"როგორც კი ეს ჟურნალისტი ამ მასალას გამოაქვეყნებს, რუსეთი ახალ ომს გამოგვიცხადებს!"

"როგორც კი ეს ჟურნალისტი ამ მასალას გამოაქვეყნებს, რუსეთი ახალ ომს გამოგვიცხადებს!"

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს, რაც რუსეთის ინტერესშია. ამ ინფორმაციის პარალელურად ვრცელდება ჩეჩნეთის პრეზიდენტის რაზმან კადიროვის განცხადება "საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა იყო დასავლეთის ქვეყნების ანტირუსული შეთქმულების ნაწილი მთელი კავკასიის დასაპყრობად, საქართველო, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა და სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, ეს რუსეთის პირადი ტრაგედიაა. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ყოველთვის განსაცდელში, თუკი შეგვიძლია უბრალოდ გავანადგუროთ ის, რაც ხელს გვიშლის. ძლიერები ვართ, ყველაფერი გვაქვს, არმია, ტექნოლოგიები, ჩვენ მათ თავს უნდა დავესხათ..." ჩეჩნეთის მეთაურმა რუსეთის ხელისუფლებას აუცილებელ შეტევაზე გადასვლისკენ მოუწოდა. რა დგას ამ ყველაფრის მიღმა, იკვეთება თუ არა ყოფილი ხელისუფლების როლი პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვის მიღმა, რა ფორმით შეიძლება აღმოჩნდეს პანკისის ხეობა რუსეთის ინტერესში? ამ და სხვა საკითხებზე ზაალ კასრელიშვილი "ქრონიკის" კითხვებს პასუხობს.

- თქვენ აცხადებთ, რომ პანკისის ხეობას საფრთხე ემუქრება, მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

- საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ, იმყოფებოდა "უოლ სტრიტ ჯორნალის" მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტი ალან კულისონი, რომელმაც ქართველი თანამოაზრეების დახმარებით, მათ მე არ ვიცნობ, იმოგზაურა პანკისის ხეობაში. ერთი შეხედვით, მის მოგზაურობაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ, თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას შევაჯამებთ, მივიღებთ სავალალო სურათს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ეს ჟურნალისტი დაინტერესებულია პანკისელი მებრძოლების საქმიანობით სირიაში. აქ ორი გამორჩეული პანკისელი იბრძვის, ერთი გახლავთ თარხან ბათირაშვილი, მეორე კი - ასლან მაჩალიკაშვილი. ჟურნალისტი ალან კულისონი შეხვდა ამ მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ასევე შეხვდა პანკისის ხეობის გმირს, რამდენადაც ვიცი მოახერხა პირდაპირ დაკავშირებოდა ასლან მაჩალიკაშვილს სირიაში. ერთი შეხედვით, თითქოს აქ არც არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ თუ ურნალისტის კითხვების შინაარსს დავუკვირდებით, შეიძლება ბევრი საეჭვო რამ აღმოვაჩინოთ...

- ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა სადმე გავიდა?

- ჯერ არა...

- მაშ, თქვენ საიდან იცით, რა კითხვები დასვა ამ პიროვნებამ?

- ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია და ვიცით, რაზე იყო საუბარი მებრძოლების ახლობლებთან. იცით, რა ტიპის კითხვები დასვა? მაგალითად, ალან კულისონს აინტერესებს, რის გამო იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები, ანუ პანკისელები სირიაში. ასევე აინტერესებს მარშრუტები, რა მარშრუტით გავიდნენ საქართველოს მოქალაქეები სირიაში საბრძოლველად. ასევე აინტერესებს, რამდენად შეიძლება კავშირი ჰქონდეს საქართველოს, კონკრეტულად კი პანკისის ხეობას იარაღით უკანონო ვაჭრობასთან.

რაც მთავარია, ჟურნალისტს აინტერესებდა, რამდენად შესაძლებელი იყო საქართველოდან, კერძოდ, პანკისიდან, სირიაში მოხვედრილიყო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სირიაში იხმარეს და რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.

- სხვათა შორის, "იუთუბიზე" გამოჩნდა ვიდეო, თითქოს საქართველოდან სირია მარაგდებოდა ქიმიური იარაღით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალან კულისონის ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა და მაინც, ამ ჟურნალისტის მოქმედების მიღმა დადგმულ პროვოკაციას ხედავთ?

- დიახ, ასეთი ტიპის ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, ამ ვიდეორგოლის შემდეგ ეს ადამიანი ამზადებს მასალას, რაც დატრიალდება მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჟურნალისტი არ დაკავშირებია ოფიციალურ სტუმრებს, საიდანაც მიიღებდა გადამოწმებულ ინფორმაციას, პირდაპირ დაუკავშირდა და აქცენტები აიღო რადიკალური ისლამის ლიდერებზე და ისინი ჩაწერა. ეს ადამიანი ამზადებს მასალას, რომელიც დაადასტურებს კავშირს პანკისის ხეობის, როგორც საქართველოს ტერიტორიის კავშირს "ალ-ქაიდას" ინტერესებთან. ანუ მისი ამ გამოძიებით პანკისის ხეობა და საქართველო გამოჩნდება "ალ-ქაიდას" და რადიკალური ისლამის ხელშემწყობ ტერიტორიად, რაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო საფუძვლიანად და არგუმენტირებულად შეუტიოს და რუსეთმა საქართველოზე გააძლიეროს ფიზიკური და მორალური ზეწოლა.

თუ როგორი ფიზიკური და მორალური ზეწოლა იცის რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ კადიროვის უახლოეს ადამიანს პირადი კონფლიქტი აქვს პანკისის ხეობაში ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან, რომელიც სირიაში დღეს საველე მეთაურია. არ გამოვრიცხავ პირადი კონფლიქტის უფრო მეტად გაღრმავებას, რაც შეეხება კადიროვის განცხადებას, ის არის ჟირინოვსკივით და ახმოვანებს პუტინის ზრახვებს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მთელი ამ 20 წლის მანძილზე რისი სურვილიც ჰქონდა რუსეთს, დღეს სისრულეში მოიყვანოს პანკისის ხეობაში, რაშიც დაეხმარება საერთაშორისო მედია, რომელიც გაავრცელებს ჟურნალისტ კულისონის გამოძიებას, რომ თითქოს საქართველოში მართლა არიან "ალქაიდას" საცეცები, რუსეთი საკუთარ თავს მისცემს იმის უფლებას, რომ სადღაც ახმეტასთან გაავლოს ახალი მავთულხლართები.

- თქვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ალან კულისონი მეგობრობდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე მაღალჩინოსანთან?

- ჩვენი ინფორმაციით, ალან კულისონი მეგობრობდა გიგა ბოკერიასთან, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით, რომ ალან კულისონი და გიგა ბოკერია თანამშრომლობდნენ ადამიანთან, რომელიც დასავლეთში არის ცნობილი ლობისტი.

მოკლედ, ეს ორი ადამიანი ერთ წრეში ტრიალებს. მოკლედ, ბოკერია და კულისონი ერთმანეთს კარგად იცნობენ. შეგახსენებთ, რომ ალან კულისონი გახლავთ ჟურნალისტი, რომელმაც ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, ირანიდან ფულის მოძრაობაზე დასავლეთში. სწორედ მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე რამდენიმე ათეული ანგარიში გაიყინა, ასე რომ, კულისონი ვიღაცა არ არის. მე ვსვამ კითხვას, - ალან კულისონი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, როგორ მოხვდა მოსკოვის ბიუროში და რატომ ჩამოვიდა საქართველოში მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტის სტატუსით და არა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, რატომ არის იგი შენიღბული. არ შეიძლებოდა გახმაურებულიყო, რატომ და რისთვის ჩამოვიდა?

- თქვენ რა ეჭვი გაქვთ?

- მაქვს ეჭვი, რომ პანკისის ხეობის გარშემო გორდება ახალი საერთაშორისო სკანდალი, რომლის საფუძველიც გახდება კულისონის გამოძიება, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობას გამოაცხადებენ "ალ-ქაიდას" მხარდამჭერების ბუდედ და საქართველოს გამოიყვანენ, როგორც სატრანზიტო მარშრუტს რადიკალური ისლამის მებრძოლებისთვის როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში.

ამით რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაეხსნება ხელ-ფეხი, რომ საქართველოზე გააძლიეროს მორალური და ფიზიკური ზეწოლა. რუსეთს კანონში უწერია, რომ აქვს უფლება, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ იმ ტერიტორიებზე, საიდანაც რუსეთის სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება. 2001 წელს რუსეთმა ბომბი ჩამოაგდო პანკისის ხეობაში...

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ რუსეთს მიღებული არ ჰქონდა კანონი პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ უცხო ტერიტორიაზე, გამოდის, რომ ახლა საფრთხე რეალურია...

- დიახ, მაშინ ეს კანონი არ იყო, დღეს უკვე ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი. ახლა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სჭირდება მოტივი, თუ რატომ აძლიერებს საქართველოზე ზეწოლას, მათთვის შემოსავლის მიზეზი გახდება ტერორიზმის საფრთხე პანკისის ხეობაში, რაშიც, სამწუხაროდ, რუსეთს დაეხმარება ჩვენი მოსახლეობის გულუბრყვილობა, ასევე ხელისუფლებაში გარკვეული პიროვნებების პარპაში.

- რას ნიშნას ხელისუფლებაში გარკვეული პიროვნებების პარპაში, ვის გულისხმობთ?

- ჯერ არ დასრულებულა ორხელისუფლებიანობა. ასე რომ, კულისონს "ნაციონალურ მოძრაობაში" ჰყავს მოკავშირეები. თქვენს გაზეთში დაბეჭდილი ამ ინტერვიუს შემდეგ ყველა კარგად დაფიქრდეს, მათ შორის, ყველა ქისტი, რა კითხვები დასვა ამ კაცმა და რა პასკვილი შეიძლება შეიკეროს ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას ერთად დაგვნაყავენ, ნაციონალსაც და არანაციონალსაც... არ ვიცი, რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, ამგვარი ღონისძიებები აღკვეთოს, მაგრამ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, გაიცეს სპეცაკრედიტაცია იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც კონფლიქტის კერებში ჩამოდიან სიტუაციის გასაშუქებლად. კონფლიქტურ ტერიტორიებზე სპეცაკრედიტაციის გარეშე არ უნდა დაიშვან ჟურნალისტები. ხელისუფლებას მივმართავ, - მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება, რადგან საქმე ამ თვალსაზრისით კარგად არ არის.

- თქვენ ეჭვობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბირთვი სიტუაციის ესკალაციას შეეცდება? როგორც ჩენს, პრემიერი განაწყენებულია ზოგიერთის უმადურობის გამო და მან ულტიმატუმიც წაუყენა ამომრჩეველს, - თუ მარგველაშვილი 60%-ით არ გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მის ადგილას მოვხსნიდი კანდიდატურას და საარჩევნო ველზე დავტოვებდი ბურჯანაძეს და ბაქრაძესო... რამდენად შესაძლებელია ქვეყანა გადაეშვას უმართავ ქაოსში, თუკი მეორე ტური იქნება გარდაუვალი?

- პრემიერი არის გულწრფელი და ის პოზიციებს ღიად აფიქსირებს, მას არ სჭირდება ხელისუფლებაში ყოფნით სარგებელი მიიღოს, ის თვლის, რომ საზოგადოებას სთავაზობს სწორ არჩევანს. და თუ ეს ხალხს არ უნდა, მაშინ გააკეთონ ის არჩევანი, რაც ხალხს უნდა, მაგრამ შედეგზე პასუხს აღარ აგებს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მას დეკლარირებული აქვს, რომ თავისი სტრატეგია აგებული აქვს იმაზე, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტსგარეთ არიან დარჩენილები და სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, ასევე გადაიქცევიან ამრევებად, მათი ტაქტიკაც იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უსიტყვოდ გარიგდება, რათა პროცესები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანონ. არჩევნების შემდგე, უახლოეს 6 თვეში მათი პოზიცია გამოჩნდება, ისინი ეცდებიან, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლებასთან გაზარდონ დაპირისპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებსაც ვერ მოიგებენ და ფაქტობრივად, გარეთ რჩებიან.

ის, რომ მშვიდად მიდის წინასაარჩევნო პროცესი, არ იტაცებენ და არ სცემენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს კარგია, მაგრამ ამის უკან, მოსალოდნელი ქარიშხალი დგას.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ველოდებით ოპოზიციის რადიკალურ გააქტიურებას, შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას დაემატება საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის შელახვა, რაც პირდაპირ საშუალებას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას, გავლენები გააძლიეროს საქართველოში.

- გააქტიურდა ჟვანიას გამოძიების თემა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ რეიტინგი აკრიფა კეზერაშვილის დაკავების ხარჯზე. ფიქრობთ თუ არა, რომ ის ჩაუშვებს თანამზრახველებს და ბევრს გაიყოლებს?

- კეზერაშვილი არ არის ის კაცი, რომ გაჩუმდე, გადმოსცემს თუ არა საფრანგეთის ხელისუფლება საქართველოს, მას მოუწევს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, ბუნებრივია, პრესინგს დააწესებენ "ნაცები". კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებზე წავა პრესინგი, ამის მიზანი ის გახლავთ, რომ მმართველი პარტია წონასწორობიდან გამოიყვანონ და დააშვებინონ შეცდომები, ამ არეულობაში ძნელი გახდება ბრალი წაუყეონ "ნაცმოძრაობის" ყოფილ ლიდერებს, შეიძლება ქუჩაში გადმოინაცვლოს პოლიტიკურმა პროცესებმა, ამ დროს კი ძალიან წამგებიანია ხელისუფლებისთვის ფსევდოოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა.

ჩემთვის "ნაციონალების" გადაწყვეტილება დღესავით ნათელია, მიდიან სამოქალაქო დაპირისპირების გზით და არეულობამდე, იქნებ, გადარჩნენ... მათ ინტერესშია, იქამდე დაძაბონ ვითარება, რათა ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს, რათა ოპოზიციური ძალის დასაშოშმინებლად ძალა იხმარონ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ეყოფათ, დესტაბილიზაცია ააშორონ ქვეყანას, მაგრამ ნებისმიერმა ასეთმა მცდელობამ, შესაძლოა ოპოზიციის წისქვილზე დაასხას წყალი.

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მას მოუწევს პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულებზე. საქმეც ის გახლავთ, ყველაფერს გააკეთებენ, ეს რომ არ დაუშვან, რათა ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბონ და აქამდე საქმე არ მივიდეს, საგარეო საფრთხეებიც ამ კონტექსტში განიხილება. ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლის, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაიწყება სერიოზული საპროტესტო გამოსვლები.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია