ივანიშვილს ერთგული ადამიანების 75% ჩამოაცილეს, პრემიერის გვერდით მლიქვნელები დარჩნენ - მამუკა არეშიძე

 ივანიშვილს ერთგული ადამიანების 75%  ჩამოაცილეს, პრემიერის გვერდით მლიქვნელები დარჩნენ - მამუკა არეშიძე

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. პრემიერმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, თუკი "ოცნების" კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს პირველივე ტურში ხმათა დამაჯერებელი რაოდენობით გავამარჯვებინებთ, მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში მიიღებთ იმას, რისი ღირსები ხართო. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებდა ბაქრაძე და ასეთ შემთხვევაში პრემიერად მოგვევლინებოდა მიხეილ სააკაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს პრემიერის განცხადების განმარტება მოუწია, რომ ეს იყო მეტაფორული ნათქვამი, თუმცა ფაქტია, პრემიერის ამ განცხადებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა...

"ქრონიკის" კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე პასუხობს, რომლისგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.

- პრემიერის განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა და ბევრს გაუჩნდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა, ქართველები პოლიტიკური სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდნენ.

- პრემიერი არაორდინარული პოლიტიკოსია, აქედან გამომდინარე, მისი სვლები ზოგ შემთხვევაში საზოგადოებისთვის მოულოდნელია და ადამიანებიც ფიქრობენ, რას გულისხმობდა ამა თუ იმ განცხადების მიღმა.

ის იქცევა "პოკერის" მოთამაშესავით, ცდილობს, გაააქტიუროს როგორც მოკავშირეები, ასევე მოწინააღმდეგეები და მოქმედებს პრინციპით, - სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!..

მისი ნათქვამი მარგველაშვილზე, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, თუკი დამაჯერებელი გამარჯვება არ მოიპოვა, პროცენტებიც დაასახელა - 60%, ეს არის პოლიტიკური ნონსენსი. აბსოლუტურად გასაგებია, როცა ამას ამბობს ივანიშვილი, მაგრამ გაუგებარია, როცა ამას იმეორებს მარგველაშვილი. მარგველაშვილმა 49% რომ დააგროვოს, უარი უნდა თქვას არჩევნების მეორე ტურზე? ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლის 49%-ის, რომელმაც მარგველაშვილს მხარი დაუჭირა, ნებას უგულებელყოფს. ივანიშვილმა კი ეს განცხადება სხვა კონტექსტში გააკეთა, - თუ მხარს არ დაგვიჭერთ, შეიძლება მოხდეს ქაოსი...

- თქვენ პრემიერთან შეკამათება მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მოსალოდნელი ქაოსის გამო მოგივიდათ. იქნება თუ არა გარდაუვალი არეულობა, თუკი ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე და ბურჯანაძე მიიღებს მესამე ადგილს?

- როდესაც პრემიერს ამის თაობაზე ვეკამათებოდი, მაინცდამაინც ქუჩაში ბარიკადებს არ ვგულისხმობდი, მე ვგულისხმობდი იმ მოცემულობას, რომელსაც გვიტოვებს პრემიერი, რაც მდგომარეობს შემდეგში:

რას ვიღებთ მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში? ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურად მოუმზადებელ პრეზიდენტს და ასევე, მოუმზადებელ პრემიერს. პრემიერმა პრემიერის პოსტზე სავარაუდო კანდიდატურა დაასახელა, აქედან ერთ-ერთი კვირიკაშვილია, დანარჩენ ორს ის საგულდაგულოდ მალავს.

- კულუარებში, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დასახელდა... რას ფიქრობთ პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურაზე?

- გიპასუხებთ, რომ პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს თემა გაჩერდა იმ მოტივით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავთ.

ირაკლის კანდიდატურა განიხილებოდა ერთი თვის წინ, დღეს ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი... მოკლედ, პრემიერი გვიტოვებს პოლიტიკაში გაუწაფავ პრეზიდენტს და ასევე, პოლიტიკურად გამოუცდელ პრემიერს. განსაკუთრებით კი, პრემიერი 6-7 თვეს მოანდომებს სიტუაციისთვის ალღოს აღებას და პრემიერობის სწავლას.

ბიძინა ივანიშვილი ტოვებს როგორც პრემიერის პოსტს, ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს. თუ ივანიშვილი ახალ პრემიერს რჩევებს მისცემს და ამ კუთხით დაეხმარება, ვერ წარმომიდგენია, მის პარტიას რა ფორმით დაეხმარება, ისედაც პარტია მისთვის არჩევნებში გამარჯვების ინსტრუმენტი იყო და ძალაუფლების გასაგრძელებელი ფორმატი.

ამიტომაც, პარტიაში ვერტიკალი ვერ იმუშავებს, ისედაც დაძაბული სიტუაციაა პარტიაში. ამ ყველაფერს თუ დაემატება, რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის, როდესაც გაძლიერდება კოალიციური კონკურენცია და ამას დაემატება კოალიციაზე ოპოზიციური ძალის შეტევა, ალბათ, გასაგებია, თუ როგორი რთული მდგომარეობა შეიქმნება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს ჩაფიქრებული აქვს ეკონომიკური აღორძინების გეგმა და ამ თვალსაზრისით ის მყარად გრძნობს თავს, დილეტანტის პოზიციიდან ვიტყვი, რომ აქცენტები ეკონომიკაში არასწორად არის გადანაწილებული იმ თვალსაზრისით, რომ აქცენტი კეთდება მსხვილ ბიზნესზე და უგულებელყოფილია საშუალო და წვრილი ბიზნესი. ვერტიკალის არქონა როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეკონომიკაში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ქაოსური მდგომარეობა შეიქმნება. ამას ემატება დაპირებების ვერშესრულება და უმთავრესი - სამართლიანობის აღდგენა.

- ხელისუფლება ვერ ახერხებს, აღადგინოს სამართლიანობა იმ დინამიკაში, რასაც მოსახლეობა ელოდა. ამ კუთხით, შეიძლება თუ არა ქაოსი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას, ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ სახელმწიფო აღადგენდა სამართლიანობას თავისი კანონის აღმსრულებელი მანქანით, მაგრამ სახელმწიფო ამას პრინციპში არ უვლის.

თუ აქამდე ანგარიშსწორება "მოფარებულში" ხდებოდა, ახლა უკვე ღია პროცესი გახდა. ციხის ერთ-ერთი უფროსის – ლაშა ბრეგვაძის ცემა ამის ნათელი მაგალითია. ლაშა ბრეგვაძე მარტო იმიტომ კი არ გაილახა, რომ ციხეების უფროსი იყო და პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდა, იმდენად სასტიკი იყო, რომ მისი ქმედებები მოხდა სახალხო დამცველის ანგარიშში, ეს ყველაფერი აღნუსხეს ევროკავშირისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა. ლაშა ბრეგვაძე განა იმიტომ გაილახა, რომ ასე სასტიკად ექცეოდა პატიმრებს, ის მისი საქციელით ტრაბახობდა, მე ვიცი, რომ მისიანები ეუბნებოდნენ, - თუ ეს საშინელება გაქვს ჩადენილი, ნუ ტრაბახობ მაინცო. რომ არ გაჩერდა, ამიტომაც გალახეს. საქმე ისაა, რომ იმდენად აიშვეს დაუსჯელობის გამო, რომ ტრაბახის უფლებასაც აძლევენ თავს. ეს არის უბედურება, რომ მორალური გაკიცხვის ობიექტებიც კი არ გახდნენ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ მიმართ სამართალი არ აღსრულდა. მე კიდევ ვამბობ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, განსაკუთრებით კი სასტიკი დანაშაული. ამდენი პატიმარი დაიხოცა, მათ მკვლელობაზე ვინ აგებს პასუხს? ზოგიერთი ციხიდან რომ გამოვიდა, მერე მოკვდა, იმდენი დაზიანება ჰქონდა მიღებული. პირადად ლაშა ბრეგვაძემ პატიმარი ისე აწამა, ახალგაზრდა, 32 წლის კაცი ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ასე რომ, ამ ყველაფერმა შეიძლება თავი იჩინოს და სამართალდამცავები ამას მერე ვეღარ გაუმკლავდებიან, ეს ტრაგედია იქნება. მე არ მინდა ასეთი რამ მოხდეს. ამიტომ ვცდილობ, რომ მე და ჩემმა ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობამ" გავაგებინოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ არჩევნების შემდეგ ამ საკითხს მიექცეს ყურადღება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

- კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ საპროტესტო აქციები გამართოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ადგიზე დავით ბაქრაძე აღმოჩნდება. რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს?

- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ განსხვავება იქნება პირველ და მეორე ადგილებს შორის მცირე, და თუ აღმოჩნდება გაყალბების შემთხვევები, ისეთი ამბები ატყდება, რომ რთული მდგომარეობა შეიქმნება.

მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს თვითონ უნდა თითით საჩვენებელი არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების საკითხში ჩახედული არ არის, აქედან გამომდინარე მე ვიცი, როგორ შეიძლება ადგილებზე სხვადასხვა პიროვნებებმა სიტუაცია არიონ.

მე ისიც ვიცი, რომ "ნაცმოძრაობა" სერიოზულად ემზადება და როგორ ქმნიან თბილისში უმისამართოების უბნებს ერთიმეორის მიყოლებით და როგორ ქმნიან, ვირტუალურ სახლებსა და სადარბაზოებს, რაშიც ისინი ძალიან გაწაფულები არიან.

რაც ვიცი, "ნაციონალებს" საბურთალოს მასშტაბით, 25 ათასი ხმა უკვე ჯიბეში უდევთ.

ჯერ კიდევ ჩემს დროს, იყო ხვიჩიას ქუჩაზე დამატებული 8 უზარმაზარი კორპუსი 2003 წელს, ის დღემდე დამატებულია და არ გაუუქმებიათ. კვლევების შედეგებით ვხედავ, რომ მეორე ადგილს ბაქრაძე ვერ მოიპოვებს, კეზერაშვილის დაპატიმრების შემდეგ კი, მარგველაშვილის რეიტინგმა იმატა. ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ადამიანების გამო მხარდამჭერთა დინამიკა შეყოვნდა. საზოგადოება იმდენად დაძაბულია, ყველა მოვლენაზე რეაგირებს. საჭიროა დაძაბული საზოგადოების მოფრთხილება.

- ჟვანიას საქმე პიკშია, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს საქმე ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადონ?

- არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მე ვიცი, რომ არსებობს გარემოებები, კარგი იქნება, თუკი საქმე გახსნილად გამოცხადდება, მე ვვარაუდობდი, რომ ჟვანიას ან სხვა რომელიმე გახმაურებული საქმე დაშიფრული იქნებოდა არჩევნებამდე. მე მაგალითად ველი, სამშაბათს, როცა გამოქვეყნდება დაშიფრული აგენტების დამატებითი მასალები. პირადად ჩემთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა...

- პირადად თქვენთვის რატომ იქნება დარტყმა?

- იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან, არ მინდა დავიჯერო, რომ ისინი კუდ-თან თანამშრომლობდნენ...

- თუკი დადასტურდა, რომ "ოცნების" წამყვანი ფიგურები "დავერბოვკებული" იყვნენ კუდ-ის მიერ, ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დაშლა გარდაუვალი იქნება?

- ჩემი ინფორმაციით, "ოცნებაში" ამ თემის წამოწევამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გახსოვთ კიდეც, როგორი გამოსვლა ჰქონდა დავით საგანელიძე,ს ასევე წავიკითხე ირინა იმერლიშვილის ინტერვიუ, ეს ინტერვიუ იყო გააზრებული და გარკვეულწილად, პასუხიც გასცა. ბუნებრივია, დელიკატობიდან გამომდინარე ვერც ერთს ვერ ვკითხე, აგენტები ხარ თუ არა-მეთქი... თუკიდადასტურდა მათი აგენტობა, პარტიაში იქნება სერიოზული ცვლილებები და საზოგადოებისთვის იქნება უდიდესი დარტყმა.

ყველა გულანთებული პატრიოტი ადამიანი პრემიერს ჩამოშორდა. მე არ ვიცი, ეს რატომ, რა მანქანებით ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთგული ადამიანების 75% პრემიერს ჩამოაცილეს. ძირითადად პრემიერის გვერდით დარჩნენ მლიქვნელები, კარიერისტები, ჯიბეზე მორგებული ადამიანები, რომელთაც, მართალი გითხრათ, ქვეყანა ფეხზე ჰკიდიათ და ის წესიერი ხალხი, რომელთა რაოდენობაც ძალიან მცირეა, ამათ ვერ ერევიან, რადგან ამათ უკეთ იციან, სიტუაციას ალღო როგორ აუღონ. ამ მლიქვნელებმა კარგად გამოიყენეს პრემიერის ნაკლებად ინფორმირებულობა პოლიტიკაში და სხვა საქმიანობაში... ბიზნესში მას ვერ მოატყუებენ, ვინც მოატყუა, ზოგიერთი პასუხისგებაშიც კი მისცა, მათ შორის ნათესავები.

მაგრამ მის გვერდზე მდგომებს ის თანდათან სწავლობდა და დღეს უკვე იმდენად მჭიდროდ არიან მის გარშემო, რომ მათი მოცილება ასე მარტივად არ გამოდის და ძალიან რთულია.

გიორგი მარგველაშვილს გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდება სამართლიანობის აღდგენა ყველგან და ყველაფერში და თუ ასე არ მოხდება, სიუტაცია უმართავი გახდება.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა