სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი

სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი

მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიან საპრეზიდენტო პერიოდს ბევრი წარმატებაც ახსოვს და მარცხიც. მაგრამ ამ შემთხვევაში წარმატება და მარცხი, ძმები სულაც არ არიან, რადგან, წარმატებების კვალდაკვალ ბევრია უპატიებელი შეცდომაც. მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგები პრეზიდენტის უპირობო ღვაწლსაც აღნიშნავენ - ეს ქვეყნის ახალი მოდელის შექმნაა.

თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი: "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მარცხი იყო იმ 9-წლიანი მმართველობის ისე დამთავრება, როგორც მათ დაამთავრეს. შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესად მომხდარიყო. რაც შეეხება ყველაზე დიდ წარმატებას, დღეს საქართველო თვისობრივად ახალი ტიპის სახელმწიფოა.

პრეზიდენტის დამსახურებაა ის, რომ დღეს დაწყებულია დასავლური ტიპის ქვეყნის მშენებლობა. ის ნამდვილად არის ევროპისკენ მიმავალი სახელმწიფო. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციონალურად მდგრადი სახელმწიფოა და განვითარების რეალური მოდელი აქვს არჩეული, ესეც არის იმ პერიოდის დამსახურება, იმ რეფორმების დამსახურება, რაც 2003 წლიდან განხორციელდა საქართველოში. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა აქვე, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა უფრო ეფექტური, ნაციონალურ მოძრაობას ისე რომ არ დაესრულებინა მოღვაწეობა, როგორც დღეს დაასრულა."

ბექა ნაცვლიშვილი - ექსპერტი: "სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა და მარცხი იყო არადემოკრატიული მმართველობის ფორმა და ძალაუფლების ვერტიკალის შექმნა - ამის საფუძველზე საერთოდ არ ხდებოდა ძალების გადანაწილება არც ჰორიზონტალურად და არც ვერტიკალურად. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის ავანტიურა, რაშიც გაეხვა საქართველო და უაზრო, რაციონალურ საფუძველს მოკლებული სოციალური და პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მან გაატარა. რაც შეეხება წარმატებას, მან ასე თუ ისე მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერება. ასევე გამოვყოფ პატრულის რეფორმას. დანარჩენი - არც სოციალურ პოლიტიკაში და არც განათლების პოლიტიკაში, ჩვენ მიღწევები არ გვქონია. ცალკე სასაუბროა სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, რომელიც მის წარუმატებლობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, შეიძლება ვისაუბროთ მის წარმატებაზე ეფექტური ბიუროკრატიული აპარატის შექმნით, თუმცა პრეზიდენტი ხშირად მას ანტისახელმწიფოებრივად იყენებდა. შესაბამისად, მიუხედავად ამ რეფორმის ეფექტურობისა, ის ხშირად ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, როგორც პოლიტიკური იარაღი."

სოსო ცისკარიშვილი - პოლიტოლოგი: "მისი ყველაზე დიდი წარმატებაა მყარი საფუძვლის შექმნა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ ქვეყნის სწარფვისთვის. რაც შეეხება, მის ყველაზე სამარცხვინო ქმედებას, ეს არის ნულოვანი ტოლერანტობით შემოტანილი უკიდეგანო უსამართლობა და სამწუხაროდ, ფულის მიმართ უსაზღვო სწრაფვა. ამ შემთხვევაში, ნეგატივი გადაწონის. გარდა ამისა, შესაძლებელია არ დავუვიწყოთ მადლი, - მან შეცვალა ბევრი ქალაქის: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის, მესტიის და სხვა ქალაქების იერსახე, მაგრამ ის, რომ საკუთარ ჯიბეს სახელმწიფო ჯიბისგან ვერ არჩევდა, აბათილებს ყველა იმ კეთილ საქმეს, რაც მან გააკეთა."

2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის 5 ინვარი და 2008 წლის 8 აგვისტო - პრეზიდენტის ყველაზე დიდ მარცხს ეს სამი თარიღი გამოხატავს.  თუმცა კურსი, რომელიც სააკაშვილმა ქვეყნისთვის სამომავლოდ აიღო, თითქმის ყველა ექსპერტისთვის მისაღები აღმოჩნდა.

ნათია ოსანაძე, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა