"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?

"გაუჩინარების ეპიდემია" - რატომ იკარგებიან საქართველოში ახალგაზრდა გოგონები?

გასულ კვირას სოციალურ ქსელში შეშფოთებულმა დედამ 22 წლის ქალიშვილის დაკარგვაზე გაავრცელა ინფორმაცია და ხალხს მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. 17 ოქტომბერს, ნინო გვასალია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები, ოჯახის წევრები და მეგობრები. დედამ განგაში სახლში აღმოჩენილი წერილის შემდეგ ატეხა: "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ, დღეს გტოვებ, მშვიდობით, ხალხო, რა უნდა მითხრათ, რომ აზრი შევიცვალო? კარგად იყავით!" სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ ხშირად იკარგებიან. ბოლო 4 წელიწადში საქართველოში სულ 631 ადამიანი გაუჩინარდა, აქედან მხოლოდ 61 დაბრუნდა ცოცხალი, ხოლო 69 - გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენების კვალს ძალოვანებმა ვერ მიაგნეს. მიმდინარე წელს 83 ადამიანია დაკარგული. ბოლო ოთხ წელიწადში დაკარგული 62 არასრულწლოვნიდან 12 ბავშვია ნაპოვნი.

ლალი ცინაძე, ნინო გვასალიას დედა:

- 17 ოქტომბერს, დილით შინიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ცუდ რამეს ჩაიდენდა. საღამოს 9 საათამდე მის ნომერზე არ დამირეკავს. რომ დააგვიანდა, დავრეკე და ტელეფონი გამორთული იყო. მის ოთახში რომ შევედი, წერილი ვნახე და ამის მერე ავტეხე განგაში. ოთახში იდო მისი ტელეფონიც, აიპადიც. ტელეფონიდან წაშლილი აქვს ყველა ინფორმაცია. 50 ლარი აქვს წაღებული. წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, - ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლაო. ბავშვმა სისულელედ მიიჩნია მისი ნათქვამი და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. პირადი პრობლემები არ ჰქონია ჩემს შვილს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აშფოთებდა. ბევრი რამ გადავიტანეთ წინა ხელისუფლების დროს, მამამისმა ყველაფერი დაკარგა, მერე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ნინოს გაუჭირდა ამ ამბების გადატანა. განიცდიდა ოჯახურ მდგომარეობას. სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია... 53-ე სკოლა წარმატებით დაამთავრა, საუკეთესო სტუდენტი იყო. არ ვიცი, რა გითხრათ.

- რაიმე ვერსია გაქვთ?

- ყველა ფეხზე დგას და ეძებს ნინოს. გამოძიებას ხელთ აქვს ნინოს წერილი. სააბაზანოდან წაიღო ასევე თოკი. არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი. კინოლოგებმა ძაღლს აძებნინეს და კვალი აქვე, ხახანაშვილის ქუჩაზე მთავრდება.

- ქალბატონო ლალი, თქვენი შვილის ფოტოებითა და თქვენი საკონტაქტო ტელეფონით აჭრელებულია სოციალური ქსელიც და ქუჩებიც. მოსახლეობა ხელჩასაჭიდ ინფორმაციას თუ გაწვდით?

- იყო ზარები, მაგრამ რეალური ინფორმაცია არ ყოფილა. სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ზარი გამაოგნებელია. ასეთ გამწარებულ დედას ზოგი გაცნობას მთავაზობს, ზოგი იმას მეუბნება, - შენი ქმარი ჩემთან არისო. რა სჭირს საზოგადოებას? იმედი მაქვს სამართალდამცავების, რომ შვილს გადამირჩენენ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით საქმე ისანი-სამგორის სამმართველოშია აღძრული და ძებნა დაკარგვის დღესვე დაიწყო. გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. გადამოწმდა საავადმყოფოები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები განახორციელეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიებზე. გვასალიას ძებნა გრძელდება.

დღეს ჩვენ კიდევ რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ. 18 ოქტომბერს, როცა "სოციალური ქსელი" აჭრელებული იყო ნინო გვასალიას ფოტოებით, ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა, ახალმა ინფორმაციამ მიიქცია. ისევ "ფეისბუკზე" გავრცელდა ასევე ინფორმაცია 19 წლის გოგოს დაკარგვაზე, ასეთი შინაარსით: "18 ოქტომბერს, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. იგი აბაშის რაიონის სოფელ მარანში ცხოვრობს. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე: 557 93 29 96".

მითითებულ ნომერზე დავრეკე. ნომერი სალომეს დედამთილის აღმოჩნდა.

ნანა გიორგაძე, დედამთილი:

- სალომე ჩემი რძალია. ჰყავს მეუღლე და ორი წლის შვილი, გიორგი. უკვე რამდენი დღეა, ვეძებთ და მის კვალს ვერსად მივაგენით. 18 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, სახლიდან კარგ გუნებაზე გავიდა. ბავშვი მე დამიტოვა. საავადმყოფოში მიდიოდა, ბავშვის ანალიზების პასუხი უნდა მოეტანა და მას მერე დაიკარგა. ვეძებთ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. არადა, ძალიან კარგი გოგონაა, ცუდი რომ იყოს, ასე საშინლად არ დამწყდებოდა გული. აღარ ვიცით, რა გავკეთოთ, სად ვეძებოთ?

- ბავშვს ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ამის გამო რომ ენერვიულა?

- არა, დიათეზი აქვს. გვაინტერესებდა, ჰემოგლობინი როგორი ჰქონდა ბავშვს და ანალიზები ამიტომ ავუღეთ. გეფიცებით, არანაირი აღელვება არ შემინიშნავს. ერთადერთი, რაც ძებნის შემდეგ შევიტყვეთ, ისაა, რომ სახლიდან გასული, ახლობლის ლომბარდში მივიდა და იქ თავისი ოქროულობა დაალომბარდა. უთქვამს, - ბავშვი ავად მყავს და ფული მჭირდებაო. სამასი ლარი აქვს ლომბარდიდან წაღებული. არანაირი ეჭვი მის ქცევებში არ შეგვიტანია. არც ის ვიცი, ფული რისთვის დასჭირდა.

- ცოლ-ქმარს ხომ არ უჩხუბიათ? სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი?

- არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. სიყვარულით შექმნეს ოჯახი. ბაღის ასაკიდან უყვარდათ ერთმანეთი. 4 წელია, რაც სალომე ჩემი რძალია. სკოლის მოსწავლე იყო, ჩემმა შვილმა რომ მოიყვანა. სკოლა ჩვენ დავამთავრებინეთ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით. ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. ამას ხატზე დავიფიცებ. ხელისგულზე ვატარებდით ყველანი. მას კარგი ცხოვრება ჰქონდა.

- თქვენი ვაჟი სახლში იყო, სალომე რომ წავიდა?

- ახლა სოფელში უამრავი სამუშაოა, ძირითადად, ყანაში ვართ, მოსავალი რომ დავაბინაოთ. იმ დილას, როცა ჩემი რძალი სახლიდან გავიდა, ჩემი ვაჟი და ჩემი მეუღლე ყანაში იყვნენ წასულები, ჩალა რომ ჩამოეტანათ.

- რას ამბობს სალომეს ოჯახი, არც მათ აქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი ვერსია?

- სალომეს მშობლებიც ჩვენს სოფელში ცხოვრობენ. ჩვენი სახლიდან 300 მეტრში. არც იქ მისულა. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. სალომე აყვანილი ჰყავდათ, მათი გაზრდილია. მის ბიოლოგიურ დედასაც კარგად ვიცნობთ. ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ყველანი ვეძებთ, მაგრამ კვალს ვერსად მივაგენით, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი.

- სალომემ იცოდა, აყვანილი რომ იყო? ეს ამბავი ახლა ხომ არ გაუგია?

- მან ყველაფერი იცოდა. ბიოლოგიურ მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან კარგი წრე აქვს. ეს ახალი ამბავი არ იყო, რომ გაეგო და ტვინი არეოდა... "ფეისბუკზე" დავდეთ მისი ფოტოები. იმედი გვაქვს, ვინმე გამოგვეხმაურება და დაგვეხმარება მის მოძებნაში. პოლიციაც საქმის კურსშია. დაგვკითხეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

- მაინც რას ფიქრობთ, სად უნდა წასულიყო ან ის ფული რაში დასჭირდა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვენც გვაინტერესებს ეს. ლამაზად, კოხტად ჩაცმული და მოწესრიგებული, როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ისე გავიდა. საეჭვო მართლა არაფერი შეგვიმჩნევია.

- ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი სხვა ადამიანი ხდება. ხომ შეიძლება, ასე მომხდარიყო? ხომ არ უგზავნიდა ვინმეს მესიჯებს ან ხომ არ ურეკავდა ვინმე?

- ტელეფონი დღეს ყველა ადამიანს აქვს და მასაც ჰქონდა. სალომეს დედა თურქეთში ჰყავდა და მას სწერდა ალბათ მესიჯებს. არასოდეს გაგვიკონტროლებია მისი მესიჯები.

- ფულიც აიღო ლომბარდიდან, იქნებ დედასთან წავიდა თურქეთში, ამას გამორიცხავთ?

- დედამისმა ეს ამბავი როგორც კი გაიგო, გაგიჟებული ჩამოვიდა თურქეთიდან და ჩვენსავით, ისიც ეძებს. საშინელ დღეშია, ვერ დაელაპარაკებით. მისი ბიოლოგიური დედიდან დაწყებული, მთელი სანათესავო ფეხზე დგას. ჩემი რძალი შეზღუდული არაფერში იყო, თუ რამეს მოისურვებდა, ყველაფერი კეთდებოდა. ქალიშვილივით გავზარდე. ორი ბიჭი მყავს და ის გოგოსავით მყავდა. გულჩათხრობილი არ ჩანდა. მხიარული ბუნებისაა. ნერვიულობა არ შემინიშნავს, გულისტკივილსაც ავლენდა და სიხარულსაც. ბავშვის გაზრდაში ვეხმარებოდი. ძალიან მინდა, ვიპოვოთ. დავრწმუნდეთ, რომ ცოცხალია და მერე გაირკვევა, რა მოხდა, რისთვის დასჭირდა ფული და საერთოდ, რატომ დაიკარგა. იქნებ თქვენც გვიშველოთ, ყველას მიაწვდინეთ ხმა. სახლში ორი წლის პატარა ელოდება. ღმერთის იმედად ვართ.

17 წლის დარეჯან დიასამიძეს კი თითქმის სამი თვეა, ოჯახი და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ. გოგონა ხელვაჩაურის რაიონიდან, თავისი სოფლიდან გაუჩინარდა.

ლამზირა მახარაძე, დარეჯანის დედა:

- სიახლე არაფერია. უკვე ახალშენისა და ხელვაჩაურის პოლიციაში აღარ არის ჩემი შვილის საქმე. მათ მასალები პროკურატურას რამდენიმე დღის წინ გადასცეს. პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ განახლდება ძიება და ხელახლა დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც პოლიციას ჰყავდა დაკითხული. 78 დღე გავიდა და არ ვიცი, ჩემი შვილი მკვდარია თუ ცოცხალი. ერთადერთი საეჭვო კომენტარი იყო, "ოდნოკლასნიკში" ნათესავისთვის მიწერილი წერილი, მაგრამ ამის გადამოწმება სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და არ არის გარკვეული, ეს დარიკოს დაწერილია თუ არა.

- არ შეისწავლეს ეს ფაქტი სამართალდამცავებმა?

- მითხრეს, გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ, ქართველ სამართალდამცავებს არ გვაქვსო. მოსკოვში, "ოდნოკლასნიკის" ოფისში გაგზავნეს შეკითხვა და პასუხს იქიდან ელიან. ჯერ არაფერი ჩანს. მითხრეს, ეს წერილი ან განიხილება, ან არაო. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ამდენ ხანს არაფერი შეცვლილა ჩემი შვილის საქმეში, არ ვიცი, სად შეიძლება იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო სამართალდამცავებს, რიგით მოქალაქეებს, დამეხმარონ ჩემი შვილის პოვნაში. პროკურატურა მპირდება, რომ აუცილებლად იპოვის. იქნებ მართლა მოხდეს სასწაული და გამოჩნდეს.

- ხომ შეიძლება საქართველო დატოვა?

- შეიძლება გადაპარულია, მაგრამ რისთვის, ვის და რაში დასჭირდა ჩემი შვილის გადაყვანა? კიდევ ვებღაუჭები იმ ვერსიას, რომ ვიღაცამ მოიტაცა ჩემი შვილი, ცოლად მოყვანის მიზნით, მაგრამ სად წაიყვანა, რატომ არ გამოჩნდა? უკვე აივსო ჩემი მოთმინების ფიალაც. მინდა, სანამ სული მიდგას, გავიგონო მისი ხმა და თუნდაც მერე, მოვკვდე. ძალას იმ იმედით ვიკრებ, რომ ჩემი შვილის ხმას გავიგონებ, თუნდაც სატელეფონო ზარი იყოს და მითხრას, - დედა, კარგად ვარ, არ ინერვიულო. ეს ჩემთვის ყველაფერი იქნება.

უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქუთაისელი გოგონას, 19 წლის ნათია გიორგიძის ოჯახი. მას უკვე 3 წელიწადია, უშედეგოდ ეძებენ. დარდისგან დაღლილი დედა ფარ-ხმალს მაინც არ ყრის და სამართალდამცავებს სისტემატურად აკითხავს, თუმცა უშედეგოდ.

რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა:

- 2010 წლის 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან ნათია. მაშინ 19 წლის იყო. ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. პუშკინის ქუჩიდან დაიკარგა. მაშინ იმ ტერიტორიაზე შავი ჯიპი დაფიქსირდა, მაგრამ დღემდე ამ ჯიპის პატრონის დადგენა სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს. საშინელ გაჭირვებაში გავზარდე სამი შვილი. გამოძიება არც ერთ ხელჩასაჭიდ ვერსიას არ გაჰყვა. ვფიქრობ, ჩემი შვილი მაშინ საზღვარგარეთ გაიყვანეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ ბაღდადელმა ქალმა თურქეთში ნახა ჩემი შვილი. ის ქალბატონი არალეგალურად საბერძნეთში მიდიოდა. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში თურმე შემთხვევით შეხვდა ნინოს. შემდეგ თავის მეუღლესთან დაურეკავს, - აქ გოგონა აღმოვაჩინე, უნდა დავეხმაროთ, ამბობს, რომ ქუთაისიდან არის, გატაცებული ყოფილა ორი წელიწადია, 20-21 წლის ნათია გიორგიძეაო. თუმცა, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ეს ქალბატონი იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ამბობს, რომ არ ახსოვს რა გვარი და სახელი უთხრა ცოლმა. დღემდე გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.

- გგონიათ, რომ თქვენი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია და საქართველოდან გაიყვანეს?

- დიახ, მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ გაიყვანეს. თან საყურადღებოა ერთი გარემოება: იმ პერიოდში ქუთაისში სხვა არავინ დაკარგულა. ასაკი, აღწერილობა ემთხვევა ჩემი შვილის აღწერილობას. ამ სამი წლის მანძილზე არ დამიტოვებია არც ერთი თანამდებობის პირი, დახმარებისთვის რომ არ მიმემართა. პრეზიდენტს ორჯერ გადავეცი განცხადება, პრემიერ-მინისტრსაც დავუჩოქე და ისე ვთხოვე დახმარება, მაგრამ არსაიდან პასუხი არ არის. ახლა ბოლო წვეთი ისაა, ვისზეც ეჭვი მაქვს, მასზე ვიძიო შური, სხვა გზა არ დამრჩა, გამწარებული დედა ვარ.

- ეჭვი ვინმეზე გაქვთ?

- ნათიას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც დაკარგვამდე 6 თვით ადრე ჰყავდა გაცნობილი. მან დაიმეგობრა ჩემი შვილი და ვფიქრობ, ის არის გარეული ამ საქმეში, მან იცის სიმართლე. მოწესრიგებული შვილი მყავდა, ახტაჯანა არ იყო. წიგნების კითხვა უყვარდა. წესიერი, პატიოსანი, გაჭირვებული ოჯახი მაქვს. გამომძიებელი მარწმუნებდა, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. მაშინ გარდაცვლილი მაინც ხომ უნდა გვენახა? ჩემს შვილს თავი არ ჰქონდა მოსაკლავი, ამ ვერსიას არ ვეთანხმები. დღემდე არ ვკარგავ იმედს, რომ ვიპოვი ჩემს გოგონას. ამ სამი წლის მანძილზე ლოგინში არ ჩავწოლილვარ და თვალზე ცრემლი არ შემშრობია. იმედის ნაპერწკალი ჯერ ისევ მაქვს.

იმედია, სამართალდამცავები ამ და სხვა დაკარგული ადამიანების დედებს შვილების პოვნაში დაეხმარებიან და დარდითა და მოლოდინით დაღლილებს, ძალაგამოლეულ დედებს აღარ მოუწევთ პოლიციის განყოფილებებში იმ იმედით სიარული, რაიმე სიახლე რომ შეიტყონ.

P.S. ჟურნალი დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ დაკარგული სალომე დუნდუა გამოჩნდა. მეუღლემ სალომესგან მესიჯი მიიღო, რომ ის ბათუმშია და შვილთან დაბრუნებას არ აპირებს.

ნანა გიორგაძე, დედამთილი:

- სალომე გამოჩნდა. გავიგეთ, რომ ბიოლოგიურ დედასთან იმყოფება. მის სანახავად გამზრდელი დედა წავიდა და ის ჩამოიტანს ამბავს. გაგვაგებინებს, რატომ მიიღო მისმა შვილმა ასეთი უცნაური გადაწყვეტილება და რატომ მოიქცა ასე. გაოგნებული ვარ, ახსნა ვერ მოვუძებნე მის საქციელს. მე პირადად არ მინახავს და ამიტომ ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით. ინტერვიუშიც გითხარით, რომ ის ნაშვილები იყო. ქობულეთელი ომანაძეებისგან ჰყავდა ნაშვილები გამზრდელ მშობლებს. დედამისი კი ბათუმში ცხოვრობს.

- თქვენი ვაჟი რას ამბობს, ესაუბრა? აპირებთ, სახლში მიიღოთ?

- არ დალაპარაკებია ტელეფონით. ჩვენ მას არ მივიღებთ სახლში, ასე ამბობს ჩემი შვილი. თქვენ მიიღებდით, ჩვენს ადგილზე რომ იყოთ? ოჯახს სხვანაირი ურთიერთობა სჭირდება. ბავშვი ჩვენთან რჩება ჯერჯერობით და ალბათ დარჩება. მესიჯში მწერდა: - ასე გადავწყვიტე და ვიცი, გიორგის დედასავით მოუვლიო. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. ველოდები, დედამისი რა პასუხს მოიტანს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია