ვინ აჩუქა ბურჯანაძეების ოჯახს 15 მილიონი და რის ფასად დათმეს მათ გარეჯის მიმდებარე ტერიტორია

ვინ აჩუქა ბურჯანაძეების ოჯახს 15 მილიონი და რის ფასად დათმეს მათ გარეჯის მიმდებარე ტერიტორია

ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო დაპირებებს უხვად არიგებს, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მას სიუხვე სამომავლოდ უფრო ადარდებს, ვიდრე კონკრეტულ მომენტში. ქალბატონმა ნინომ ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს განუსაზღვრელი ძალაუფლება და სწორედ იქითკენ მიილტვის, საიდანაც, არცთუ დიდი ხნის წინ, მისმა ყოფილმა გუნდის წევრებმა "დააცურეს". დაცემა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ კაბინეტის მოყვარული ქალბატონი ქუჩაში გავიდა და, ხალხთან ერთად, "ბელა ჩაოც" იმღერა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. პრინციპში, როგორ არ გამოვიდა, აქციებს რამდენიმე ადამიანი შეეწირა და ეს მაშინ, როცა თავქუდმოგლეჯილი ბურჯანაძე რუსთაველიდან მანქანით გარბოდა, ბადრი ბიწაძე კი ავსტრიაში... ეს იყო ადრე და არ იქნება მომავალში, ერთად ვნახავთ, მანამდე კი, ბურჯანაძეების წარსულს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

დიდების ზენიტს ბურჯანაძემ მაშინ მიაღწია, როცა ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. "უპატრონოდ" დარჩენილი ჟვანიას გუნდის წევრები თავშესაფარს ეძებდნენ და ზოგმა ბურჯანაძესთან დაიდო ბინა, ზოგი - სააკაშვილის ფრთებქვეშ შეიყუჟა. ტრიუმვირატის ძალთა ბალანსი ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანია ფორმალურად მაინც არ უნდა დარღვეულიყო და ამიტომ ჟვანიას გუნდის კვოტა - პრემიერის პოსტი ზურაბ ნოღაიდელს შესთავაზეს, რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრი იყო და, რაღა თქმა უნდა, კარიერულ ნახტომზე უარს არ იტყოდა, თუმცა ნოღაიდელის გაპრემიერებას წინ ეღობებოდა, როგორც ბურჯანაძე-ნოღაიდელის მოსკოველი პარტნიორები იტყვიან, ერთი "ნო" - ქალბატონი ნინო. პოლიტიკურ კულუარებში ყველამ იცოდა, რომ ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელსა და პარლამენტის სპიკერს შორის დაძაბულ ურთიერთობას ხშირად პრემიერი ჟვანია არეგულირებდა... მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი ეს მისია შესანიშნავად შეასრულა იმან, რაც ჯოჯოხეთსაც კი ანათებს! კულუარული ინფორმაციით, ბურჯანაძეებმა 15 მილიონი მოითხოვეს. კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციით, ანზორ ბურჯანაძეს თურქული მხრიდან აღებული 15-მილიონიანი კრედიტი ჩამოაწერეს და ის სახელმწიფომ დაფარა. აქვე განვმარტავთ, რომ ამ საკითხზე ვრცელი ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, დოკუმენტური მასალით ექსკლუზიურად სწორედ "ვერსიამ" გამოაქვეყნა. მან კრედიტის ჩამოწერის ფაქტი დაადასტურა, თუმცა უარყო, რომ ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, სანაცვლოდ, ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა მოეპოვებინა. არადა, როგორც ჟვანიას გუნდის ყოფილი წევრები ამბობენ, ნოღაიდელმა ბურჯანაძეს მალევე გადაუხადა სამაგიერო და რემი ბიწაძეს ბრაზილიური ქათმების ბიზნესი ფუკასავით ააცალა.

სხვათა შორის, 2007 წელს სწორედ ნინო ბურჯანაძე იყო ის მაღალჩინოსანი, რომლის მისაღებიდან დაცვის წევრებმა ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა დაუპატიჟებელი სტუმარივით გააგდეს. მაშინ ასევე, "ახალ ვერსიაში" გამოქვეყნდა ლალი როზომაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ირინა ენუქიძესთან, რომელიც ამ ვითარებას დაწვრილებით აღწერს და პარლამენტის ქალბატონ თავმჯდომარეს საყვედურობს. იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, ბურჯანაძემ ბათუმში, სასტუმრო "მედეადან" გამოყრილ დევნილებს მოღალატეები უწოდა, აქაოდა, სხვა ქვეყანაში რატომ მიდიხართ, აქ დარჩით, ოღონდ ქუჩაშიო. მერე როგორც კულუარებში ამბობდნენ, იმ სასტუმროზე თვალი ბადრი ბიწაძის ბიძაშვილს, გიორგი ბიწაძეს ჰქონდა დადგმული და იქ კორპუსის აშენებას აპირებდა. კიდევ ერთი ფაქტი და 2007 წელზე საუბარს ამით დავასრულებთ. სოციალურად დაუცველი ადამიანების პროგრამის პრეზენტაციაზე ბურჯანაძემ ახალი "ტროიკა" გაამარიაჟა და "კარტიეს" 100-ათასიანი სამკაულით გამოცხადდა, რამაც იქ მყოფი საზოგადოების გარდა, უცხოელი სტუმრებიც გააოგნა, მაგრამ როცა არის შესაძლებლობა, რა გინდა რომ ქნა?!

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სწორედ მაშინ, როცა მისი მხარდამჭერები "ბელა ჩაოს" მღეროდნენ, ბურჯანაძემ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი უკვე გადააგდო და იმ 12-მილიონიანი აგარაკის კეთილმოწყობას მიჰყო ხელი, რომელიც ჯერ ერთ ლარად აჩუქეს, მერე კი წაართვეს. ამ მიზნით, ანზორ ბურჯანაძემ კიპაროსის 27 ნერგი ჩამოატანინა უცხოეთიდან და სპეციალური მანქანების გამოყენებით, ეს ნერგები აგარაკზე დარგეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროს გაგანია აქციები იყო.

თითქოს არაფერი, მაგრამ ბადრი ბიწაძე არ მალავს, რომ პირადად იცნობს კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს და მასთან მეგობრობს კიდეც. ეს არც არის გასაკვირი და ვისაც უკვირს, ვეტყვით, რომ კალაშოვისა და ბიწაძის ინტერესები დიდუბეში არსებულ კომპლექს "მეგალაინზე" გადაიკვეთა. ეს ცენტრი კვიპროსის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის და, როგორც ამბობენ, ამ კომპანიის მესაკუთრეები კალაშოვი და ბიწაძე თანაბრად არიან. იმასაც ამბობენ, რომ მათი შეხვედრები კი, ძირითადად, უკრაინაში იმართებოდა, სადაც კალაშოვი სასტუმროსა და რესტორანს ფლობს.

დასასრულ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებაში არსებული მიწების მიტაცება რომ დაიწყო, იქ მყოფმა ბერებმა ხმა აღიმაღლეს, ქართულ მიწას აზერბაიჯანელები გვართმევენო. მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გახლდათ. მან მომხდარი ოპერატიულად გააპროტესტა, საზღვარზე მესაზღვრეების რიცხვი გაზარდა და... სამ დღეში იქაურობა საერთოდ დაცალა, საზღვარი კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იმედად მიატოვა. სწორედ მაშინ შეექმნა აზერბაიჯანში არსებულ ბურჯანაძეების სადისტრიბუციო კომპანიას პრობლემები და ბიწაძის ნაბიჯიც, ამბობენ, რომ ამით იყო განპირობებული.

წინასაარჩევნოდ ძნელია ამ ფაქტებზე საუბარი, მაგრამ რეალურად ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ და რისთვის ითხოვს მხარდაჭერას... "ბელა ჩაოს" დრო დადგა ნინო!

ლევან ღვინიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა