"ჩვენც აქ ვართ", "სოლიდარობა შშმ პირებს", "თანაბარი შესაძლებლობები ყველას", "საარსებო მინიმუმი შშმ ბავშვებს", - ამ ლოზუნგებითა და მოთხოვნებით პარლამენტთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებმა, მათმა მშობლებმა და მეგობრებმა აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორები - არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიმეგობროთ", "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" და "პირველი ნაბიჯი საქართველო" იყვნენ. ისინი წლების მანძილზე მოითხოვენ, სახელმწიფომ "გაეროს შშმ პირების უფლებების დაცვის კონვენციის" რატიფიცირება მოახდინოს.
"მთავარია მოხდეს გაეროს კონვენციის რატიფიცირება. აქ მყოფ შშმ პირებს და მათ მშობლებს რატომღაც ერიდებოდათ დღეს აქ მოსვლა. ყველა მათგანს სხვადასხვა პრობლემა აწუხებს, ზოგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა, სხვებს შვილები ვერ დაჰყავთ სკოლაში, რადგან სკოლა არ არის ადაპტირებული და ა.შ. ასეთი სახის შეკრებები საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან კომუნიკაცია და პრობლემების გაზიარება შეძლოს. ზოგჯერ ინტერესების ჯგუფები იყოფა და სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები ცალ-ცალკე ითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. არადა, ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ უნდა მოხდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ შშმ პირები უფლებების დაცვის სამართლებრივად მოთხოვნას, სახელმწიფო კი ვალდებულებას აიღებს მათ წინაშე, - განაცხადა გია ჯვარშეიშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, "ვიმეგობროთ" ხელმძღვანელია.
აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, უბრალო გამვლელებს განსაკუთრებული ინტერესი, სამწუხაროდ, არ გამოუჩენიათ. პარლამენტის წინ შეკრებილ მშობლებს შორის ერთ-ერთი, ლელა ჯანაშია გამვლელებს თანადგომასა და ყურადღების მიქცევას სთხოვდა:
"შშმ ბავშვებმა რომ ოჯახებში ცხოვრება შეძლონ, საარსებო მინიმუმი უნდა ჰქონდეთ. საჭიროა შეღავათები მედიკამენტებზე, ენერგომატარებლებზე. რომ ჰქონდეთ ვაუჩერები, ივლიდნენ დღის ცენტრში და არ იქნებოდნენ შინაპატიმრობაში. სირცხვილია, რომელიღაც ჩინოვნიკმა დაინიშნოს ხელფასი 26 000, ჩვენს შვილებს კი ჰქონდეთ საარსებო მინიმუმი თვეში 100 ლარი. ასეთი ადამიანი ჩვენს პრობლემას ვერ გაიგებს”, - განაცხადა ლელა ჯანაშიამ.
აქციის მონაწილეებს შორის მომღერალი სალომე კორკოტაშვილი და მსახიობი რუსკა მაყაშვილიც იყვნენ. ორგანიზატორების თქმით, ისინი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ან მის რომელიმე წარმომადგენელს ელოდნენ, თუმცა, არცერთი მათგანი აქციაზე არ მისულა.
სალომე შიხაშვილი, "ამბები.ge"