რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში და სად გაუჩინარდა გია ხუხაშვილი?

რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში და სად გაუჩინარდა გია ხუხაშვილი?

"ალიას" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დიდი გარჩევა ყოფილა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფინანსებელი, ევრაზიის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე მაშკევიჩი, თავად პრემიერ-მინისტრი და ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავას ეხებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს მედიაში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ინა გუდავაძის განცხადებები გამოჩნდა, რომელიც მათ სასამართლო დავას ეხებოდა, ამასთანავე, პატარკაციშვილის ოჯახმა ბრიტანეთის ვირჯინიის სასამართლოდან სარჩელი გაიტანა, რომელიც ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი, სავარაუდოდ, შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უნდა ყოფილიყო, რადგან მეორე დაპირისპირებულ მხარესთან, ჯოზეფ ქეისთან პატარკაციშვილების ოჯახი სასამართლო დავას აგრძელებს.

"ალიას" წყარო შეხვედრაზე წარმართული საუბრის დეტალებსაც გვიმხელს. როგორც წყარო ყვება, ბიზნესმენს პრემიერ-მინისტრისთვის უთქვამს, აგერ არის დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ მე პატარკაციშვილების ოჯახისთვის არაფერი წამირთმევია და მართალი ვარო. ამ დროს ალექსანდრე მაშკევიჩი მიბრუნებია გია ხუხაშვილს და უთქვამს, ახლა შენ დადე დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს რომ პატარკაციშვილების ოჯახი ამ ადამიანს კანონიერად ედავება ქონებასო. ხუხაშვილს ენა ჩავარდნია. იმის თქმა კი მოუხერხებია, მე საიდან უნდა მქონდეს დოკუმენტებიო. ამის შემდგომ მაშკევიჩს გია ხუხაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია. ამ შინაარსის საუბრის შედმგომ რთული მისახვედრი არ არის, რომ წყაროს მიერ ნახსენები ბიზნესმენი სწორედ ჩხარტიშვილი უნდა იყოს (შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი ვანო ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესის ფედერაციის შენობის, ფოთის წისქვილკომბინატის, თამბაქოს ფაბრიკის, ყულევის ტერმინალისა და თბილისის უნივერმაღის უკანონო მითვისებაში ედავებოდა).

ამ ვარაუდს ამყარებს ერთი გარემოებაც. რამდენიმე დღის წინ, ჩხარტიშვილის პრესსამსახურმა დაახლოებით ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა: სამწუხაროდ, ქვრივის (ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეზე, ანა გუდავაძეზეა საუბარი. - შ.გ.) ვაიმრჩევლებმა სხვა გზა აირჩიეს. საეჭვო საინფორმაციო ომში ჩაებნენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ სასურველის მიღწევას. ასეთი მცდელობები ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა...

შესაძლოა, ინა გუდავაძის ვაიმრჩევლებში სწორედ გია ხუხაშვილი იგულისხმებოდა, რადგან ივანიშვილთან ამ შეხვედრას სწორედ ხუხაშვილი ესწრებოდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. მწვავე შეხვედრის დასრულების შედმგომ როგორ წარიმართა მოვლენები, წყაროსთვის უცნობია, თუმცა იგივე წყარო ირწმუნება, ამ გარჩევების შემდგომ, ხუხაშვილმა გვერდზე გადგომა არჩიაო. მაშინ რა ვუყოთ იმას, რომ რადიოსა და ბეჭდური მედიის რედაქტორებთან შეხვედრის დროს პრემიერმა ხუხაშვილი ლამის კბილებით დაიცვა? "მუდმივად ისმის ბრალდებები ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, მტკიცებულებები კი არ ჩანს. გახსოვთ, როგორ საუბრობდნენ გია ხუხაშვილზე? თითქოს კვერცხის ბიზნესით იყო დაინტერესებული. სად არის მტკიცებულებები, რომ გია ამ ბიზნესით იყო დაკავებული?" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თანაც, ივანიშვილის ეს განცხადება იმ შეხვედრის შედმგომ არის გაკეთებული, რომელ შეხვედრაზეც ჩვენი წყარო საუბრობს.

თუმცა, აქ ჩნდება ერთი "მაგრამ". რეზიდენციაში შეხვედრის თარიღს საეჭვოდ ემთხვევა ერთი გარემოება: ხუხაშვილმა ის ოფისი დახურა, რომელიც "პიქსელის" შენობაში ჰქონდა ნაქირავები. ეს ინფორმაცია "ალიას" ფოქტორეპორტიორს "პიქსელის" შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დაუდასტურა. "ალიას" სურდა, გია ხუხაშვილის აწ უკვე ყოფილი ოფისის გადაღება, თუმცა ამის უფლება არ მოვგცეს და განმარტეს, რომ აღნიშნული ოფისი უკვე გაქირავებულია და ახალი მეპატრონეების ნებართვის გარეშე მას ვერ გადაგვაღებინებდნენ.

"ალიასა" და "ქრონიკის" ფურცლებზე არაერთ რესპონდენტს განუცხადებია, რომ გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ბიზნესმენებს იბარებდა და წილებში ჩაჯდომას სთხოვდა, თუმცა არც ეს ინფორმაცია დადასტურებულა დოკუმენტებით. ყველა ზემოჩამოთვლილი დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, გია ხუხაშვილს ამ დრომდე აქვს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, თუნდაც საჯარო გამოსვლების დონეზე მაინც. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი ერიდება შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას მანამ, სანამ არ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები. აი, შემდეგ კი, უნდა ველოდოთ, რომ ბევრ ვინმეს მოსთხოვს პასუხს არასწორი ქმედებებისთვის და არაერთი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით.

იმყოფებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი? ამ ინფორმაციას არ უარყოფს და არც ადასტურებს ჩხარტიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე:

"მინიმუმ ორი კვირაა, ბატონი ვანო საქართველოში არ არის. ისე, შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. დროის რა მონაკვეთში და ვისთან ერთად ჰქონდა შეხვედრა, ამაზე ვერაფერს გეტყვით... აი, თანაინვესტორების ერთ-ერთ დამფუძნებელთან ერთად შეხვდა თუ არა ის პრემიერს, არ ვიცი, უფრო სწორად, არც უარვყოფ და არც გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. გეუბნებით, რომ შეხვედრები ჰქონიათ, მაგრამ დროის რა მონაკვეთში, ნამდვილად ვერ გეტყვით".

"ალია" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა გია ხუხაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მას რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

მისი სახლის ნომერზეც დავრეკეთ, თუმცა განგვიცხადეს, რომ გია ხუხაშვილი აქ აღარ ცხოვრობს.

"ალიამ" რამდენიმე პირთან გადაამოწმა და როგორც გვითხრეს, ხუხაშვილს კარგა ხანია ან გამორთული აქვს ტელეფონი, ან ზარებს აღარ პასუხობს. ის, რომ ბოლო დროს გია ხუხაშვილი არც ტელევიზიასა თუ პრესაში გამოჩენილა და აღარც პრემიერის გვერდით ჩანს, ამას საზოგადოებაც ხედავს.

ხვდება თუ არა გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრს, როგორც მრჩეველი? ამის გადასამოწმებლად "ალია" პრემიერ-მინისტრის მრჩეველს პრესასთან ურთიერთობის საკითხებში მანანა თოქმაჯიშვილს დაუკავშირდა, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლავს ბიძინა ივანიშვილს ყველა საჯარო შეხვედრის დროს.

- გია ხუხაშვილი მე არ მინახავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი მას არ ხვდება. პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან ბევრი შეხვედრა და ჩვენ ყველას არ ვესწრებით, ბუნებრივია.

- დახურული შეხვედრების შესახებ ვის მივმართოთ, ნონა ყანდიაშვილს?

- არა, ნონას არა, პრემიერს ჰყავს თავისი სამდივნო და აქვს შეხვედრების განრიგი, რომელსაც პრესსამსახური არ ესწრება და არც საქმის კურსშია.

- შეგიძლიათ, მოგვცეთ მისი სამდივნოს ტელეფონის ნომერი?

- არა, სამწუხაროდ, მე ამის უფლება არ მაქვს.

თოქმაჯიშვილის ამ პასუხის შედმგომ შევეცადეთ, პირად საუბარში მაინც გაგვერკვია, რამდენად აქტიური ურთიერთობა აქვთ ბიძინა ივანიშვილსა და გია ხუხაშვილს.

"როგორც "ალიას" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დიდი ხანია აღარ უნახავთ. დიდი ხანია არ გამოჩენილა სახელმწიფო კანცელარიაშიც, სადაც შეხვედრებისთვის იშვიათად, მაგრამ მაინც მიდიოდა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა