შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, განიხილოს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობის საკითხი და ინიციატივები მთავრობასა და პარლამენტს წარუდგინოს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა.
"შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ უკვე ინიცირებულია პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტია ჯარიმის განახევრება 100-დან 50 ლარამდე უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში. აღნიშნულ ინიციატივაში, რაც წარდგენილია პარლამენტში, უარი ითქვა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დაჯარიმებაზე და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შემოდის მართვის უფლების შეჩერების ინსტიტუტი. როგორც ეს, ასევე სხვა ცვლილებებიც დაკავშირებულია არა ფისკალურ ეფექტთან და ბიუჯეტში თანხების მობილიზებასთან, არამედ თითოეული ადამიანის, მათ შორის სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან. ასევე გვსურს მოგახსენოთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და ასევე გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებულ 100-ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებისა და გადაწყვეტილების არგუმენტირებას სთხოვს.
"ვთხოვ ღარიბაშვილს, ტელევიზიით მოვიდეს და გააკეთოს განმარტებები. მახსოვს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ბევრი პოლემიკა გვქონდა, კარგი იქნება თუ დისკუსია გაიმართება საზოგადოებაშიც. მე მოვითხოვ პოლემიკას და არგუმენტებს. ძალიან ბევრი მძღოლი გაჭირვებულია. კარგია, რომ იცოდეს მოსახლეობამ, რატომ კეთდება ეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.