული და მას დღესაც აქვს ცნობადობის პრობლემა. პოლიტიკურ პიარზე უარის თქმა მე არ მესმის", - ამბობს საყვარელიძე.

მისი ვარაუდით, მეორე ტურში მონაწილეობის მიუღებლობა ივანიშვილს კოალიციაში პრობლემებს შექუმნის, ამიტომაც ჰგონია, რომ ეს ფორმულა ბოლოს მაინც გადაიხედება.

რამაზ საყვარელიძე: "იმ ლოგიკით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რეალურად და არა არჩევნების შედეგით, მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა ერთი წლის წინ უარი უთხრა და ამ წლის განმავლობაშიც ხალხისთვის სასიამოვნო არაფერი უთქვამს და უკეთებია, ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლაც კი საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიურმა კვლევებმა ის მეორე ადგილოსნად წარმოაჩინეს.

"უფრო რეალურია ბურჯანაძის მეორე ადგილზე გასვლა. თუ მარგველაშვილმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა, მაშინ ბურჯანაძეს რჩება პრეზიდენტობა, რაც ივანიშვილს კოალიციაში მძიმე სიტუაციას შეუქმნის. კოალიციაში ბევრია ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლებიც ბურჯანაძის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები. ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი-მარგველაშვილის პოზიცია შეიძლება გადაიხედოს და ბრძოლა მეორე ტურშიც გაგრძელდეს".

ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება უარს იტყვის მეორე ტურზე, ეს მას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება და მეორე ტური მშვიდობიანი აღარ იქნება.

"თუ მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს, ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის და შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ვერ შევძლოთ", - ამბობს ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა მიუღებელი იქნება და იმედს გამოთქვამს, რომ "არ შევცდებით და არ მოვხვდებით გინესის წიგნის ორიგინალური გადაწყვეტილებების განყოფილებაში".

სოსო ცისკარიშვილი: "მართალი გითხრათ, გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა მეორე ტურის შემთხვევაში მონაწილეობა არ მიიღოს. თუ რაიმე ქმედებაში ლოგიკის დეფიციტია, მაშინ დგება მარცხი, მაგრამ მარცხი გამარჯვების უძლურებიდან უნდა გამომდინარეობდეს, მარგველაშვილს კი გამარჯვების შანსი აქვს. საუბარი იმაზე, რომ ის ბრძოლის ველიდან გაიქცევა, უმალ გამოიწვევს პარლამენტის დაშლასაც კი, რადგან "ქართულ ოცნებაში" ქაოსი დაიწყება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა