ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

საქართველოში დეკრეტული შვებულებით მხოლოდ ერთმა მამაკაცმა ისარგებლა. მამაკაცის მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენების ერთადერთი შემთხვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა.

სტატისტიკურ მონაცემებს გენდერულ ჭრილში დასაქმებულთა შვებულებასთან დაკავშირებით,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. როგორც IDFI-ისთვის მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს.

რაც შეეხება ქალბატონებს, აღნიშნულ პერიოდში 1134-მა ქალმა ისარგებლა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, ანაზღაურების გარეშე კი მხოლოდ 354-მა ქალმა.

ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ყველაზე მეტი შემთხვევა საჯარო დაწესებულებებს შორის საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში დაფიქსირდა - 655 შემთხვევა.

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის საჭიროების გამო. IDFI-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბუნდოვან განმარტებას, თუ რამდენად ვრცელდება ეს პუნქტი დასაქმებულ მამაკაცებზე.

"სასურველია საქართველოს შრომის კოდექსში ჩანაწერი "ბავშვის მოვლის გამო" გატანილი იქნას ცალკეულ პუნქტად. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ინსტიტუტის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე, ე. წ. დეკრეტული შვებულებების გამოყენების რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში, საჯარო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ მოწოდებულ მონაცემებში არ აკონკრეტებდნენ რომელი სქესის მიერ იყო აღნიშნული გამოყენებული, ვინაიდან დეკრეტული შვებულება მათთვის თავის მხრივ, ცალსახად, ნიშნავს მხოლოდ ქალის მიერ გამოყენებად უფლებას", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია