მოსალოდნელია თუ რა არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღა

მოსალოდნელია თუ რა არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღა

პოლიტოლოგები არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გამოსვლებს, მიტინგებსა და არეულობას არ პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ საამისო არც მუხტი არსებობს საზოგადოებაში და არც ქვეყანაშია შესაბამისი სიტუაცია. ხოლო ის პოლიტიკოსი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ამ გზას აირჩევს, სპეციალისტების აზრით, საკუთარი თავისთვისვე წამგებიან ნაბიჯს გადადგამს.

თუმცა საზოგადოებაში ხშირად გამოთქვამენ შიშს, რომ არჩევნების შემდგომ გარკვეული გარე პოლიტიკური ძალები, ქართველი პოლიტიკოსების დახმარებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდებიან, რაც ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. თუმცა ამ მოსაზრებას პოლიტოლოგები არ ეთანხმებიან და ცალსახად აცხადებენ, რომ მსგავსი რამის მოლოდინი არ აქვთ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საპროტესტო აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რომელიმე კანდიდატი თავის მომხრეებს დაარწმუნებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

"საპროტესტო გამოსვლებს ნამდვილად არ ველი. თუ ვინმე ამას შეეცდება, ამით მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავის დისკრედიტაციას მიაღწევს - არ მგონია, რამე მოხდეს.

"თუ ხალხი დაიჯერებს, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა და ამან შედეგებზე გავლენა იქონია, შეიძლება ვიღაცამ 3-4 ათასი კაცი გამოიყვანოს, მაგრამ ამას ხალხი არ დაიჯერებს. მით უმეტეს, რომ საქართველოში, მადლობა ღმერთს, დაფიქსირდა პრეცედენტი, როცა ყველაფერი არჩევნების გზით მოხდა და არა ქუჩაში მიტინგებზე. ასე რომ, თუ ვინმე ამას შეეცდება, ძალიან დიდ სისულელეს ჩაიდენს.

"ხალხში არაა ისეთ მხუტი დაგროვილი, რომ ქუჩაში გამოვიდეს და ქვეყანა დააქციოს. მსგავსი რამ შეიძლებოდა, "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში მომხდარიყო, მაგრამ როგორც ვნახეთ, მაშინაც არ მოხდა და ახლა მითუმეტეს არ მოხდება. მაშინ იყო უკმაყოფილების მუხტი დაგროვილი, ახლა კი ჯერჯერობით არ არის და რატომ უნდა გამოცვივდეს ხალხი ქუჩაში? არ მგონია, იმის გამო, რომ ბურჯანაძემ ვერ გაიმარჯვა, ხალხი ვინმემ იმაში დაარწმუნოს, რომ არჩევნები გაყალბდა", - ამბობს შარაშენიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით კი, ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ არჩევნები უსამართლოდ წარიმართება. სხვა შემთხვევაში კი ის პროტესტის გამოხატვის ვერც საფუძველს ხედავს და ვერც პერსპექტივას. ხოლო თუ საზოგადოება დარწმუნდება, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა, მსგავსი მოვლენების საფრთხეს ვერ ხედავს.

"ერთი მხრივ, აქციებისა და არეულობის მცდელობის გამორიცხვა მთლიანად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ქვეყნის შიდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა საკმაოდ გამოცდილი და ამავე დროს ხშირად და ეფექტურად გამოყენებადი მეთოდი იყო. ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ასეთი მცდელობა გამორიცხულია.

"ამას შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებისა და საზოგადოების მცდელობა დაუპირისპირდეს და ყველაფერი სამართლიანად ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ავის მზრახველ ქვეყნებს არ აუსრულდებათ ის, რაც უნდათ. იმედი მაქვს, ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში იმდენი ისწავლა, ამ არჩევნების ნორმალურად ჩატარება შეძლოს", - ამბობს მენაღარიშვილი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დესტაბილიზაციის მცდელობას არ გამორიცხავს, ვერ დაასახელებს მას, ვინც ამ შესაძლო არეულობის ავტორი შეიძლება იყოს.

"სახელისა და გვარის დასახელება ბრალის წაყენებას ნიშნავს, რასაც ცოტა უფრო მეტი საფუძველი და არგუმენტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე მე გამაჩნია. უბრალოდ, მრავალი წლის გამოცდილებით არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი სურვილი არსებობდეს და ვიღაცამ ეს სცადოს, მაგრამ საზოგადოება თუ მზად აღმოჩნდება, ყველა ეს მცდელობა ფუჭი იქნება", - მიიჩნევს მენაღარიშვილი.

"შესაძლოა, გამოსვლები იყოს, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დესტაბილიზაცია იქნება", - ამბობს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი და დასძენს, რომ შესაძლოა, რომელიმე კანდიდატმა, რომელიც იფიქრებს, რომ მის მიმართ არასწორი შედეგი დაფიქსირდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააპროტესტოს.

მისი აზრით, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ქვეყანაში გარე ძალებმა არეულობა და დაძაბულობა გამოიწვიონ და ვილნიუსის სამიტზე ქვეყანას საფრთხე შეუქმნან, საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობა" ამკვიდრებს ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა იმაზე, რომ 26 მაისის შემდეგ, როცა ხელისუფლება აქციას დაარბევდა, ქვეყანაში გარეშე ძალები შემოვიდოდნენ. მაგრამ მაშინაც კი, როცა საქართველოს ისტორიაში მანამდე არასდროს ასეთი ფორმით აქცია არ დაურბევიათ, არავითარი გარე ძალა არ შემოსულა.

"ეს მაშინაც მათ მიერ მოგონილი მითი იყო და ვფიქრობ, ახლაც ვერავითარი გარე ძალები არეულობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების სპეცსამსახურები მაინცდამაინც კარგად ვერ მუშაობენ, საქართველო გარე ძალებისთვის ძალიან კარგ პლაცდარმად იქცა.

"გარე ძალებში კი მხოლოდ რუსეთს ნუ ვიგულისხმებთ. ამაში ნებისმიერი ქვეყანა იგულისხმება, ვისაც საქართველოში რამე ინტერესი აქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ რამე ტიპის დაძაბულობას ხელს არ შეუწყობენ.

"ნაცმოძრაობა" ყოველი არჩევნების წინ აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდოდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს სიტყვა არასდროს გამართლებულა, ასეთი მითების შექმნას მუდმივად აგრძელებენ", - ამბობს კახიშვილი.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა