90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის

90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის ავტომობილი უნდა შეიძინოს ამა თუ იმ უწყებამ, როგორ უნდა განახლდეს სახელმწიფო ავტოფარეხი ან, კონკრეტულად, რომელ ჩინოვნიკს უნდა ემსახურებოდეს ავტომობილი. ესაა მიზეზი, რის გამოც ქართველი ჩინოვნიკები ძვირადღირებული "ჯიპებით" დადიან და, როგორც წესი, ამ ავტომობილებს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით იძენენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოიკვლია, რა რაოდენობის ავტმობილები შეიძინეს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებმა. კვლევაში ინდივიდუალურადაა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის კანცელარიისა და საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს მიერ 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით შესყიდული, ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევები. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მონიტორინგის სუბიექტებმა 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდეს, რომელთა ღირებულებამ ჯამში, 61 439 788 ლარი, 16 545 081 აშშ დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა.

რამდენი ავტომობილი შეიძინეს უწყებებმა?

საქართველოს პარლამენტის აპარატს, 2011 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალება არ შეუძენია. 2012 წლის 20 დეკემბერს, პარლამენტმა დელეგაციების მიღების უზრუნველსაყოფად, "ფოლკსვაგენ პასატის" მარკის 3 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 141 660 ლარია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე, 1 258 821 ლარის ღირებულების 23 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ 1 172 182 ლარის ღირებულების 19 ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 6 ავტომობილი 2011 წელს, ხოლო 13 2012 წელს იყიდა; მთავრობის კანცელარიამ კი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2012 წლის 3 სექტემბერს შეიძინა და "ტოიოტა ლექსუსი LX570" მარკის მანქანაში 169014 ლარი გადაიხადა. მთავრობის კანცელარიამ ჩუქების სახით, 2 883 400 ლარის ღირებულების 54 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. მათ შორის, 1 - 2011 წელს, 41 - 2012 წელს, ხოლო 12 ავტომობილი - 2013 წელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 411 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 32 888 365 ლარი, 16 545 081 აშშ დოლარი და 110 000 ევროა. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი სამინისტრომ 2012 წლის 9 ივლისს იყიდა და ესაა 110 000 ევროს ღირებულების Mercedes-BenZ 500 L.MATIC Blue EFFICE. შსს-ს ჩუქების სახით 87 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რომელთა ღირებულება 2 865 860 ლარი და 627 854 აშშ დოლარია. შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შესყიდვისა და ჩუქების სახით, 1 417 047 ლარის ღირებულების 22 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. აქედან 1 176 973 ლარის ღირებულების 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად შეიძინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 114 259 ლარის ღირებულების, 75 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, მათ შორის, 70 ავტომობილი - უსასყიდლოდ გადასცეს, ხოლო 5 ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ჩუქების სახით, სამინისტრომ 2 111 152 ლარის ღირებულების, 112 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 612 697 ლარის ღირებულების 9 ავტომანქანა შეისყიდა, ხოლო 229 391 ლარის ღირებულების 9 ავტომობილი უსასყიდლოდ მიიღო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 119 290 ლარის ღირებულების 4 ავტომობილი შეისყიდა, ხოლო 190 895 ლარის ღირებულების 4 ავტომობილი სარგებლობაში გადაეცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 388 629 ლარის ღირებულების 17 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3 740 900 ლარის ღირებულების 79 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, ხოლო 233 846 ლარის ღირებულების 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება შესყიდვის გარეშე მიიღო.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 369 650 ლარის ღირებულების, 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩანაცვლების წესით, 546 254 ლარის ღირებულების 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი - 709 380 ლარის ღირებულების 15 ავტომობილი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შეძენისა და ჩუქების სახით, 726 862 ლარის ღირებულების 30 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 202 722 ლარის ღირებულების 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, მათ შორის 3 - "ჰიუნდაი სონატასა" და 1 - "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მარკის ავტომობილია. იუსტიციის სამინისტრომ 43 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა და ჯამში 1 286 620 ლარი გადაიხადა, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრომ 78 500 ლარის ღირებულების, 2 ავტომობილი შეისყიდა. თავდაცვის სამინისტრომ 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება უსასყიდლოდ უვადო სარგებლობით მიიღო შპს "იბერია ტექ ავტომოტივისა" და "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან". 2 ავტომობილი კი ჩუქების ხელშეკრულებით, სამინისტროს ფიზიკურმა პირებმა – ლევან გვენეტაძემ და არჩილ გუნთაიშვილმა გადასცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს "კია მოტორს ჯორჯიასგან", 28000 ლარის ღირებულების ავტომობილი - KIA CERATO შეიძინა, ხოლო 56 ავტომობილი უსასყიდლოდ მიიღო.

შვედეთის გენერალურ აუდიტორს ავტომობილი არ ჰყავს?!

საია-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაბამის უწყებებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება. სამწუხაროდ, საია-ს კვლევით კიდევ ტენდენცია გამოვლინდა, რაც ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და ჩუქების სახით გადაცემაში გამოიხატება. რაც მთავარია, სახელმწიფო უწყებებმა, ძვირადღირებული ავტომობილები "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით შეიძინეს. რეალურად, ეს კანონი ზოგადი სახის სამართლებრივი აქტია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებას, რაც მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.

როგორ უნდა განისაზღვროს წესი, რომლითაც სახელმწიფო უწყებები ავტომობილებს შეიძენენ, ან ავტოპარკს განაახლებენ? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ რიგითმა ჩინოვნიკებმა ძვირადღირებული "ჯიპების" ნაცვლად, შედარებით დაბალფასიანი, მსუბუქი ავტომობილებით ისარგებლონ? კონკრეტულად, რომელ თანამდებობის პირს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო მანქანა ან უნდა ემსახურებოდეს თუ არა, საერთოდ? "ვერსიას" ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრება.

- ბოლო დრომდე არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა კრიტერიუმი, რამდენი მანქანა ეკუთვნის ამა თუ იმ საჯარო უწყებას. საბოლოოდ, რიცხოვნობა განაწილების წესს არ ნიშნავს, მაგრამ ახალი საბიუჯეტო მოწყობის პირობებში, ეს ყველაფერი მოგვარებადია. სწორედ პროგრამული ბიუჯეტის პრინციპის გათვალისწინებით შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, როდესაც კონკრეტული ხარჯი, კონკრეტულ დოკუმენტში აისახება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ ვუწოდებთ ვერც უკანონო და ვერც არაეფექტურ შესყიდვას. ასეთი შეფასება რომ გავაკეთოთ, რეალური პროგრამა უნდა გვქონდეს, რომლითაც განვსაზღვრავთ, თანხა ეფექტურად დაიხარჯა თუ არა. ერთადერთი გამოსავალი პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლაა - ბიუჯეტის დაგეგმვის დროსვე გვეცოდინება, რამდენი მანქანა გვყავს და რამდენის დამატება დაგვჭირდება წლის განმავლობაში.

- არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი მანქანა უნდა შეიძინოს ამა თუ იმ უწყებამ?

- არა, რადგან პროგრამული ბიუჯეტირება ვერ განსაზღვრავს, რა მანქანა უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ უწყების კონკრეტულ ჩინოვნიკს. მაგალითად, უწყების შიგნით წლის განმავლობაში ახალი პროგრამა დაიწყო, რომლითცა ერთ-ერთმა დეპარტამენტმა დამატებითი ფუნქცია შეიძინა. დავუშვათ, ამ დეპარტამენტს უკვე ჰყავს ბალანსზე 1 მანქანა, მაგრამ ახალი პროგრამის ფარგლებში, დამატებით 3 მანქანა სჭირდება. ასეთ დროს, ძნელია, წინასწარ განსაზღვრო ავტომობილის რაოდენობა. პირობითად ჩავთვალოთ, რომ ეს პროგრამა ერთწლიანია ანუ ამ დეპარტამენტს დამატებით 3 მანქანა მხოლოდ ერთი წლით სჭირდება. შესაბამისად, მთავრობამ თავისი აზროვნება და ცხოვრების სტილი მხოლოდ პროგრამულ ბიუჯეტზე უნდა გადააწყოს. პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა კი იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი კანონით არ დარეგულირდება, რადგან ბიუჯეტი კანონია. როდესაც ბიუჯეტის კანონში ჩაწერენ, რომ მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფების პრევენციისთვის 3 მანქანაა საჭირო, მაგრამ წლის განმავლობაში 4 ავტომობილს შეიძენენ, ეს უკვე კანონის დარღვევაა.

- უწყებებში ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება საწვავის შეძენაა, ძვირადღირებულ ავტომობილებს კი გაცილებით დიდი რაოდენობის ბენზინი და დიზელი სჭირდება. ეს კორუფციის რისკს არ ქმნის?

- დიახ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ამ ტიპის შესყიდვებში სხვა სახის პრობლემაც იკვეთებოდა, მაგალითად, შსს-სა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საწვავის შესყიდვები რომ შეგედარებინათ, ნავთობკომპანიები ეროვნულ ბიბლიოთეკას 1 ლ. საწვავში 2,10 ლარს, ხოლო შსს-ს 1,80 ლარს ახდევინებდნენ. მიზეზი ის იყო, რომ ბიბლიოთეკა ნაკლები რაოდენობით, ხოლო შსს დიდი ოდენობით საწვავს მოიხმარდა. ამიტომ წინა წლებში, მთავრობა კონსოლიდირებულ ტენდერებზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთიანი შესყიდვის პრინციპით იძენს საწვავს, რაც ამ ტიპის კორუფციულ ფაქტებს გამორიცხავს.

- ვინ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის მანქანა უნდა შეისყიდოს უწყებამ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები ძვირადღირებული "ჯიპებით" დადიან?

- ამ პრობლემის მოგვარების გასაღებიც პროგრამულ ბიუჯეტშია. ყველაფერი ბიუჯეტში უნდა აისახოს, ამიტომ მთავრობის შიგნით უნდა წარიმართოს დებატები არა მარტო მანქანების რაოდენობაზე, არამედ - ავტომობილების მარკებზეც, მაგალითად, რა ტიპის მანქანა შეიძლება დასჭირდეს ამა თუ იმ უწყებას, ან რისთვის? დებატებმა პარლამენტშიც უნდა გადაინაცვლოს. ავტოპარკების განახლების საკითხი მსჯელობის საგანი უნდა იყოს. დებატების დროს უნდა გამოიკვეთოს, ძვირადღირებული მანქანა სჭირდება უწყებას, თუ ნაკლებფასიანი.

- არ შეიძლება, სამთავრობო ავტოფარეხი არსებობდეს და თუ რომელიმე უწყების რიგით თანამშრომელს ავტომობილი დასჭირდება, ამ ფარეხიდან გამოიძახონ მძღოლი?

- ბოლო დრომდე, რამდენიმე დაწესებულებაში არსებობდა "მორიგე" და "პროტოკოლური" ავტომობილი. თქვენი მოსაზრება მართალია, რაც ისევ სწორ დაგეგმვასა და პროგრამულ ბიუჯეტირებაზეა დამოკიდებული. თუ საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საკმაოდ ავტორიტეტული უწყებების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან საკუთარი ავტომობილებით სარგებლობენ, რაც სულაც არ არის სირცხვილი. მაგალითად, შვედეთის აუდიტის სამსახურის უფროსს არა თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, სამსახურებრივი მანქანაც კი არ ემსახურება და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს!

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია